Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » სიკვდილის ჭეშმარიტება
8:02 PM
სიკვდილის ჭეშმარიტება
არაფერი სტკიოდა, მხოლოდ სისუსტეს გრძნობდა ტანში. გრძნობდა, როგორ უდუნდებოდა ხელ-ფეხი, ეხუჭებოდა თვალები, თითქოს რაღაც უსაშველო სიმძიმე ჩამოწოლია ქუთუთოებსო, გრძნობდა როგორ უნელდებოდა გულისცემა, ოდესღაც მჩქეფარე სისხლის დინება. არ გმინავდა, არც კვნესოდა, იმიტომ კი არა, რომ არ სტკიოდა, უბრალოდ სხეულის არც ერით ნაწილი მას არ ემორჩილებოდა.
იწვა ასე უძრავად, უაზროდ მიჩერებული ჭერს. პატრონის ერთგულება მხოლოდ თვალებსღა შერჩენოდა და ავადმყოფიც დაუღალავად ამოძრავებდა მათ, რაც, დიდ შვებას გვრიდა. რაც ჭეშმარიტს ყოფდა, რომ იგი ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო. ეს თვალები რაღაც ნაცნობს ეძებდნენ, რაღაცას ჩხრეკდნენ და აი, ისიც ~სიკვდილის ლაქა` ჟამთა სვლისაგან გაშავებულ ჭერს რომ ეტყობოდა, საოცარია, როგორც კი დაინახა ლაქა პირევლად, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ნამდვილად სიკვდილის გამოსახულება უნდა ყოფილიყო. მართალია ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გაარჩევდა კაცი გამოსახულების სახეზე გრძელ ცხვირს, ბოროტებით აღსავსე თვალებსა და ორად გადაგრეხილ ტუჩებს. ხელში გამოსახულებას ჩანგალი ეკავა. ზურგზე წამოსხმული ლაბადა კი შავ აფრასავით გამობეროდა. ეს გამოსახულება კაცმა 30 წლის წინათ ნახა და მას შემდეგ ხშირად დაცინვით უთვალიერებია. ბოლოს ისე მიეჩვია, რომ ჩვეულებად გადაექცა კიდეც ძილის წინ მასთან ლაპარაკი. შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ კაცი და გამოსახულება. ალბათ, ამან გამოუმუშავა კაცს ის აზრიც, რომ ადრე თუ გვიან ისიც უნდა მომკვდარიყო და საჭირო იყო ამასთან შეგუება...
ოთახის კარი გაიღო. ვიღაცა ჩუმად შემოვიდა და ჩამოჯდა სკამზე, ამ მოვლენას ავადმყოფი ალბათ ყურადღებას არც მიაქცევდა, რომ უცნაური რამ არ მომხდარიყო. უცებ თვალებში სინათლე მოემატა, გამშრალი პირი ნერწყვით აევსო, და იძულებული გახდა, გადაეყლაპა, რამაც დიდი სიამოვნება მოჰგვარა. ხელ-ფეხიც ნელ-ნელა აამოძრავა. ახლა კი შეხედა სკამზე ჩამომჯდარ კაცს და ... კაცი იჯდა გაშეშებული, გრძელი, ყვითელი ხელები მუხლებზე დაეწყო და სადღაც შორეთში იმზირებოდა. თვალები იმდენად ცივი და უგრძნობი იყო, რომ იფიქრებდით, ამ კაცმა რომ შემომხედოს, სუსხი კანს ამიწვავსო. თითქოს კაციც გრძნობდა ამას და განგებ არიდებდა მზერას ავადმყოფს. სახის კანი კაცს მიტკალივით გადათეთრებოდა, თან რაღაც საშინელი სიმწვანეც შერეოდა. ასეთივე ფერის ტუჩები, რომლებსაც ძლივს თუ გაარჩევდით სახის სხვა ნაწილებისაგან, რაღაც სიმწარით მოეკუმა, თითქოს რაღაცის თქმა სურს ტუჩებს, მაგრამ გარედან ვიღაცის უხილავი ხელი მიფარებიაო. თეთრი პერანგი და ხაკისფერი შარვალი-კოსტუმი უფრო თვალსაჩინოს ხდიდა მის სიფითრეს.

_ მოვედი!...

_ მაგრამ თქვენ ვერაფერს მიშველით. მე უკვე საკმაოდ მაწამეთ თქვენი წამლებით. მე კი ეს არ მსურს. მე უკვე სიკვდილის მონა ვარ და მშვიდად სიკვდილი მაცალეთ, _ წარმოსთქვა სხაპასხუპით ავადმყოფმა, რომელიც არწმუნებული იყო, რომ მის წინ კიდევ ერთი მკურნალი იჯდა. უცნობის სახეზე რაღაც ღიმილისმაგვარი გამოისახა. ეს ფუნქცია მხოლოდ ტუჩებმა განახორციელეს, სახის სხვა ნაწილი კი ისევ გაქვავებული დარჩა.

_ ძალიან მასიამოვნე, რომ თავი უკვე ჩემს მონად აღიარე. შენ, ვხედავ, განსხვავდები შენი თანამოძმეებისაგან, უკვე შეგუებული ხარ ჩემს მოსვლას, რა მელოდი?! _ გველივით სისინა ხმით წარმოთქვა ~მკურნალმა`.

ავადმყოფი გაშრა... მხოლოდ წუთით მოიცვა მისი გონება სიბნელემ, უცებვე გამოერკვა. არავითარი შიში არ უგრძვნია, მხოლოდ ინტერესით შეჰყურებდა ახალგაცნობილ ~სიკვდილს` .

_ ხო! მაგრამ ასეთს არა.

_ ჰმ, _ ჩუმად ჩაიცინა ისევ სიკვდილმა, _ ჩემი მოსვლა ყოველთვის ყველასთვის ყველაფრით მოულოდნელია.

_ არ გეგონოს, შევშინდი, უბრალოდ, მე სულ სხვაგვარი წარმომედგინე.

_ ვიცი, ვიცი, ~ლაქამ გიმტყუნა`. ლაბადა და ჩანგალი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ახლა სიკვდილი ყოველნაირად ცდილობს, ადამიანს დაემსგავსოს გარეგნულად. განა შენ თვითონ ექიმად არ ჩამთვალე?

_ ადამიანს ჰა, ჰა, ჰა, _ ავადმყოფი ამ სიტყვებმა უცნაურად გაამხიარულა და ისტერიული სიცილი აუტყდა.

სიკვდილმა თავისი საუბრის განმავლობაში პირველად მოაბრუნა სახე და თვალებში ჩახედა ავადმყოფს. მან იგრძნო, როგორ გადაიწრიტა მისი სული სიკვდილის თვალებში და როგორი სინათლე შემატა ამან სიკვდილის უგრძნობ თვალებს. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს დიდი ხანია შეგუებოდა, ავადმყოფმა ინსტიქტურად მაინც გაიბრძოლა მის წინააღმდეგ. იგი ცდილობდა, შეეჩერებინა ის ტკივილი ფეხებიდან რომ შეაცოცდა და აგერ ყელამდე მოსულიყო უკვე. იგი თითქოს გრძნობდა, რომ ამ ტკივილს თან მისი სიცოცხლე მიჰყვებოდა. სიცოცხლე, რომელიც ესოდენ ძვირფასი იყო მისთვის. სიკვდილმა თითქოს იგრძნოო ადამიანის ეს უსაზღვრო სწრაფვა, თავი მიაბრუნა და ტკივილებიც გაქრა.

_ გამოგცადე. შენც ისეთივე ყოფილხარ, როგორც სხვა ადამიანები. საოცარია, მე ისეთი ადამიანი ვერ ვნახე, რომ ჩემთან შეხვედრა უხაროდეს და სიცოცხლის დატოვება კი არ ენანებოდეს. აი შენ, ხომ დიდი ხანია მიცდი, მოვედი კიდეც, შენ კი მაინც ამ უმაქნის სიცოცხლეს ებღაუჭები.

ავადმყოფს თითქოს შერცხვა თავისი ბუნებრივი ლტოლვისა.

