Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » გავხდები შენი რიგითი წუთი
5:17 PM
გავხდები შენი რიგითი წუთი

* * *
გავხდები:შენი რიგითი წუთი, 
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე, 
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, 
მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე. 

გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით, 
შენი ხელ-პირის დაბანა დილას, 
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, 
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა. 

გავხდები:შენი მეზობლის წყევლა, 
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, 
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად 
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი. 

გავხდები:შენი ერთგული ჩანთა, 
სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი, 
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან, 
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი. 

გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა 
და ქვაფენილის სველი ლაქები, 
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა 
თავზე ხელების შემოლაგებით. 

გავხდები:შენი გამოცვლა კაბის, 
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა   
აბაზანაში ღრუბელი ქაფის. 
 და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

 
გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის, 
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა, 
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი, 
ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა. 

გავხდები:დილის პირველი ყავა 
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო, 
წარსული,რომელიც გაგიხდა ავად, 
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს. 

გავხდები:შენი მაგიდის წიგნი, 
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს, 
ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ, 
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს. 

გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი, 
კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი, 
ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი, 
ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი. 

გავხდები:შენი თამბაქოს სუნი, 
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული 
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი. 

გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის, 
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით. 
გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ? 
ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი... 

გიორგი ზანგური

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 744 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.