Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » შეხვედრა ბატონ მ–სთან
7:48 PM
შეხვედრა ბატონ მ–სთან
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ. დღეს ბატონ მ–ს შევხვდები. თავად იმ ბატონ მ–ს, რომელთან შეხვედრას მთელი ჟურნალისტური კოლექტივი უკვე წელზე მეტია ცდილობს. ლატარიაში არასდროს მიმართლებდა და დღეს, დღეს ღმერთი აშკარად ჩემს მხარეზეა.
5–ზე მოდიო, ასე მითხრა მისმა მდივანმა. ჩემს მაჯის საათზე ჯერ სამის ნახევარია. ასე რომ, სასწრაფოდ სახლში უნდა გავიქცე და სათანადოდ მოვემზადო, რათა არ დავაგვიანო.

***
უზარმაზარი რკინის შავი ჭიშკარი სრულიად ფარავდა შიდა ეზოს. თვალი ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა დაენახა რა ხდებოდა შიშისმომგვრელი ფასადის უკან.
მივუახლოვდი შესასვლელს . მოულოდნელად გარეთ გამოვიდა მაღალი,მხარბეჭიანი კაცი. შარვალ–კოსტუმში გამოწყობილს თვალებს მზის სათვალეები უფარავდა.
_ აჰა... ესე იგი, თქვენა ხართ ქალბატონი ლია – ინტერესით შემათვალიერა თეთრ ბოტასებიანმა დაცვამ და კოლეგას გადასძახა– გაყევი სასახლემდე!
მოვიდა მეორეც. იქნებოდა სადღაც 34–36 წლის, დაბალი ტანის, სუსტი და სერიოზული გამომეტყველებით.
_ წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო. თქვენ მართლა გაგიმართლათ .
_ მადლობა... მაგრამ, რატომ მაინცდამაინც მე მხვდა წილად მასთან შეხვედრის პატივი? –ინტერესით ვეკითხებოდი და თან თვალს ვავლებდი პატარა სამოთხეს.
_ ბედისწერა ქალბატონო... – თბილად გამიღიმა და თითი კარებისკენ გაიშვირა– აი იქ, ახვალთ 5 საფეხურს და კარების მარჯვნივ, კედელზე, დაინახავთ წარწერას_ „როგორ ხარ?" ,მის ქვემოთ იქნება 3 სავარაუდო პასუხი და შესაბამისად სამი ფერის ღილაკიც,რომელსაც ამოირჩევთ იმის მიხედვით წარიმართება შემდეგ ვითარება.ნახვამდის.
დამარიგა და მყისვე შეტრიალდა. არაფრის დაკონკრეტების საშუალება არ მომცა.
ავღელდი... კიბეები ისე ამოვიარე, აღარც მახსოვს.
_ ესეც წარწერა „როგორ ხარ?". სავარაუდო პასუხები: მწვანე ღილაკი_ „წყალივით", შავი _ „მზესავით" და ნარინჯისფერი _ „ხესავით". მდა...–2 წუთი ფიქრის შემდეგ დავაჭირე ნარინჯისფერს .
მცხელოდა საშინლად.ზარის ხმის გარეშე მოულოდნელად გაიღო ხის კარები.
_ შემობრძანდით, ქალბატონო, რა კარგია რომ არ დაიგვიანეთ. აქ ვერ იტანენ დაგვიანებას.
_ გმადლობთ–გავუღიმე თავაზიანად– მაგრამ, რატომ ყველაფერი ასე უცნაურად ბატონო...
_ მსახურო, ასე მომმართეთ, „მსახურო".
_ როგორც ინებებთ. რატომ ყველაფერი ასე ჩახლართულად?
_ მე ვერაფერს გეტყვით! შებრძანდით ბიბლიოთეკაში და რამდენიმე წუთში ბატონ მ–ც გამოჩნდება. შეხვედრისას ყველაფერს გაიგებთ – უსიტყვოდ დავემორჩილე.
ამდენმა გაუგებრობამ ცოტა არ იყოს გამაღიზიანა... მკითხველო,
წარმოიდგინეთ, როგორ მახრჩობდა ცნობისმოყვარეობა, როგორ მიჭერდა ყელზე თავის ძლიერ თითებს, მე კი მშველელად ჯერ ვერავის ვხედავდი. ვგრძნობდი, ცოტა კიდევ უნდა მომეთმინა, სულ ცოტა ხანი, სულ რამდენიმე წუთი,წამი და პირადად უნდა გამეცნო ის დიდი ქველმოქმედი, რომელმაც ჩადენილ კეთილ საქმეებთან ერთად სახელი თავმდაბლობითაც გაითქვა. მხოლოდ ამის წარმოდგენა მამშვიდებდა.

***
ბიბლიოთეკა უზარმაზარი იყო. წიგნებისა და ხის სურნელი საოცრად მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა. ფანჯრებიდან ბუნების ლამაზი პეიზაჟი იშლებოდა: ნისლის მანტიაში გახვეულ მიწის ბისკვიტს მზე თავზე გვირგვინად ადგა, მწვანე მდელოებს მდინარეები კაწრავდნენ, ხეები ერთ ადგილას ჯგუფურად ცეკვავდნენ ქარის დაკრულზე და თავიდან თოვდა ... თბილი თოვლით თოვდა...ყვავილების ფურცლები თოვდა...
ერთხანს ვუცქერდი ღვთის მიერ დედამიწის ერთ პატარა ნაგლეჯ ტილოზე დახატულ შედევრს და შემდეგ მზერა საათს დავუმიზნე „ უკვე 7 დაიწყო. სად არის ნეტა ამდენ ხანს? იმედია მალე მოვა. უთუოდ, რაღაც საჩქარო საქმე გამოუჩნდებოდა,ან თუ ასეა, მსახურს მაინც მოვეკითხე ამდენი ხნის განმავლობაში..." ამ ფიქრებში დავტკეპნე მთელი ბიბლიოთეკა. იქეთ–აქეთ დავდიოდი დროის მოსაკლავად და ბოლოს თავს უფლება მივეცი რესპოდენტის მოსვლამდე მოვკალათებულიყავი ტყავის სავარძელში.
ჩემ წინ, ხის მაგიდაზე, წყლით სავსე ჭიქა იდგა წარწერით „ლიასთვის", ჭიქის გვერდით ყავისფერყდიანი თხელი წიგნი იდო სათაურით „ნუკრიდან მ–მდე", ავტორით დავინტერესდი
_ ბატონი მ ?! ვა, მწერალიც ყოფილა,– ვთქვი ჩემთვის და წიგნი ხელებში მოვითავსე.
ფრთხილად გადავშალე მე–3 ფურცელი. ტექსტს ეპიგრაფად უძღვოდა: „ჩემი ცხოვრება სიკვდილით დაიწყო და სიცოცხლით მთავრდება". ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. ვხვდებოდი,რომ გული უკვე ვეღარ ისვენებდა ნეკნებში და მის დასაოკებლად კითხვას შევუდექი.

***
მე არ ვაპირებ მოგითხროთ რა ეწერა იქ, რაზე ან ვისზე იყო საუბარი. ფაქტი ერთია,
რომ 120 წუთიანი კითხვის შემედეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გაოგნებული ავდექი და ჩუმად გამოვემართე სახლისაკენ.
გასასვლელთან მისულს მოსამსახურე გამომეგება. მან კარი გამიღო. დამშვიდობების ნიშნად თავი დამიხარა და თავაზიანად,სრული სერიოზულობით მომახსენა:
_ ბატონი მ–სთვისაც სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. კარგად ბრძანდებოდეთ!
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 949 | დაამატა: LoTi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.