Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ხვედელიძე ბესო - ესტაფეტა
7:46 PM
ხვედელიძე ბესო - ესტაფეტა
ესტაფეტა

ღამით პაპა მოვიდა. დაღვრემილი ჩამოჯდა ჯირკზე და ფეჩს ზურგი მიუშვირა. ხელისგულებზე იყურებოდა.
- ახლა რაღა? - შევეკითხე მე.
- ძროხებიც აღარ ზმუიან. - ჩაიდუდუნა პასუხად.
ამის გაგონებაზე თვალი ფანჯარაში შემოსხლეტილ მთვარისებურ მნათობზე გამიშტერდა. რომ გამოვფხიზლდი, თავი გადავაქნიე და პაპას შევხედე.
- მერე?
- რაღა მერე?... - ჩაიქნია ხელი პაპამ. - რაღა დარჩა... ძაღლი - არა, კატა - არა, ქათამი - არა, ღორი, ვირი, ცხენიც... ხომალდიც აღარ გამოჩენილა... რაღაც ამბავი ხომ არაა იქით? - აიხედა პაპამ ზევით.
მხრები ავიჩეჩე.
- აბა მე საიდან უნდა ვიცოდე, პაპა, ეგეთები...
- უნდა იცოდე... - თქვა პაპამ მკაცრად. - შენ ყველაზე კარგად უნდა იცოდე... ეგეთი რა ხდება იქით, ასე რომ ჭიატებს ეს დღეები?... ხან ჩაქრება, ხან აინთება...
- რაღა მახსოვს, პაპა... - მოვისაწყლე თავი. - იმდენი ხანი გავიდა... იქ, ბოლოს, შემთხვევით გაჩენილი ხანძრებმა რომ იმატა, ეგ ახლაც მახსოვს... მეტი არაფერი...
- შემთხვევით არაფერი არ ჩნდება! - თქვა პაპამ ისევ მკაცრად და თვალი თვალში გამიყარა.
ცოტა ხანს უბრად შევყურებდით ერთმანეთს.
- ჩამოფრინდება ეგ ოხერი ხომალდიც... - ავარიდე მზერა. - სად წავა?... სხვაგან საით აქვთ გზა...
- ჯანდაბაში... - მოეღუშა სახე პაპას. - იგვიანებს... სხვანაირად იგვიანებს... პირუტყვიც გრძნობს რაღაცას...
- და ახლა ძროხებიც?...
- და უკვე ძროხებიც... - დამეთანხმა პაპა და ისევ ხელისგულებზე დაიხედა.
- ეგრეა ეტყობა... - ჩავილაპარაკე პაუზის შემდეგ ჩემთვის და ფეჩზე ქვაბით წყალი შემოვდგი.
- რა ეტყობა?! - ხმაში ხრინწი ჩაუდგა პაპას.
- საჭირო! - მოვჭერი სხარტად და ფეჩში შეშა შევუკეთე. - შენ თვითონ არ თქვი, შემთხვევით - არაფერი ხდებაო?
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
- და ჩვენც რომ... - დაიწყო დუმილის შემდეგ პაპამ და აღარ დაამთავრა.
- ჩვენ - რა?...
- აგერ სიმონა ამბობს...
- რაო?
- სიტყვებიო...
- ჰო...
- ძლივს ვიხსენებო... აგერ მეც - გუშინ შეშას ვჩეხავდი და ვერ გავიხსენე...
- რა ვერ გაიხსენე?
- რად დავჩეხე... მერე კი გამახსენდა, მაგრამ ეგ მერე... სახლში რომ შევბრუნდი...
- ვბერდებით ალბათ. - ჩავიქნიე ხელი. - აქ დროც კი თითქოს სხვანაირად გადის... ვერ ატყობ?
- როგორ?!... - წამოდგა ფეხზე პაპა. - ძროხებიც ბერდებიან?!... ჩემი ჯეკაც?!... ალიას ცხვრებიც აღარ კიკინებენ, აღარც ბუზები, კოღოებიც...
- ამ სიცივეში ბუზი სად ნახე?! გამიკვირდა მე.
პაპამ ისევ ხელი ჩაიქნია. მერე დოინჯი შემოიყარა და თვალი თვალში გამიყარა.
- აწი შენ უნდა თქვა!... გამოხვალ და იტყვი!... სხვანაირად ვერ იქნება!
- აბა მე საიდან? - დამემორცხვა ჩემდაუნებურად. - მე აგერ ფეჩზე ქვაბის შემოდგმა ვიცი და მახსოვს... კაკლის მობერტყვა კიდევ... ცხენების დაჭედვაც... ჰა-ჰა - კეცზე მჭადის დაკრობა... რა უნდა ვთქვა მეტი?
- ვიდრე ეგენიც არ დაგვვიწყებია. - თქვა მკაცრად პაპამ და კარისკენ გაიწია.
წინ გადავუდექი.
- და რატომ მაინცდამაინც მე?
პაპამ სევდიანად გაიღიმა.
- მაშ ვის ვკითხოთ? ვითომ ვერ ხვდები!... ვინ რა იცის... შენ კიდევ ყველაზე ახალგაზრდა ხარ... თან ბოლოს შენ ჩამოფრინდი...
- კი მაგრამ ბრძენი დაილია სოფელში? - გავიბრძოლე უკანასკნელად. - ჩამოვფრინდი თორემ, მეც დიდი ვინმე ვიყო... ვისზე მეტი ვარ აქ?
- აღარაფერში ვვარგივართ-მეთქი!... ეგეც გვავიწყდება... - წავიდა პაპა კარისკენ და გამომხედა. - კარგად იფიქრე, ვიდრე ყველა დავდუმებულვართ...
- ჰო... კაი... შემეშვი ერთი, თუ კაცი ხარ...
- თორემ ვინღა იტირებს პანაშვიდებზე...


***

- აააა... ვაი... მიშველეთ! არავინა ხართ?!
- აქ ვარ, შვილო... აგერ... შენს გვერდით!
- სად აბა, სად?!
- გადარჩი?
- გადავრჩი?... კი... მგონი კი... ააა... ვეღარაფერს ვხედავ!...
- ჩემკენ გადმოტრიალდი!... ეგრე... უჰ!!... როგორ დაგსისხლიანებია თვალები... სულ წურწურით მოგდის ყურებიდან, ცხვირიდან, პირიდანაც...
- რა?
- სისხლი - რა!
- ვაიმე, ვკვდებიი!!... მიშველეეთ!
- დაწყნარდი!... მაგით რას უშველი... გაუძელი, შვილო! შენს თვალებს მაინც არაფერი შეხებია - ორივე მთელი გაქვს!...
- მართლა, მამა?
- გაუძელი-მეთქი!... წესით აწი ჩვენებიც უნდა გამოჩნდნენ, და ლაზარეთშიც გადაგვიყვანენ... იქ კიდევ, მხედველობასაც აღგიდგენენ და ყველაფერს.
- საერთოდ ვეღარაფერს ვხედავ, მამა!
- გაუძელი-მეთქი! ჩვენების მოსვლამდე გაუძელი... აუცილებლად გვიშველიან! უბრალოდ, შეიძლება, მერე სათვალის ტარება მოგიწიოს.
- ვაი, ჩემო უბედურო თავო!...
- შეიძლება-მეთქი!... დარწმუნებული არა ვარ, შვილო...


***

მეორე საღამოთი პაპა ისევ მოვიდა. რომ შემომხედა, ერთი პირობა შუბლი შეკრა, მაგრამ არაფერი თქვა და კვლავაც ჯირკზე ჩამოჯდა. მე სიმინდს ვფშვნიდი.
- რაო? - შევეკითხე მე.
- სხვანაირი ჩანხარ... - აღმოხდა დუდუნით პაპას. - სულ სხვანაირი...
- როგორი? - გამიკვირდა მე.
- რაღა მახსოვს... - აიქნია ხელი პაპამ. - აგერ უკვე ფეხზე ჩაცმა მავიწყდება...
პაპას ფეხებზე დავაცქერდი და გაყვითლებული ფრჩხილების დანახვაზე გემრიელად გადამეხარხარა.
- იცინე, ჰო... იცინე... - გულისწყვეტით ამოთქვა პაპამ და მეც უმალ მოვმუწე პირი. ფეჩში კვლავ შეშა ტკაცუნებდა.
- რა ვქნათ? - შემეკითხა დუმილის შემდეგ პაპა და მეც მაშინვე ავხედე. ახლა უკვე თითქოს მეც სხვანაირი მეჩვენა პაპა და უცნაურადაც გამაჟრჟოლა.
- ვბერდებით კი არა... - ვთქვი უცებ და გავჩუმდი.
- ვქრებით! - დამასწრო პაპამ და ფეხზე წამოდგა.


