5:35 PM სასიყვარულო ლექსები | |
ო, სიყვარული რარიგ ნაზია სიცოცხლის ბოლოს, სიბერის ზღურბლზე, გამოსათხოვარ შუქით ანთია დაისის მზე და აწითლებს ღრუბლებს. ცა ჩამობნელდა. შორს, დასავლეთით ძლივსშესამჩნევი სინათლე როკავს. ნუ მიმატოვებ, მშვენიერებავ, შემოღამებავ, მაცალე ცოტა. აღარ ჩქეფს სისხლი. გულს ავსებს ნდობა, სევდა - უსიტყვო და უსახელო... ნეტარებაც ხარ, უიმედობაც, შენ, სიყვარულო უკანასკნელო! • • • თედორე ტიუტჩევი თარგმანი რუსულიდან - ლელა მეტრეველი - ვიცი, რომ დღესაც მარტო არა ვარ – შენი კეთილი თვალი დამყურებს. ივსება შენი სუნთქვით კარავი და აკანკალებს ქარი საყურეს. გცივა? - ჩემ მხარეს ადრე მოადგა ცივი წვიმების მძიმე კოჰორტა. ვეღარ ვიხსენებ ან რა დროა და ან ყვავილები ვისთვის მიმქონდა. შენთვის? მაგრამ შენ მხოლოდ ფიქრი ხარ, ფიქრის თმები გაქვს, ფიქრის თვალები. და სიყვარულიც ისევ გვიხმება, რომელიც დიდხანს ვზარდეთ წვალებით. ნოემბერი კი უფრო აურევს, დამძიმებული ღრუბლის ტრაურით მოიხსნი ბეჭდებს, ყვირფას საყურეს და ხელუკუღმა ქარს გადაუყრი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |