Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ხვედელიძე ბესო - გადაკვეთის წერტილი
7:34 PM
ხვედელიძე ბესო - გადაკვეთის წერტილი

გადაკვეთის წერტილი

გელას ფეხები ლიანდაგზე ეწყო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაღიმებული ასცქეროდა.
ხმა სულ უფრო ახლოვდებოდა.
«ღმერთო, შენ უშველე გელას...» - რატომღაც მესამე პირში გაიფიქრა გელამ და მიაყურადა. მერე მარჯვნივ გადაატრიალა თავი და მისკენ დაგადუგით მომავალი, ჯერ კიდევ შორს მყოფი ორი მანათობელი წერტილის დანახვაზე პირჯვარი გამოისახა.



***
-სლავიკა სად წავიდა, ლიოვიკ? - აცქმუტდა ქვედა საწოლზე მიწოლილი დედა და მამას გაზეთიდან თავი ააწევინა. _ სულ არ ზნაეტ ერთი ადგილას გაჩერება...
-სლავიკაც ხომ კაცი არი, და არა აქლემი?.. - გადადო ხვნეშით განზე გაზეთი მამამ და შუბლზე ხელისგული მოისვა. - შენ იცი ათი საათი ვაზდერჟანია რა ამბავი არის? ჩვენი "ბორჟომი" სად დადო?
დედა წამოიწია და მაგიდის ქვემოდან ბორჯომის განახევრებული ბოთლი გამოიღო.
-ბარემ გამოიაროს ვინმე და ნოვი კუპი! მე ამისგან ლიცო პამოიუ. დედაშენი ხომ თქვა _ თბილი ბორჟომი ლობნი მარშინებს აშორებს.
-დაი მნე აქ! - გამოართვა მამამ ბოთლი, პირზე მიიყუდა და უცებვე მოიშორა. - ფუჰ...
-სულ ორი კაპეიკი როგორ უნდა გენანებოდეს, ლიოვიკ?
-ეტა ნე ორი კაპეიკ, ა ლარ ტრიცატ, მაგრამ რადგან მატარებელში - მაშინ ბარემ დვა ლარა...
-ზატო ზედ ყინულები დალაგებული... ნუ, სად წავიდა, სლავიკა? - ნერვიულად დაიხედა დედამ საათზე და ჩანთიდან მარაო ამოიღო.
-ხომ არ ატკინეტ კაპიტა ს პოეზდა?! - სერიოზულად ანერვიულდა მამა, მაგრამ დედას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. - ოცდაექვსის ასაკში არის, ნე ექვსის ჟე?
-ეს რა ბეზვოზდუხნი კუპე არი, ღმერთო... თან აკოშკა დაჭედილი. სულ არ გჟარკა, ლიოვიკ? გაიხადე ბარემ წელის ზემოთ... კაკ ყველაფერი როზა უნდა გასწავლოს...
-ახლა ნუ გამანერვიულა! - გვერდზე მიგდებული გაზეთით სახე დაინიავა უცებ დამშვიდებულმა მამამ. - სიგარეტი მომინდეს, გარეთ გასვლა მომინდეს... ვითომ ნე ზნაეშ, რას ვგავდე?.. რომ გავიხადე ვ ქობულეთი, ყველამ კაკ რაზ თქვა _ ვითომ ციგეიკის შუბა მაცვია...
-ზატო, რა კაი მორე იყო... როგორ ძალიან მოუხდა სლავიკას. მთელი ბლაკნოტი სულ ლექსები წერდა. დედა ენაცვალა!.. უფ, ზასნუწ მაინც... სად არი ჩემი კორვალოლი? - აწრიალდა დედა. - კაგდა ბუძემ, ლიოვიკ?
-ამ წემნატაზე მე აბა რა მივხვდე?.. - გადასწია ფარდა მამამ. - ხმაც არ არი... არც შუქი არი...
-ზესტაფონი ნავერნა პრაეხალი...
- პრავადნიკი თქვა - დილის რვა საათზე არი ჩასვლა. - თქვა მამამ და საწოლზე გაუხდელად მიწვა.



***
შემჭამა მაშინ ომარამ _ წავიდეთ, ვაშლი წავიღოთ თბილისში, დავყიდოთო. რა მევაშლებოდა, მაგრამ ომარა ხომ ვირზე ჯორია: მეჩიჩინა და დამიყოლია. დავტვირთეთ ჩვენც ომარას ლურჯი «რაფი» სოფლის ვაშლით. სულ ლოყაწითელას ჯიშისა იყო: სიწითლე ალაგ სიმუქეშიც გადასდიოდა. წამოსვლისას დაგვლოცა ყველამ, სულ ხელისქნევით გამოგვაცილეს. ყველაფერი იქით იყოს და, ინტერესში იყვნენ ფინანსურში.
კაი შორსაა ჩვენიდან თბილისი, თან ვაშლით სავსე «რაფით» რას ივლი ჩვენს მიმოხვეულ გზებზე... ჩვენც, ვაშლი რომ არ დაბეჟილიყო, მივრიხინებდით ნელა. სხვა რა გვექნა, დრო ლაპარაკში გაგვყავდა. კარგად რომ ჩამობნელდა, კიდევ უფრო მოვაკელით სიჩქარეს. ეგრე გვქონდა გათვლილი - უთენიას უნდა ჩაგვეღწია და მერე უკვე, ჩვენი საქმის ჩვენ ვიცოდით. ეგ კი არა, იქამდე იმის დროც იყო, შუაღამისას, სადმე გზისპირზე, სადღეღამისო დუქანთან შეგვეჩერებინა მანქანა და პური გვეჭამა. ასეც ვაპირებდით, და ღამის ორი საათი იქნებოდა, მთავარ გზებზე რომ მრავლადაა, სადღაც შროშასა და ხაშურს შორის, ერთ-ერთ უსახელო და ძლივას მბჟუტავ დასახლებაში შევედით. მივაყენეთ მანქანა დასახლების განაპირას, ტყესთან მდებარე სართულიან დუქანს და გადავხედეთ ერთმანეთს. კარგად მოსაშიებლად მე ვიცოდი, რაც უნდა გვექნა. იცოდა ეგ ომარამაც. ამიტომ ამოიღო გულისჯიბიდან გატენილი "საკურორტო" და ენით შემოასველა. უცებ ჩავწვით და გავისუსეთ.
- ურაგანია... - თქვა ცოტა ხანში ომარამ და ფიქრებში წავიდა. მეც დაფიქრებას ვაპირებდი, მაგრამ ომარამ არ მაცალა. - მოაქ, არა? - გამკრა მხარი, თვალი ჩამიკრა და კარი გამოაღო. სმენა სულ ახლოს ჩაქროლილი მატარებლის ბორბლების დაგა-დუგმა და ელმავლის კივილმა მოგვჭრა. იქვე წყარო მოჩქეფდა. წყალი მოვხვრიპეთ და ოდნავ მოსაფხიზლებლად სახეზეც შევისხით.
ახლაც სულ თავს ვეკითხები, რაღა მაინცდამაინც ის დუქანი ავირჩიეთ და არა სხვა. ხომ სავსეა ეგეთი მიგდებული ჩამოსასხდომებით მთავარი გზა? რაღა მაინცდამაინც ის? არ ვიცი. არც ომარამ იცოდა. მაინც შევედით და შევედით. დუქანში კიდევ, რომ გვგონია, დაგვხვდებიან დაბალწელიანი და თანთალამკლავიანი ქალები, დატრიალდებიან, დაგვიცხობენ ხაჭაპურს, გაგვიშლიან სუფრას, დაგვიხსნიან ბოთლებს - ბებიაჩვენისამ: ცარიელია დუქანი. სამი ცარიელი მაგიდა დგას კედლებთან, რკინის მორყეული სკამები აქვს შემოწყობილი, დახლის მიღმა კიდევ არავინაა. არადა, შეშის ღუმელი გიზგიზებს, მილი ფანჯარაში აქვს გაყოფილი. მერე რა, რომ შემოდგომის პირია _ ღამით, იმ მხარეში, მაინც ცივა. თან ეგეთ დუქნებს ზაფხულშიც უხდება გიზგიზა, ტკაცუნა ღუმელები.
ძინავთ ალბათო, გადმომილაპარაკა ომარამ და დახლის მიღმა, კედელზე ჩამოკიდებულ, ნაირ-ნაირი სასმელით გადაჭედილი თაროს დაბინდული მზერით გახედა. არაყი გინდა, გაზიანი წყალი, ლუდი, შამპანიური, ლიმონათი _ ყველაფერია. ეგრე უპატრონოდ როგორ დატოვეს-მეთქი, გამეფიქრა და ამ დროს დახლის უკან ხის კარი შევნიშნე. ალბათ იქ აქვთ, ამ კარის უკან, დუქნის პატრონებს სამზარეულო და წამოსაგორებელიც-მეთქი, გამკრა აზრმა. ომარა კიდევ, უკვე ერთ-ერთ მაგიდასთან ზის, ხელისგულებს იფშვნეტს და გაბრუებულს ეტყობა, გემრიელი ვახშმის მოლოდინშია.
მივადექი კარს და ვაკაკუნებ. პირველ კაკუნზე რომ არავინ გამომეპასუხა, უფრო ხმამაღლა მივაკაკუნე. მივაყურადე _ მხოლოდ მდინარის ოდნავი ხმაური და ჩავლილი მატარებლის აქამდე ძლივსმოღწეული დაგადუგია. შეაღე შე ჩემანალაო, მირჩია ომარამ.
ხელი რომ წავიღე და კარის შეღება დავაპირე, კარი უცებ პირიქით, აქეთკენ გამოიღო და აღმოჩნდა, რომ ის არა სამზარეულოში, არამედ გარეთ, დუქნის უკანა მხარეს, მდინარესა და მატარებლის ლიანდაგებისკენ გადიოდა.
შემოიღო თუ არა კარი, ზღურბლზე ფეხი სისხლიანწინსაფრიანმა და მელოტმა დახლიდარმა შემოდგა. მოულოდნელობისგან უკან გადავხტი და გულიც სხვანაირად ამიძგერდა: _ აქოშინებულ დახლიდარს მუხლებში გადაჭრილი, შარვლისტოტიანი და სანდლებიანი ადამიანის ორი ფეხი ეჭირა.
-მაშინათი ხართ?! - დაგვიღრიალა დახლიდარმა შეშლილი სახით და ღრიალმა ომარაც უმალ წამოახტუნა სკამიდან.
-რა ამბავია?.. - ესღა ამოღერღა სანახევროდ გამოფხიზლებულმა.
-ფეხები დარჩათ!.. - გამომხედა არეული თვალებით დახლიდარმა და გადაჭრილი ფეხებით ხელში გზისკენ გამავალი კარისკენ მოკლე ნაბიჯით გაიქცა.



***
-ვა, პაპიკ!
-სლავიკ, გძე ხოძიშ, მამა გენაცვალა? მე და შენი დედა მატარებელის წინ და უკან დვიჟენია გაგვაღვიძა... ამ ვაგონში რა გინდა? ს უმა საშლა შენი დედა... ძლივს ზასნულა ისევ ისე.
-ტუალეტში ვიყავი, პაპიკ... ჩვენი _ გაჭედილი და გაფუჭებული... აქ ბარემ მუშაობს, მაგრამ ზატო რა ერთი ამბავი არის... მე კიდევ, ხომ იცი, წიშინა იშჩუ... ბუზის გაფრენა ხაჩუ... კაკოი უჟას, როცა ამდენი რიფმა დამდევს... მაგრამ ეს დაგა-დუგები, ტორმუზები, ხმაურები არ მაცლის...
- აქ ქტო-ნიბუძ ცუდად გახდა, სლავიკ?.. მე ვიცი წნევის გაზომვა...
-არა, რა წნევა, პაპიკ... პატომ ვსიო რასკაჟუ...
-აბა ამ ტუალეტში ამხელა ოჩერედი რა ამბავი არის, ა, სლავიკ?
-არა, პაპიკ. ეს იმ პასლედნი კუპეთი რვა ქართველი პუტანკა მოდის ისტამბულიდან...
-ვა!
-ეტა ოჩერედ მაგათთან სტაიტ. მოდიან პერედნი ვაგონებიდან კლიენტურა, უხდიან ფული პრავადნიკი, არჩიონ რვა ქალიდან ერთი, ზოგი - ორი. ზოგი პირდაპირ ბაკავოი კუპეში გაიყვანონ - აქაც არის ცარიელი კუპეები. ვაგონი კი არა, ნაღდი ბორდელი არის, არა, პაპიკ?
-ვა, ეს რა სამშობლო გააკეთეს...
-ჩემი ლექსები ბარემ ეგ ზარაზა უნდოდათ? პრავადნიკი თქვა: - დადო, შვილოჯან, ორმოცი ლარი, შეიდა-აარჩია, გაიყვანა ნახევარი საათი რომელ კუპეშიც გინდა... აგერ ჩემი თავდაცვა და მინაბარონა, დვაინიე რეზინი უ მენიაო... შემოტენვის ამბავი რა... ეგრე თქვა _ ჩემ რეზინაში კაუჩუკ ტრი პროცენტა...
-არა. ტრი ძალიან მნოგო...
-ვეტატ მამენტ პირველ ჯერზე დაატორმუზა მატარებელი...
-კაკ რაზ ვეტატ მამენტ პირველად კინაღამ გადმოვარდით მე და შენი დედა კრაოტებიდან...
-შენ არ იცი, პაპიკ, მე რა სტრესი ვნახე! ტაკოი შოკ მე არ ვიცი, პაპიკ...
-ხარაშო, სლავიკ, შვილი-ჯან... ბარემ აბა უსპაკოისა. ხომ გახსოვს, ცერეტელი ხარ და ისე დასტოინად უნდა მოიქცე, როგორც ჩვენი გვარი ეკადრება...
-პაპიკ, შენ არ მოდიხარ ჩვენ ვაგონში? მე ყველაფერი დაკანცა უნდა რასკაზაწ ხმამაღლა!
-ნეტ, სლავიკ, მე ჯერ ახლა ტუდა... მე ჩემი ავლაბარსკი კლასელი ვსტრეწილ შენ აქეთ პოვნაში... ვაგონ-რესტორანში თქვა - ჟძიოტ... ჯერ როზას მოუყევი ბარემ ვსო _ რომ ვერნუს, მერე ერთად მოვისმინოთ...
-თუ არ არის ინტერესი, მაშინ ვაბშე არ მოვყვები...
-ნუ ხარაშო რა, სლავიკ! შენ ხომ ზნაეშ - მე შენი ყველაფერის ინტერესი მაქ... პროსტა, შენ მაინც არ იცი ალკოჰოლი, ნუ ჯერ, და, მე კიდევ კუპეში დილამდე საიდუ სუმა... აღარ დამაძინებს ეს ნძრევა!
-დედა რო გაეღვიძოს, პაპიკ? პომნიშ ჟე, კაკიე ნესტანდარტნი ხასიათები იმეეტ?
-ეგ აღარ ვსტანეტ თბილისის ვაგზლამდე! თუ რამე ისტერიკა - სკაჟი ლიოვიკა ვაგონ-რესტორანში წავიდა... სტარი კლასელი ნახა, ნწვადი ჭამონ! ვაჟთა გიმნაზია...
მამამ სლავას მხარზე ხელი ჩამოადო და თვალებში ჩახედა. სლავას სევდიანად გაეღიმა, მერე გატრიალდა და შემდეგი ვაგონისკენ დაიძრა. მამამ იქამდე უყურა, ვიდრე სლავა ტამბურის გავლით საკუთარ ვაგონში არ გადავიდა. მერე ჯიბეში ჩაიყო მამამ ხელი, იქიდან ტკიცინა ორმოცდაათიანი ამოიღო და ბოლო კუპისკენ დაიძრა. კაცების მთრთოლვარე რიგთან მისულმა რიგის თავში მდგარ გამცილებელს ომახიანად გადასძახა:
-ორმოცდაათიანი ხურდა ხომ არის, უფროსო?.. კრაინი ვინ დგას ოჩერედში?



***
-ღმერთის არასდროს მიწამია, ექიმო. ერთი მამა მყავდა და მთელი ცხოვრება სკოლის პარტხოზი იყო. ბაბუაჩემი კიდო, წითელი ჩეკისტი, მთელი ახალგაზრდობა ეკლესიების სამრეკლოებიდან ზარებს ახსნეინებდა... - ადუდუნდა ნარკოზიდან ახალგამოსული გელა და თავზე დამდგარ თეთრხალათმოსხმულ ქირურგს ნარკოზიდან ახალგამოსულის მიბნედილი მზერით ახედა.
ქირურგს ლოყაწითელა ვაშლი ეჭირა და სამედიცინო სკალპელით თლიდა.
-ხატებიან კედლებსაც კირით ათეთრებინებდა... - განაგრძო დუდუნით გელამ. - მე საიდან ღმერთი?.. არავის არაფერი უთქვია. არც უნიშნებია. საფუარის ამოყვანა კიდო ჩემით ვისწავლე. თონეში მუშაობა შენ იცი რა არის, ექიმო?.. რა არის და _ ჯოჯოხეთი და პაპანაქება, მთელი დღე თონეში რო ხარ სარეცხივით გადაკიდული. მოდის დუღარე ოფლი, ძვლები ვარვარებს. მეც მაგნაირად ვიდექი კოლიას დუქანში თელი ორი წელი. დღეში ორ ლარს მომიგდებდა, მაჭმევდა და მაგ თონეზევე მქონდა საწოლი. ისე, მე ზედა-სოფლიდანა ვარ. იქანე, ჩვენკენ, კაპეიკი ქე რო კაპეიკია, ისიც კი არ იცის ხალხმა. უცვლიან ერთმანეთს ყველში კვერცხს, ბოსტნეულში ფქვილს და ცხოვრობენ მაგნაირად. ქახალდის ფული ახალი წელივითაა. რა გამაჩერებდა იქანე - გამევიქეცი და ჩამევედი ბარში. მაინცდამაინც კოლია ეძებდა იმ დროს თონესთვის კაცს. ჰოდა, კოლიას თონეში დგომის მესამე წლისთავზე დევიხედე ფეხებზე და შავი წერტილები მაქ მუხლებამდე. თავიდან მური მეგონა. ვიხეხე, მარა არ მომცილდა. თან ქე რო ვაკვირდები, დღითი-დღე მატულობენ აგი წერტილები. მაშინ ავდექი და ჩევედი რაიცენტრის ახალ საავადმყოფოში.
დააღეს პირი და ატეხეს ერთი ამბავი _ უნდა მეიჭრას, განგრენააო, თუ არა და გადავა ზევით და მერე სუ ყველაფრის მოჭრა მოგიწევსო.
ისე ლაპარიკობდნენ, გონია შეშა უნდა მეეჩეხათ. მე კიდო იმფერად გლახათ გავხდი, მოვკვდი კიღამ ადგილზე და წემივიდა გული. მარა რა მექნა მაინც?.. თავის დაკარგვას ისევ ფეხების დაკარგვა არ მერჩივნა? მომჭერით-მეთქი ძლივსა ვთქვი, მარა სადაა მაგრე.
ითვალეს წირპლიანმა ჩათლახებმა _ სამიათასხუთასი ლარიო. ამიცვინდა თვალები შუბლზე. ერთად ასი ლარი არ მინახია, ექიმო და საიდან მექნება სამიათასხუთასი... მაგნაირი ტარიფია ზემოდან და დაზღვევაც არ გაქვსო. რა დაზღვევა, რისი დაზღვევა... ეგ სიტყვა ახლაც არ ვიცი რას ნიშნავს. წემევედი გამწარებული. დავბრუნდი და ვაკრობ ისევ იქანე პურს, კრინტი არ დამიძვრია.
რო ჩამაჭიჭინდა კოლია-უფროსი _ რა გეტაკაო, ვუთხარი და თავიდან გედეირია იგიც. მანახეო. ვანახე.
დამაკვირდა. ხელითაც მომისინჯა. ჩეეცინა მერე უცნაურად და გეისუსა.
მივხვდი, იფიქრა, რაცხაში მატყუებსო.
ჩევიქნიე ხელი და დავლიოთ-მეთქი.
ამაზე ხალისით წამომყვა. გემეიღო ჩაციებული ორლიტრიანი, შედო შიდ მეორე. ღვინოა ცივი და პესოკიანი, ექიმო. ათრობს ხუთ ჭიქაში. იმფერი მიქნა - სულ დამავიწყა ეს ჩემი ფეხები.
კოლია კიდევ ამ დროს გაჭირვებულების სადღეგრძელოდან არ გადადის... ვინ აღარ გეიხსენა: ვინც ცაშია, წყალქვეშააო, გზაშია, ციხეზეა, პალატაშიაო.
თან იცინის და ცრემლები მოსდის.
გამახსენდა ამ დროს, რომ დღეებიღა მაქვს დარჩენილი. სამიათასხუთასს მე ვერ ვიშოვნი და განგრენას კიდო რა მოასვენებს ისე. მალე ალბათ კუბო-საფლავზე მომიწევს სირბილი. მეც ცრემლი წამომივიდა...



***
-უკვე მესამე გრაფინზე ვიყავით. - ამოიხრიალა ჩვენს შორის მჯდარმა აცრემლებულმა მელოტმა დახლიდარმა «რაფში» და მუხლებზე დალაგებული მოჭრილი ფეხები შეასწორა. - ვკვდებიო, ცრემლები მოსდიოდა... თავში ისეთი ზარი მიდგას, გეგონება ტანკში ვზივარო - თქვა და ჩემ თვალწინ მოიყუდა მთელი გრაფინი.... შორიდან კიდევ, ამ დროს მატარებლის ხმა ისმის. ცოტა ხანს ჩუმად ვიდექით. ვფიქრობ ვუთხრა უკვე, თუ ჯერ არ ვუთხრა... თუ როგორ მოვიქცე საერთოდ. მაგან ხომ არ იცის, რა მიქნა ამ სიბერეში. ადგილზე ვქანაობდით, ეს დამთხვეული კიდევ მეუბნება - ახლა წავედი, მატარებელს დავუდებ ფეხებს, ეგ მაინც მუქთააო. ისეთი გახარებული და მთვრალი ვიყავი, მუცელი სიცილისგან ძლივს მეჭირა _ მეთქი-ხუმრობს. გელამ კიდევ დაარტყა მუჭი მაგიდაზე. გამოვიღე მეც გაღიმებულმა მეოთხე გრაფინი. გამოცალა ისიც სანახევროდ, მიაყოლა მერე ერთი ცალი ჩემი ვაშლი, გაშეშდა უცებ, ერთი ამოაბოყინა და მართლა არ გავარდა გარეთ? მეგონა, გული ერეოდა... - გახედა დახლიდარმა ომარას.

***
-ვა, პრიშოლ, სლავიკ? ზაჩემ წინ და უკან დადის ეს ჩვენი მატარებელი? რამდენი უნდა გაჩერდეს, მერე უკან წავიდეს, მერე ისევ გაჩერდეს, მერე ისევ აბრატნა... ომი ხომ არ დაიწყო ისევ? სად არი ლიოვიკა?

-გაიღვიძე, მამა-ჯან? პაპიკა სტარი კლასელი ნახა კორიდორში... ჯერ იშო რანა... ორი არ არის.
-ვინ კლასელი ნახა ლიოვიკა?
-იზ ვაჟთა გიმნაზიი. ვაგონ-რესტორანში წავიდა პაპიკა, მწვადი უნდა ჭამონ.
-მაგან ჭამონ კერასინი! შენ სად დადიხარ სტოლკა, სლავიკ? იმდენი ვინერვიულე დედაშენმა...
-მე ჩემი ნოვი ლექსს ვწერდი ბაკავოი ვაგონის ტუალეტში, მამა-ჯან... აქ ჩვენი ტუალეტი ისპორჩენნი არის, გაჭედილი და სულ ზაკრიტი.
-ვა, ეს რა სტრანნი ქვეყანა...
-მე კიდევ ვერ ვიპოვნე ჩემი ლექსის ერთი ადგილის რიფმა...
-აბა რიფმა?
-"ვახ, როგორ ცდუნდა ერთხელ ადამი წითელი ვაშლით _
მას ამ სამყაროს ერთი გონიდან აბა რა წაშლის?.."
-ვაშლი-წაშლის?
-ხო. ვსლედუშემ სტრიქონე რა გავურიფმო, ვერ მოვიფიქრე...
-სლავიკ! ერთი რითმა როგორ უნდა გადაგიყოლოს? გამოტოვა... პრადოლჟHი ვერნის მერე...
-ეგრე მე არ ვიცი, მამა-ჯან... პოეზია ეკლესიის შენებასავით არის. ეს იგივე არის რო ვა ვრემია სტრაიწელსტვა აგურების ერთი რიადი რომ გამოტოვო... მას მერე როგორ დავუბრუნდე?
-ვაი, რა სხვანაირი ბიჭი ხარ, როზა გენაცვალოს... ეგ საიდან მოგდის მაგხელა თავში ეგეთი სტრანნი აზრები...
-ეკლესიის შენება არ არის სტრანნი აზრი, მამა-ჯან...



***
თავი მიბჟუოდა. ვგრძნობდი, რომ ომარაც შავ დღეში იყო. ისე ჩაფრენოდა საჭეს, თითქოს ვაშლით დატვირთულ «რაფს» კი არა, მთელ სამყაროს მიაგელვებდა. მელოტი ჩვენ შორის იჯდა, მოჭრილი ფეხები მუხლებზე ელაგა და გაოფლილ კეფას ხშირ-ხშირად იხოცავდა ხელისგულით.
-ჩემი ბრალია ყველაფერი. მეთქვა ყველაფერი და ხომ გაჩერდებოდა... - ქოთქოთებდა მელოტი. - არ უნდა მეჭმია მე დებილს...
-რა არ უნდა გეჭმია, ძია? - მოატრიალა მელოტისკენ აბრდღიალებული სახე ომარამ. მელოტმა პასუხად გულის ჯიბე სასწრაფოდ მოიჩხრიკა და იქიდან თითისტოლა ვაშლი ამოიღო.
-ჩემი დაწყევლილი გერის საფლავზე გაიხარა ამ ვაშლმა... ერთ წელიწადში აიყარა და ნაყოფიც მოისხა... ვიდრე ნაყოფს გამოიღებდა, სიზმრად გამომეცხადა ჩემი დაწყევლილი გერი მე დებილს. ჩემ ცოლს მოჰყვა პირველი ქორწინებიდან. ჩვენ აღარ გვეყოლა მერე ბავშვი და კი მიიცვალა საცოდავი ნინელი საშოს სიმსივნით. მე გავზარდე ეგ ნაბიჭვარი! მე ვასწავლე წერა-კითხვა, სიარული, ამბავი... იმან კიდევ როგორ გადამიხადა... ჰოდა, იმას ვამბობდი, სიზმარში ხელში ეგ ვაშლები ეჭირა და ანათებდნენ...
-ანათებდნენ? - გავიკვირვე მე ნაძალადევად და ფანჯარაში გავიხედე. სავსე მთვარე არ ჩერდებოდა და როგორც დამნაშავეებს, ისე მოგვდევდა.
-ლამპოჩკასავით ანათებდნენ! - დააქნია თავი მელოტმა.
-აბა ლამპოჩკა? - გამოხედა ისევ ომარამ.
-ილიჩის ლამპოჩკასავით.
-შენი გერი რისგან მოკვდა, ძია? - შევეკითხე პაუზის შემდეგ მელოტს.
მელოტმა მოჭრილ ფეხებზე ხელისგულები ჩამოაწყო, ჩაახველა და ეგეთი რამე მოჰყვა:
-ჩვენი ეკლესიის ტყეში იმალებოდა, ეგ დეზერტირი ნაბიჭვარი. ამბობდა, არ მინდა ომიო. არავინ იცის იქ რას აკეთებდა... სამაგიეროდ მე დებილი ვგრძნობდი ცუდს - მამინაცვლის გული მაინც სულ სხვაა... კვირაში ორჯერ გამოდიოდა, ჩუმად შემოიპარებოდა უკანა ეზოდან. ერთხელ, მთელი კვირა რომ არ გამოჩნდა, ავაწრიალე სოფელი. დავაჩხრეკინე ხალხს მე დებილმა ტყე. მიაგნეს ბოლოს შუაგულ ტყეში. გარეული ვაშლის ხის ძირას იწვა წამალში გაპარული... ეზოში დავმარხეთ...
-სტუმრად ზღაპარში ვართ, არა, ომარ? - აღმომხდა გაბრუებულს და პასუხად ომარამაც სამჯერ დაასიგნალა.
-თქვენ ზღაპარი ეძახეთ... - არ დაოკებულა დახლიდარი. - ვაშლის ხე კი მართლა ამოვიდა ჩემი დაწყევლილი გერის საფლავზე... ეტყობა, კურკიანად ჭამა ის ტყის ვაშლი სიკვდილის წინ... მე დებილმა კიდევ, პირველი ნაყოფი რომ გამოიღო, ვაჭამე ჩემს თეთრ ინდაურს...
ყველაფერი უცნაურად ჩანდა - შუაღამის ცაზე მქროლი ვაშლით დატვირთული "რაფი", ორი უღვთოდ გაკვამლული და ვიღაც მელოტი ძია დახლიდარის სისხლიანი წინსაფრით და მუხლებზე მოჭრილი ფეხებით.
-როგორ მოუხდა... ისე გაიზარდა და დამშვენდა... სულ ფრინავს და არ ჩერდება. - არ ოკდებოდა მელოტი. - ინდაურის ფრენა აბა ვის გაუგია, ეგ კიდევ ისეთია, ხანდახან მგონია, რომ ინდაურები ჩვენ ვართ იმასთან შედარებით.
-შენა, ძია, გვაშაყირებ თუ როგორაა შენი საქმე? - ვეღარ მოითმინა ომარამ.
-რა მაქვს, შვილო, საშაყირო... - მოიწმინდა ოფლიანი კეფა ხელისგულით მელოტმა და მოჭრილი ფეხები ხელებში აიღო. - ვგავარ ახლა მე მაიმუნს? ჯერ ესენი დავაწიოთ... წამოვიდეთ მერე და განახებთ ყველაფერს. საფლავსაც. ვაშლის ხესაც. ინდაურსაც. არაყიც მაქვს. დაგალევინებთ... სიზმრად ვნახე-მეთქი მე დებილმა ჩემი დაწყვევლილი გერი. სიზმარში მითხრა - ეს, მამი, ჯადოსნური ვაშლიაო. ეს, მამი, სხვანაირი ვაშლიაო; ავს და ბოროტს - შავად შეერგების, კეთილს კიდევ - მადლადაო...



***
-სლავიკ, ეს გარეთ ჩტო ზა შუმ? გაიხედე, ლიოვას თავზე ხომ არ არის რამე... ანდა პადაჟდი, ბარემ მე გავიხედო.
-შენ ლეჟი, მამა-ჯან... ნე ნადა!
-რატომ ნე ნადა, სლავიკ?
-ეს ბაკავოი ვაგონს ქართველი ბოზები მოყავს ისტამბულიდან. ერთი ამბავი არის...
-ერთი ამბავი?
-პერედნი ვაგონებიდან მოდიან კაცები და მიყავთ ეს მართლა ბოზები ზა ძენგი.
-ვა. სად არის მერე ჩვენი ეროვნული პოლიცია?!
-პახოდუ, ამ დროს ვიღაც ბუხოი კაცი დაწვა ჩვენი მატარებელის ლიანდაგებზე. ნე უსპელ ჩვენი მაშინისტი ტარმაზნუწ ი გადაუარა ფეხებზე...
-ეგ რა უჟასები გავარიშ, სლავიკ?
-მაგიტომ გააჩერა მაშინ ეგრე მამენტალნა. შენ სიზმარში იქნებოდი მაგ დროს...
-სლავიკ, ნუ გამიხეთქავ გულს!. სიზმარში ბაბო ლარისა ვნახე, ვითომ ბაბო ლარისა ჟივა, ჩვენ ბალკონზე კაჩალკაში იჯდა და დურბინტით მამა დავითს უყურებს, და მე ამ დროს პაჩტი კინაღამ გადმოვარდი მატარებელი რო დაატორმუზა...
-ა ტვოი სინ კიდევ, ტუალეტის უნიტაზიდან უპალ... მე ვამბობ - რა ხდება? რომ გამოვედი, მატარებელის თავში წავედი, ხალხი გაიღვიძა, პანიკა, რამე... ეგეთი ტორმუზი არავინ იცის. პირველი ეს მე გავიგე ყველაფერი. პირველი ეს მე ჩავხტი მიწაზე, ეს მე ამოვიყვანე ის საცოდავი...
-ეს შენ?? ჩემი სიკვდილი, სლავიკ...
-დავაი მატარებელი ხაშურისკენ, და ვ ეტა ვრემია, ისევ მხოლოდ ეს მე გამახსენდა...
-რა გაგახსენდა, სლავიკ...
-რომ ფეხები დარჩა...
-სლავიკ, სად არის ჩემი სუმკა. კაპლი და ვალიდოლი მინდა.
-ეტა ვსპომნილ, კაკ რაზ მაგ დროს მეორე ტორმუზი წამოვიდა. წავიდა ზადნით მატარებელი და ისევ მე ჩავხტი მიწაზე... სისხლის კვალი არის, მაგრამ ფეხები არ არის. ეტო ჟე იზუმიწელნო, ა, მამა-ჯან?
-დედაშენი უკვე ცუდად არის, სლავიკ!
