Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 17 » ნიკო ლორთქიფანიძე
2:42 AM
ნიკო ლორთქიფანიძე


მიყვარს ჭექა-ქუხილი, როცა არ იცი რას მიეკედლო, როცა დიდი ხე საშიშარია - მეხი არ დაეცეს; მინდორ-ველში კი მარტოობით სული გეხუთება; გრიგალი ქარი მოტაცებას გიპირებს და თვალში გაყრის, რაც მიწას ვერ შესისხლხორცებია; ზევიდან ბნელად დაგყურებს შავი ღრუბელი, ქვევით კოჭებამდის გირტყამს ნიაღვარი. 

ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ჩქეფს სისხლი, გავიწყებს წვრილმან უსიამოვნებას, ცდილობ როგორმე სიკვდილს გადარჩე. 

მიყვარს მოწმენდილი ცა; ნიავი ოდნავ ეკარება შუბლს; ზურმუხტ ცას მზის შუქი აღიმებს; მწვანე ბიბინებს დამატკბობელად: ხეები ნაზათ იხრებიან, ვით „ჩამოვლის" დროს მოლეკურე მეგრელის ქალი. ჩიტები სხვადასხვა ჰანგზე უმღერიან თავიანთ სატრფოთ; წყნარათ მიდუდუნებს აცისკროვნებული მდინარე. 

გიტაცებს სიამე ქვეყნისა, შენს გულს იმედს ჰგვრის ბუნების მეჯლისი; ასწილ ნეტარებით გადახდილი მწუხარება ითრგუნება, ქრება! 

ოხ, ბედო, რათ მაგდებ მუდამ უღიმღამო ბუნებაში! მოღრუბლულა, მხოლოდ აქა-იქ დარჩენილა მოწმენდილი ცის ნაჭერი; მიზოზინებს ღრუბელი და ოდნავ მანათობელ მთვარეს ისევ ყლაპავს თავის წყვდიადში. ვარსკვლავთ გუნდს ვერ მოსძებნი. ძირს მიწაც მიჩუმებულა, თითქოს უცდის მოწყენილი, როდის მოვა განკითხვის დღე და ფიქრობს, როგორ მოვიქცეო; ამღვრეული მდინარეც ვერ ბედავს ნაპირს დაეჯახოს, გვერდს უვლის ბუტბუტით სალს კლდეებს; იგი დროს ელის, ელის ჭექასა და გრიგალს, კოკისპირულს წვიმას, რომ ცით დაიმედებულმა სალი კლდე ქვეშ გათელოს, გზა გაიხსნას. 

კრულ იყოს ასეთი დრო მოლოდინისა, დრო ფერმკრთალი სიცოცხლისა!..
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 1590 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.