7:42 PM მე ვარ გოლიათი | |
მე ვარ გოლიათი და მე ვარ
მკვდარი. ე. ი. მკვდარი გოლიათი ვარ. ჩემი ნარჩენი გდია მდინარეში, რომელსაც ჰქვია მტკვარი. უფრო სწორად: ვწევარ ძალზე უხერხულად, თავით ქვიშას ვეხები, ხოლო უცნაურად
გაღუნული ტანი და ფეხები წყალში მაქვს
ჩაყრილი. თვალები ღია დამრჩენია... სამყარო იმეორებს ჩემი ქუთუთოების ხაზს. უფრო სწორად: სამყარო იხედება ჩემი მკვდარი ქუთუთოს
თაღში. მეორე თვალი აღარა მაქვს — ჩიტმა წაიღო სახლში (ჩიტი ახლა სამი
თვალით უმზერს სამზეოს). თვალის ადგილას
გამოკვეთილ გამოქვაბულში ჩასახლდა ციცქნა
კიბორჩხალა. ის ემალება ბორჯღალს და უყვარს სისუფთავე — ტვინს აცლის
კეფას. დგას აპრილი, ქათქათებს რიყე, თოლია და ჩემი კბილები — გამუდმებით ვიღიმები — შიშველ
ფეხისგულებზე მეხება ხავსი და მეხებიან
თევზის შვილები... დგას აპრილი, შეიძლება, მარტი... მე ვწევარ მარტო და დიდ წვიმებს
ველოდები. ველოდები დიდ ავდარს მთაში... უფრო სწორად: ველოდები დიდ წყალდიდობას — როდემდე უნდა ვეგდო რიყეზე, მე ხომ მკვდარი გოლიათი ვარ, ჩემი ადგილი არის ზღვის ფსკერზე — სისხლისმსმელი თევზების ბაღში...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |