2:28 PM მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ | |
მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,
იმ წარსულის ყველაფერი, მოვიგონოთ იმ ოქროში გადამდნარი დილის ფერი. მოვიგონოთ, რომ ნაღველის არც მისხალი გულში ჩანდეს, ბორჯომიდან გზა ხვეული მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს. ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში ჩვენი კვალის ნაფეხურსა?- წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით ვაზის ფურცელ გახვეულსა. გრიალებდნენ ჩანჩქერები აზელილი მარჯნის სხივით. ხმა მყივარი ჯიბრაილი აყრუებდა ჩანჩქრის შხივილს. შორს აწყურის ციხე ჩანდა, წააბნელა ორბის ფრთამა, ალუბალის ფანტელებში ვიგონებდით: ნინას, თამარს. უცბათ ფეხით მომავალი, როგორც ქართლის ჯიოკონდა, გამობრძანდა ეთერ-ქალი, საქართველო თან მოჰქონდა. ავადმყოფი აბესალომ ჩვენ მოგვყავდა ნამტკივარი; მხოლოდ მოხუც მებადურსა იმედად-ღა ჰქონდა მტკვარი. გამარჯვებას მოელოდა ახლა მხოლოდ ნაუცბადევს, ღამე-ბინდზე ცახცახითა წყალს ესროდა გაშლილ ბადეს. ყველა სროლა ფუჭი იყო, შერცხვენილი დაგვემალა და ფარულად მისტიროდა ოსტატობის გამქრალ ძალას. ჩვენ კი... ლექსით ცასა ვხედვით, ვერ გვიძლებდა ვერაფერი, დაგვდებოდა-იმ ოქროში გადამდნარი დილის ფერი, მართლა გვქონდა ჩვენ ის ძალა, ცოცხალია ან აქამდის? რატომ იმ დღის ოქროს დილას ოქროს ქვებად არ გავქვავდით?! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |