Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 27 » უცხოა ქალაქი
11:33 PM
უცხოა ქალაქი
უცხოა ქალაქი, რომელშიც დაგეძებ,
როგორც დაეძებენ ქარები ფოთლებს...
უცხოა ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ,
მისი საზღვრები კილომეტრებით
არ იზომება.

დაგეძებ ქალაქში,
რომელშიც დავდივართ,
რომელიც სავსეა მზითა და ავ_კარგით...
რა ძნელად შეგხვდი და დაგკარგე ადვილად
ქალაქში,
რომელმაც საზღვრები დაკარგა...

ქალაქში ქალაქი... შენი და ჩემია!
და ისევ გიმღერებ... დღეს თუკი გადავრჩი,
შენ, ჩემო, ქალაქში დაკარგვა გჩვევია...
მე კი ვიკარგები შენში... ვით ქალაქში...

* * * * * * * * * * *
უცხოა ქალაქი,
რომელშიც დავდივართ
ერთი გზითა და სხვადასხვა მიმართულებით...
დღეს სხვა გზა ავირჩიეთ:
მე ვჩერდები...
შენ გარშემო მივლი და მივლი...
მერე იცვლება ადგილები...

და(მ)იმახსოვრე!

შენი ბრალია, ეს თამაში შენ წამოიწყე
გაუფრთხილებლად,
წესები არ მასწავლე...
არც თამაშის სახელი მითხარი...

სანამ შენი სიმუნჯის სიტყვებს ვიპოვნიდი,
ასჯერ დავიკარგე,
ასჯერ მოვკვდი!
ყორნებმა დამფლითეს და დამანაწევრეს...
მოხვედი და მომაგროვე,
სული ჩამიდგი...
ხმა მომეცი და მითხარი:
”ილაპარაკე!
როცა ჩუმდები, მე შენს გზას ვკარგავ...”
და როგორც კი მიპოვნეს სიტყვებმა,
როგორც კი ჩემი გაწყალებული სისხლი გაწითლდა,
მე გითხარი:

მელაპარაკე!
.................................................
შენი სიმუნჯე ჩემი გალიაა,
რომელშიც ასე თავისუფალი ვარ!
ჩემში მეტყველებს შენი დუმილი...
შენ უხმაუროდ მიტოვებ კითხვებს,
რომლებზეც პასუხი არ გაინტერესებს
და მიდიხარ...
ვცდილობ გავიგო, რა მანძილია,
რაც ჩვენ გვაშორებს _
ორი მაგიდა და რამდენიმე ფიტულია ადამიანის,
რომლებიც ხმაურით ავსებულან,
რათა ჩვენი საიდუმლო
დარჩეს ფარული.

რა მანძილია, რაც ჩვენ გვაშორებს?
რამდენი სიტყვა ჩაეტევა,
რომ გამოვუშვა?
ანდა, რამდენი დრო დასჭირდება
შენამდე მოსვლას...?

ჰო... ეს ამბავი დროში არ ხდება!
დრო არ გვაშორებს,
ერთ დროში ვცხოვრობთ....
რადგან სიტყვები ერთდროულად იბადება
შენში და ჩემში...
მანძილი კი პირობითია...
შეგვიძლია შევკუმშოთ ან გავაფართოვოთ...
.......................................................

ეს უცხო ქალაქი შენი და ჩემია,
ათასჯერ მოვკვდით და ათასჯერ გადავრჩით,
შენ, ჩემო, ქალაქში დაკარგვა გჩვევია...
მე კი ვიკარგები შენში... ვით ქალაქში...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 785 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.