-განა ფიქრის დრო არის?.. კრიტიჩესკი სიტუაცია. ალბათ მაწანწალა ძაღლები წაიღო... ანდა მგელი - სულ ტყეა იქეთ. ხოდა, წავედით ისევ ბარემ ხაშურში... პაზვანილი წინასწარ საავანტყოფოში. უკვე პერონზე სტაიტ სკორი პომოში და ჟძიოტ!
-ამდენი მე ვერ გადავიტან, სლავიკ!
-მეც პაჩტი ვერ გადავიტანე, მამა-ჯან...
-ახლა ს უმა საიდუ! სად არი ლიოვა?
-ხომ უკვე გითხარი, მამა-ჯან! ვაგონ-რესტორანში... კლასელი...
-მოიცა, აქ ტაკოე ძელო, შენ ამხელა მამაცობა ქენი, მატარებელში პაპალამ გადაჭრილი კაცი ამოიყვანე და ლიოვა კიდე ვაგონ-რესტორანში ქეიფის ხასიათი აქვს?
-ეგრე ვიხოძიტ, მამაჯან.
-შენ ფეხი არ გაადგა... მე მოვიყვან ლიოვიკას, და მის კლასელი კიდევ სულ თავზე დავსხა სალიანკა. მატარებელში ტაკაია ექსტრემალნაია სიტუაცია - ეგენი კიდევ რა დროს მწვადი?!
-მამაჯან, რა გინდა ვაგონ-რესტორანში ამ შუაღამეზე? მთვრალ კაცებში რად გინდა?
-შენ აგერ სიძი! არ ადგე! მოიფიქრე რიფმა!.. მე მოვალ მალე ლიოვასთან ერთად!.. როგორ არი?
-რა?
-რა და ის რიფმა?
-ვაშლი-წაშლი...
-ვაშლი-წაშლი... ვა... ვაშლი-წაშლი... ვაშლი-წაშლი...
-იქნებ - საწოლს გავშლი?
-პადაჟდი, სლავიკ, ეგ როგორ?
-არა. ეს მართლა კი არა, ეს რიფმა არის, მამა-ჯან...



***
-ოხერი იყო და გაფუჭებული... მთელი ცხოვრება პარვაში, ყაჩაღობასა და სხვის გაუბედურებაში ჰქონდა გატარებული! - განაგრძობდა მოთქმას მელოტი. - ვის აღარ დაუწყევლია... ვის რას წაართმევდა, ხან ვის რას მოპარავდა. სახლი ხომ სულ გამომიცარიელა... რაც მე დებილი ომამდე ციხეზე ვარ ნათრევი... მერე წამლის კეთება დაიწყო... სულ დაიჩხვლიტა ხელები და ფეხები... ბოლოს თითქოს გამოსწორდა, მაგრამ ეგეთს ბოლომდე რა გამოასწორებდა... დავმარხეთ და, წინა კვირით გაქურდული ჩვენი ეკლესიის ხატებს არ გადავაწყდი ჩვენ ბოსელში?.. ღმერთი სამართლიანია. ვის რად უნდა ეგეთი კაცი მიწაზე?..
-ვახ! - აღმოხდა ომარას და გაზს კიდევ უფრო დააჭირა ფეხი.
-სულ დებილს რატომ ეძახი, ძია, საკუთარ თავს? - ვეღარ მოვითმინე მე და მელოტმაც იქვე მომაგება.
-დებილი ვარ, რომ არ ვუთხარი ყველაფერი გელას მაშინვე! - ლამის ატირდა დახლიდარი. - შავმა წერტილებმა გამომაყარა, ექიმებმა მითხრეს, განგრენის ნიშნებიაო, სასწრაფოდ მოსაჭრელია, თორემ მოკვდებიო. - ასე მითხრა და ვანახებინე ფეხები. დავხედე და, რას ვხედავ. გავთბი კინაღამ სიხარულით. შავწვივაძეები ვართ ჩვენ. ეს ჩვენი ძველი გვარი კიდევ, იქიდან მოდის, რომ ოცდაათი წლის ასაკში ამ გვარის ყველა მამაკაცს პატარა შავი ხალებით ეხალება ორივე ფეხი. იშვიათი გვარია. აღარავინ ვართ თითქმის კაცები. ამას და იმ ტუტუც ექიმებს, რომ განგრენა ჰგონიათ, მე ხომ ვხვდები უკვე, გელა ვინცაა. გამახსენდა ყველაფერი... ასე, ოცდაათი წლის უკან, ზემოთ არქეოლოგიური გათხრები იყო და იყო იქ მთელი სპეციალისტობა ჩამოსული ქალაქიდან. გვათხრევინებდნენ ჩვენ - რაიონის ბიჭებს. თვითონ ჩოთქი ეჭირათ და ასუფთავებდნენ რასაც ვიპოვნიდით. ყველა სიხარულით მიდიოდა მაგ სამუშაოზე. გაჭმევდნენ, გასმევდნენ და თან პატარა ფულსაც გამოდიოდნენ. იყო იქ ერთი ასეთივე რაიონელი ტასო, ზემო სოფლიდან, კაი გოგო, რომელიც ძალიან ჩამივარდა თვალში... კოხტა გოგო იყო, ხალისიანი, ზრდილი, თავისნება. ხოდა, ერთხელ კაი ვიქეიფეთ და იყო მერე იქ, ამ გათხრების ადგილზე ჩვენ შორის ერთი ამბავი ისე, რომ ერთმანეთისთვის არც არაფერი პირობა მიგვიცია და მეორე დღეს უკვე კარგადაც არ გვახსოვდა რამე. ისე წავიდ-წამოვედით, რომ ვეღარ შევხვდით მერე. მე თბილისში დამიძახა ბიძაჩემმა. თონე იყო გახსნილი მაშინ, საბჭოთა დროს, ერთ-ერთი პირველი ნამდვილი სავაჭრო