Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » გ ა მ ო ი გ ო ნ ე თ სათმაშო
7:55 PM
გ ა მ ო ი გ ო ნ ე თ სათმაშო
მე ბეკი ვარ, - რებეკა.
დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს...
რა ჩემი ბრალია თუკი დაკვირვება მიყვარს და ყველაფერს ვამჩნევ. სულ მაფრთხილებენ
ტყუილი არ თქვაო და რაღატომ სწყინთ როცა სიმართლეს ვამბობ?!
მაგალითად, იმ დღეს, ექიმი ბრონსონი გამინაწყენდა, რას მერჩოდა ვერ მივხვდი! სულ ცოტა ვისკი დალია-მეთქი...
მერე რომ სკამზე ჩაეძინა და მთელი ღამე თავისუფლად დავსეირნობდით მე და ჩემი მეგობრები დერეფანში, ეგ ხომ არ მითქვამს?!
აქ ზოგი ჩივის, ზოგი მოსთქვამს , ზოგი სიცილ-სიცილით დადის, ზოგი - კედელ-კედელ, ხანდახან, პერანგი გვაცვია მკერდთან გადაჯვარედინებული ხელებით და ვირწევით სკამზე.
მე ბეკი ვარ,-რებეკა. დიდზე დიდი ხნის წინათ დავიბადე, მაგრამ ბავშვი ვარ ჯერ, მწყინს როცა მოხუცს მეძახიან!
ახლა ვთამაშობ, მამას რომ დედოფალა უნდა ეყიდა - სწორედ იმით...
იმაზე ბევრად ლამაზია, რაც მაღაზიის მაღალ თაროზე იდო. გრძელი ჰარი მაბრაზებს,
სულაც არ არის საყვარელი და საერთოდ არ გამოვაჩენდი შენს ადგილასო!
კი ვბრაზობ ჰარიზე, მაგრამ ეგ ხედავს მაინც. აბა, ექთანი მარტინა შემოვა და სწორედ იქ მოუნდება ჩამოჯდომა, სადაც ჩემი დედოფალა დავაძინე, ვინ მოსთვლის რამდენჯერ გადავარჩინე. გაგიმხელთ და არ მიყვარს მარტინა, არავის უყვარს! სულ იმის ცდაშია ერთ ადგილას მიგვაჯაჭვოს, მე კიდევ ვერ ვჩერდები მშვიდად.
დედამაც იცის და მოუსვენარი ხარო, სულ ამას მსაყვედურბს. ჭკვიანად ვზივარ და... ხომ არაფერი გჭირსო, ექიმებს ეძახიან... ვერაფერი გამიგია და ვერაფერს ვხვდები...
ამ ბოლო დროს, სულ მარტო მინდა ყოფნა. ვინ დაგაცდის ! მომკიდებენ ხელს და
მიმგვრიან ვიღაც წვერიან, სათვალეებიან მოხუცს, მგონი, პროფესორი ჰქვია. ყოველთვის
ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამს.
აღარ ვბრაზობ, მოხუცია და უჭირს დამახსოვრება.
სახელი - ბეკი, რებეკა.
გვარი - პატარა ვარ ჯერ, ვერ ვიმახსოვრებ.
ასაკს მკითხავს. - ვუპასუხებ. - უკვირს სულ.
ბოლოს, მოხუცი კაცი - სახელად პროფესორი, მხრებს იჩეჩავს და ამბობს საუბრის დასრულების
მომასწავებელ, ჩემს უსაყვარლეს სიტყვას - "შედეგი არ არის" ან "უიმედოა” და ბედნიერი ვდგები სკამიდან, რომელზე ჯდომის დროსაც, ჩემდაგასაკვირად, ფეხებს იატაკს ვაწვდენ, ვემშვიდობები მოხუცს შეძახილით "შედეგი არ არის!”.
დიდი ხნის აკრძალვის შემდეგ დედა რომ ეზოში მიშვებს პირველად, მაშინაც ზუსტად ასე მიხარია ...
ერთადერთი, ვინც ამ მოწყენილ წუთებს მიმსუბუქებს – ჩემი დედოფალაა! თეთრი ადამიანები სულ ერთსა და იმავეს მეუბნებიან, არ გვინახავს ეგ შენი დედოფალა, რომელიც მამას უნდა ეყიდა! არ გვინახავს და არც არსებობსო!
მე რომ ვმალავ – იმიტომაც არ გინახავთ! აი, ეგრე!
თორემ, აბა, გრძელ ჰარის ჰკითხეთ!
მოკლედ, ჩემს თოჯინაზე მეტს აღარ ვილაპარაკებ. ჩემია და მორჩა! ვერავინ წამართმევს მის არსებობას!და თუ მასზე აღარ ვილაპარაკებთ, მაშ აღარც არაფერი მქონია სათქმელი.
თან, ჩემი მეგობარი უნდა მოვიდეს, გრძელი ჰარი, ასტრონავტი, იცით რამდენი კომეტა უნახავს?!ერთი ცალი 437 წლის წინათ დაუჭერია და ძლივს გაუხედნავს. ისე მიყვება ხოლმე ამ ამბებს, მის მოსმენას არაფერი სჯობს. დღეს ერთ პლანეტაზე უნდა მიამბოს, სადაც, თურმე, თეთრი ადამიანები არ არსებობენ და აბებს არავის ასმევენ.
დედაც ასე მიამბობს ხოლმე ზღაპრებს.
მარტინას ნაბიჯებს ვცნობ... მარტინაც თეთრი ადამიანია...
ახლა, ალბათ, საათის დიდი ისარი 12-თანაა, პატარა – 9 – სთან.
რებეკამ ჯადოსნური ფხვნილი უნდა დალიოს. როგორც თვითონ მარტინა ეძახის - მოსაჭკვიანებელი საშუალება.
მე მაინც მეყოლება დედოფალა... ყოველთვის ვიქნები ასეთი ერთი თითის ხელა.
მე "პატარა” გავიზარდე და სულაც არ მანაღვლებს და არ ვფიქრობ იმაზე, ვინ არის
ის ჭაღარა, წყლიანი თვალებით მომზირალი ქალი ფანჯრის მინიდან.
* * *
მე ბეკი ვარ,- რებეკა!
გპირდებით, არავის ვეტყვი ჩემმა მონათხრობმა ასე რომ დაგაბნიათ.
ახლა, თავად განსაჯეთ, მართლა მაქვს თუ არა გრძელი ენა!
"შედეგი არ არის”, "უიმედოა”!!! - გემშვიდობებით და არ მოიწყინოთ!
გ ა მ ო ი გ ო ნ ე თ სათამაშო!
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 984 | დაამატა: LoTi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.