ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარიქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივითმოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული…
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
|