თონე ცენტრში და იმის მომარაგებაში იყო. ერთი პირობა მივწერეთ მე და ტასომ ერთმანეთს წერილები, მაგრამ მეორეზე აღარ მიპასუხა. არც მესამეზე. ვიფიქრე, რომ ყველაფერი მორჩა. მერე თან დაგვიჭირეს მთელი თონე - თურმე რაღაც მაქინაციები მიდიოდა, ფული კეთდებოდა, მე კიდევ არ ვიცოდი, ისე ვმონაწილეობდი ამ ყველაფერში. მომცეს სამი წელი. იქ უფრო დამავიწყდა ჩვენი ამბავი. ციხეზე ვიყავი. ხმაურში. ათასი ჯურის ხალხში. სად იყო ფიქრის დრო. გამოვედი მერე და, წავიდა ისევ ცხოვრება. დღემდე აღარაფერი მახსოვდა და აგერ არ გამომეცხადა ყველაფერი თავიდან?.. - რამდენად სასწრაფოდაა მოსაჭრელი ფეხები? ხვალ-მეთქი? - ვეკითხები ღიმილით გელას. ის კიდევ დაძაბულია. რა იცი მაგან რას ვფიქრობ მე და რა ვიცი. გელამ კიდევ - ხვალ კი არა, გუშინწინო. ტანზე თუ გადამივიდა - ბოლომდე მოსაჭრელი გავხდებიო. მეცინება, ვკვდები სიცილით. ზუსტად ეგეთი წერტილებით მაქვს მეც ფეხების წვივები დაფარული! შევეკითხე - შენ ხომ ზემოსოფლიდან ხარ-მეთქი, და კიო. რა გვარის ხარ-მეთქი და - გორიანიძეო. მშობლებს რა ქვიათ მეთქი და _ აკაკი და ტასოო. გამაჟრიალა ეგრევე თავიდან ფეხებამდე. ამევსო თვალი ცრემლით. კაი შვილი ყავხარ შენს მშობლებს, აჰა, მიაყოლე-მეთქი - დავუდე გრაფინთან ეს ვაშლი ღლიცინით...
-რა მომაწევინე ეს... - გადავხედე მე ომარას.



***
-უნდა დაიძინოთ ახლა! - თქვა ქირურგმა და შეჭმული ვაშლის ნარჩენიდან ერთი კურკა ხელისგულზე დაიგდო. - მორფინის ჰიპერ-დოზა გაქვთ გაკეთებული. ერთი კვირა ნარკოტიკით იყავით ამნეზირებული. კიდევ კაი ეგრეა, თორემ მოგკლავდათ ეს ტკივილი. ვერ გაუძლებდით, ჩემი შუბა დავხიე. დახუჭეთ თვალები. გადაგღლით ამდენი ლაპარაკი... - დაადო გელას შუბლზე მეორე ხელისგული. - ისე, კაი ვაშლი ცოდნიათ თქვენკენ... - დააყოლა მერე და ფანჯრის რაფისკენ წავიდა.
რაფაზე მდგარ უმცენარეო ქოთანს ქირურგმა მიწა სკალპელით მოუჩიჩქნა, ვაშლის კურკა შიგნით ჩააგდო და მიწა ისევ მოტკეპნა. მერე ტუმბაზე მდგარი გრაფინიდან წყალი მოხვრიპა, გრაფინში დარჩენილი კი ქოთანში ჩაასხა.
-ვნახოთ ერთი... ეზოშიც ჩავაგდებ. ერთ მარშუტკა ვაშლს რა შეჭამს ისე, ჩემი კაი... სამაგიეროდ კამპოტი გვექნება პაციენტებისთვის... აბა ტყუილად ხომ არ დავალპობთ... ყველაფერი ფული ღირს ამქვეყნად, ძმაო... ეგრეა მოწყობილი ცხოვრება, ჩათლახი ვიყო. დაილოცოს ის კეთილი ხალხი! მთელი "რაფი" ვაშლი ამ ოპერაციის ფასში - იმენნა უდასტოინესი ფოსტაა... აზრზე ხარ? აგერ, სამაგიეროდ _ ხომ ხედავთ? ფეხზე რომ ადგებით და გაივლით, მაშინ ვიტყვი, რომ მართლა მაგარი ქირურგი ვარ, ჩემი ბაბო გავათხოვე! - ქირურგმა გელას საბანი გადახადა და დახედა.
პალატაში სიჩუმე ჩამოვარდა.
«ამის მერე, რა ჩემი ფეხები უნდა იწამოს გელამ?» - ისევ მესამე პირში გაიფიქრა გელამ და ჭერს აცრემლებულმა ახედა. მერე ხმაურით დაამთქნარა, ერთი კვირის წინ მიკერებული ფეხების ცერა თითები ერთდროულად, სულ ოდნავ შეანძრია და თვალი დახუჭა.



***
ვაგზლის მოედანს სექტემბრის დილის სუსხი წიწკნიდა. დედა, მამა და შვილი სამარშრუტო ტაქსის გაჩერებაზე იდგნენ. სახეზე სამივეს ღამენათევის გამომეტყველება ედო.
-საწოლს ავშლი კი არა _ ნაწილებად დავშლი! - გაუნათდა უცებ დედას უძილობისგან შესიებული სახე.
-შტო სძელაეშ? - ვერ მიხვდა მამა.
-შენ ჯერ მალჩი!! - დაემუქრა დედა მამას მუშტით. - ჯერ სახლში პაშლი! იქ დაგანახებ მე შენ!!
-ასიანი ხარ, მამა-ჯან! - თქვა შვილმა და გაღიმებულმა ამომავალ მზეს თვალი გაუსწორა.
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 1543 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.