უხერუხულად გაიღიმა და სიკვდილს მიუბრუნდა:

_ ადამიანს სიცოცხლისაკენ ლტოლვას შენს მერეც ვერ აუკრძალავ. ადამიანის სიკვდილი ათას სიცოცხლეს აძლევს დასაწყისს, რომელთა მოსპობა შენ არ შეგიძლია. აფსუს, ადამიანი შენსავით უკვდავია რად არ არის?!

სიკვდილმა ისევ ბოროტად ჩაიღიმილა:

_ შენ როგორ გგონია. მხოლოდ მცენარეები, ცხოველები და ადამიანები ცოცხლობენ? ცდები, სიკვდილიც იბადება და კვდება ხოლმე. იბადება 100 წელში ერთხელ და კვდება 100 წელში ერთხელ.

_ მაშ, შენცა გყავს სიკვდილი?

_ მყავს.

ორივე გაჩუმდა. ადამიანის გონება გამალებით მუშაობდა:

_ კი მაგრამ ერთი ეს მითხარი, ვინ გბადებს, ან ვინ გკლავს?

_ ადამიანები!

_ ადამიანები???

_ დიახ. ადამიანები ბადებენ სიკვდილს და კლავენ კიდეც მას. ადამიანმა დაბადებისთანავე დაბადა სიკვდილი და სიკვდილისთანავე დაბადება. განა შენ თვითონ არ თქვი, რომ შენ კვდები, მაგრამ დასაბამს აძლევ სხვა სიცოცხლეს. განსხვავებულს, მაგრამ მაინც სიცოცხლეს. ადამიანმა შეისისხლხორცა მისი ცხოვრების გზაზე ორი თანამგზავრი: სიკვდილი და სიცოცხლე, თუმცა უპირატესობას სიცოცხლეს ანიჭებს, რადგან ადამიანი ხარბია და ყველაფრის მდომი. უნდა ყველაფერი ნახოს, ყველაფერი გასინჯოს, ეს კი მის სიცოცხლეში ვერ ეტევა. დატევით კი, სიკვდილი უფრო მეტს იტევს, ვიდრე სიცოცხლე. სიცოცხლეს ყველა სიხარულით ხვდება. სიკვდილისა კი ყველას თუ არ ეშინია, ეზიზღება და ძულს მაინც. ადამიანთა ეს სიძულვილი კლავს სწორედ სიკვდილს. შიში კი ~სიცოცხლეს` გვიხანგრძლივებს, თუმცა 100 წელზე მეტს მაინც ვერ ვცხოვრობთ. საუკუნეში ერთხელ იბადება სიკვდილი, რომელიც ცდილობს დაემსგავსოს ამ საუკუნის ადამიანს.

მე შენს წინაშე ვარ ძლიერი, მაგრამ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შურს იძიებს ყველა თქვენს მაგივრად და მეც უკანასკნელ სიკვდილს ვიხილავ. ამიტომაცაა, რომ სიკვდილი ცდილობს, დაემსგავსოს ადამიანს და დათქმულ დრომდე არ გენახებათ ხოლმე.

აი, რატომ გავს სიკვდილი ადამიანს. მხოლოდ ტანსაცმლით, სახით, გარეგნობით, მაგრამ იგი მუდამ ერთნაირად კვდება ადამიანის ზიზღით.

_ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ჩემი საიდუმლოება გავანდე, რადგან მაინტერესებდა რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ადამიანებზე სიკვდილის ჭეშმარიტების შეცნობა. ჭეშმარიტების შეცნობით თქვენ თურმე უფრო საშიში ხდებით. დაე, სიკვდილი ფლობდეს სიცოცხლის საიდუმლოებას _ ავისმომასწავლებლად გაისმა ხმა.

უცებ ავადმყოფმა თავი წამოსწია, თვალები უცნაურად უელავდა, უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მის ბაგეებს მოსწყდა და ცა გადაიქროლა, ასეთი იყო:

_ ადამაინებო! გძულდეთ სიკვდილი. იგი მოკვდავია.
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1282 | დაამატა: LoTi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.