12:20 PM სიყვარული ინტერნეტ-გართულებებით | |
ისე მოხდა, რომ სკაიპიდან წამშალა. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ უფიქრია. მარტივად გადაწყვიტა_ ერთად აღარ ვართ, რომ დამჭირდეს, მისთვის მიწერა სხვანაირადაც შემიძლიაო.. აქედან დასკვნა_ რა აუცილებელია, სკაიპის კონტაქტებში მყავდესო… წესით, მეც ასევე უნდა მეფიქრა, მაგრამ მე ხომ გოგო ვარ (სულელური თეორიების აგება გენეტიკურად კოდირებულია ჩემში ), ხოდა, ეს ამბავი ასე მარტივად არ მიმიღია. ეგრევე მივწერე ფეისბუქზე: უი, სკაიპიდან წაგიშლივარ-მეთქი და დაველოდე, რომ ამ წერილის შემდეგ ფეისბუქის მეგობრებიდანაც ამომშლიდა. არ ამოვუშლივარ, მაგრამ არც უპასუხია. ახსნა-განმარტებები მისი სტილი არაა. თანაც, ჩემს გამჭრიახობას თვალდახუჭული ენდობა. იცის, რომ ვიცი, რატომაც წამშალა. მიზეზი ისაა, რომ ,,ფორმალობებს” არ სცნობს. იცის, რომ დილის ხუთ საათზე მხოლოდ ჩვენ ვენთებოდით მწვანედ და არასდროს მივწერდით ერთმანეთს. ისიც იცის, რომ ეს ზედმეტად სევდიანი იქნებოდა ჩვენთვის ორივესთვის. თანამედროვე ეპოქაში ურთიერთობებიდან ფეხაკრეფით გასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ადრე იყო. რამდენ კვალს ვტოვებთ: ჩანაწერებს ბლოგზე, ერთობლივ სურათებს, სტატუსებს, რომლებიც თითქოს ყველას ეხება და სინამდვილეში_ მხოლოდ ერთს, ერთობლივ საყვარელ სიმღერებს და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალებას. მერე კი ეს ყველაფერი სახეს გვახევს. იწყებ დავიწყებას და უცებ; ერთდროულად 10 სურათს დებს ფეისბუქზე და ერთი-მეორეზე უკეთესებს. პასუხობს 3 თვის წინანდელ სტატუსს, რომელიც ოდესღაც მოიწონე.. დებს მუსიკას, რომელსაც ერთად უსმენდით, როცა დილის საათებში საკეთებელი არაფერი გქონდათ.. და შენც ცდილობ, ნაკლებად იაქტიურო იმ სივრცეში სადაც შეიძლება მას გადაეყარო.. ან, თუ მაზოხისტი ხარ- პირიქით. სადაც მის სახელს დაინახავ, იქვე ტოვებ კომენტარს. ეს ყველაფერიც საშინლად სევდიანია. ჩვენ ვსწავლობთ იმ სივრცეში არსებობას, სადაც ჩვენი ძველი ბიჭები და კაცები არსებობენ (ჩემი ბიჭისა და ჩემი კაცის გაგებაც გენეტიკურად კოდირებულია გოგონებში), ვცდილობთ, დავხუჭოთ თვალები, როცა relationship status-ს იცვლიან, ვცდილობთ, მათი საუკეთესო ფოტოები არ მოვიწონოთ (არ იფიქროს, რომ ისევ..), ვცდილობთ, ვიარსებოთ მის გვერდით და მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ისინიც ასე არიან.. თუ ჩემს მიზანს მივაღწიე, ახლა თქვენ ოდნავ სენტიმენტალურ განწყობაზე უნდა იდგეთ და თქვენს ექსებს იხსენებდეთ, რომლებიც ჯერაც გყავთ მეგობრებში.. შეიძლება, მათ სურათებსაც ათვალიერებდეთ. ხოდა, თუ ეს ასეა (ვიცი, უარყოფას შეეცდებით), მაშინ გეტყვით: გამოდით მათი პროფაილებიდან, ან ზოგადად ფეისბუქიდან, გამორთეთ კომპიუტერი (მანამდე თუ გინდათ, ამ პოსტზე დაწერეთ კომენტარი ) ჩაიცვით ოდნავ თბილად და გაისეირნეთ. იქნებ გაგიაროთ. იმიტომ, რომ სენტიმენტალური ადამიანები მათთვისაც კი მოსაწყენნი არიან, ვისაც მათი სენტიმენტები უშუალოდ ეხება. მე თუ მკითხავ, სწორედ ასეთ ამინდს უნდა ეძახდნენ ადამიანები ,,მშვენიერს”. თან, მეც გასეირნებას ვაპირებ და იქნებ შემთხვევით გადამეყაროთ სადმე_ კონიაკს დავლევდით და ყველა ყოფილს დაგავიწყებდით : ) | |
|