***

- მამა, აქამდე შენც ხომ იცი, რა ბუზებივით მეხვეოდნენ ქალები!... აწი ვინღა მომეკარება?... ვინ?!... სათვალიანი ვისღა მოვეწონები, ჰა?!
- შენც მუქი შუშები ჩაისვი, შვილო, ვითომ მზისაა...
- მუქი?!... მერე ზამთარში რაღა ვქნა?!
- ჩვენკენ ხომ ზამთარშიც იცის მზე...
- არა, არა!!... ნუ ამბობ ეგრე!... ხომ იცი, რანაირიც ვარ... მითხარი, როგორ ავიტან სხვის თვალში დამცირებულ თავს?... თან ეს ტკივილი! მამა, ისე მტკივა, რომ... იქნებ მომკლა და მომასვენო!!
- დაწყნარდი-მეთქი! ტკივილით მეც ბევრი მტკივა, მაგრამ ჩუმად ვარ!
- გთხოვ, მამა!
- შენი სიკვდილი ჩემი ხელიდან დღეს მაინც ვერაფრით გამოვა...
- აბა, ასეთი ვის დავენახვო, ვის?!
- ეჰ, შენ მხედველობაზე დარდობ, შვილო... მე კიდევ...
- სხვა რაზე ვიდარდო, რა ჯანდაბაზე?!
- მე კი, ხმას არ ვიღებ... არადა...
- ნუ იღებ!... რა არადა?...
- არაფერი.
- რა არადა-მეთქი! ახლავე მითხარი!... მამა!
- არ დამიჯერებ...
- მამა, მითხარი, ნუ მაწვალებ!
- რა და...აფეთქების დროს თავი...
- თავი?
- თავი კი არა, სხეული დავკარგე-მეთქი, რომ გითხრა - დამიჯერებ, შვილო?!
- კაი რა, მამა... რეებს ბოდავ?!... რა თავი?!... თავი თუ დაკარგე, როგორღა მელაპარაკები?
- თავი კი არა, სხეული-მეთქი!...
- ბოდავ რაღაცას, მამა!
- ვბოდავ??... აფეთქების ეპიცენტრთან იმდენად ახლოს ვიყავი, ტალღა შიგ კისერში მწვდა... თავი მომაგლიჯა...
- მამა!
- თავი კი არა, სხეული-მეთქი... და აქეთ გადმომისროლა, შენ გვერდით...
- ნაღდი ბოდვაა... მამა... სიგიჟეა!...
- მერე კი შენც დამიძახე...
- გაჩუმდი!
- ჩემი სხეული კი, სადღაც, აქედან ძალიან იქით, შორს გდია... ალბათ უკვე უსიცოცხლო და გულგაჩერებული.
- მამხნევებ, არა, მამა? მეხუმრები!... მაგარი სახუმარო დრო გამონახე, აი... კაცმა თვალისჩინი დავკარგე, სათვალიანად დარჩენა მემუქრება, შენ კიდევ, მასხარაობის გუნებაზე ხარ... რა ხართ მაინც ეს მშობლები მაინც, ჰა, მამა?
- ეჰ...
- რა ეჰ?


***

მესამე საღამოს მოედანზე კოცონი დაინთო, მაგრამ ვიდრე დაინთებოდა კაი იწვალეს. ვერ იხსენებდნენ, როგორ უნდა მოეკიდებინათ ცეცხლი ერთმანეთზე აკოკოლავებული შეშისათვის. არავის აღარ ახსოვდა. ისევ პაპა მოაგზავნეს ჩემთან.
- გამო, კაცო, გარეთ... რაა ეგ სულ სახლში ჯდომა?
- ახლა რაღაო?
- გამო, ცეცხლი მოგვიკიდე, თუ კაცი ხარ... არ გვინდა მეტი არაფერი... შეინახე შენთვის, რაც იცი!... მხოლოდ ცეცხლი მოგვიკიდე და...
_- ცეცხლი მოგიკიდოთ?!
_ გამოდი, გამო... ეგ შაირობა კიდევ სხვა დროისთვის შეინახე... ისე გამო... აღარაა დრო თუ?... მოგვეხმარე - ბევრს ხომ არაფერს გთხოვთ...
ცეცხლის ანთება კი მახსოვდა. უცებაც ავუნთე და დაიწყო: თუ კი რამ ძველმანი ებადათ, რაც კი რამ ჰქონდათ - ოდნავი სიძველის ელფერიც რომ გადაჰკრავდა, ყველაფერი გამოიტანეს და დაიწყო ყველამ მისი ჩაყრა ლამის ცამდე აბრიალებულ კოცონში.
- ყველაფერი უნდა მოვიშოროთ... გამოვიგავოთ... - ამიხსნა პაპამ. - პაპაჩემისგან მახსოვს... - აიხედა პაპამ ზემოთ.
- რეები გხსომებია?
პაპა შუბლისკვრით მომაცქერდა.
- ეგ კი მახსოვს... - თქვა მერე. - რა დამავიწყებს... ეგეთები არავის ავიწყდება...
- მერე?
- იქნებ გვეშველოს რამე... ზუსტად კი არ მახსოვს რომ ეგრეა, მაგრამ მაინც... ცდა რისი მონახევრეა?
- ბედის იყო იქ... - ავიშვირე თითი ცისკენ, რომელიც ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.
- აქაც. - თქვა პაპამ.
რომ მორჩნენ, უზარმაზარ კოცონს ირგვლივ შემოუსხდნენ და ცეცხლის ენები აგვერეკლა თვალებში. უკვე ღამე იდგა. ყველამ ზემოთ აღაპყრო თვალი - დედამიწას ეძებდნენ მზერით. მალევე იპოვეს და ერთხმად დადუმებულები ააჩერდნენ.
ძლივს ჭიატებდა. ხან უფრო აინთებოდა. ხანაც პირიქით - იქამდე მიბჟუტდებოდა, ყველას გულს უკუმშავდა, მაგრამ მაინც არაფრით ქრებოდა.
პაპა ჩემს გვერდით იჯდა, ისიც ზემოთ იყურებოდა და მძიმედ სუნთქავდა.
- რა ხდება ეგეთი იქ... - წაიჩურჩულა მერე და ცალი თვალით გადმომხედა. მხრები ავიჩეჩე და ზუსტად ამ დროს მარჯვენა თვალიც ამეწვა - თითქოს რაღაც ნამცეცი ჩამივარდა. მოვისრისე. მაინც მეწვოდა.
უცებ მარცხენაც ამეწვა. ორივე ხელით მოვისრისე. ვიგრძენი, რომ თვალები ამიწითლდა და ამიწყლიანდა.
- კიდევ კაი, ეგ არავის ავიწყდება... - თქვა პაპამ.
- რა? - ვერ მივხვდი მე.
- ცრემლი. - მიპასუხა პაპამ და თვალებზე ხელი აიფარა.





***

- დავიფიცებ ყველაფერს, რომ არ ვმასხარაობ, შვილო!
- რას დაიფიცებ?
- ყველაფერს-მეთქი... საწყალი დედაშენის ხსოვნას, თუნდაც... თუმცა რა საჭიროა... ხელის მოძრაობა ხომ შეგიძლია? ისიც ხომ არ გაგიფუჭა აფეთქებამ?...
- არა, ხელი ორივე მთელი მაქვს! ეგღა მაკლია...
- ჰოდა, მარჯვენა ოდნავ მარჯვნივ გამოსწი...
- კარგი რა, მამა, რა დროს მასხარაობაა?!...
- გეუბნები!
- ხო, კაი... ჩემგან მარჯვენა, თუ შენგან?
- რა მნიშვნელობა აქვს... აი ეგრე...
- მერე?
- რაღა მერე... ეს ჩემი შუბლია. ახლა ქვემოთ ჩააცურე, ჩემი ბიჭი...
- ქვემოთ? ქვემოთ საითკენაა?
- ჰო, ჰო, აი მანდეთ, ცოტათი კიდევ... ო! ეგაა... ჰე, მაინც არ გჯერა, მამა გენაცვალოს?
- ღმერთო ჩემო!!...
- დიახაც...
- ღმერთო დიდებულო!
- ღმერთს თავი დაანებე... ახლა ხომ გჯერა, რომ სწორედ თავიღაა დარჩენილი შენი სპორტული აღნაგობის მამიკოსგან, ვისზეც თავის დროზე არანაკლებ ირეოდნენ ლამაზი გოგოები!
- ღმერთო დიდებულო! ეს რა დაგემართა, მამა... როგორ?! მე კიდევ ხუმრობა მეგონა, ისე მამხნევებდი...
- რას იზამ, შვილო...
- კი მაგრამ, რაღა გეშველება, მამა?... რაღა გეშველება კი არა... თფუი... რა საზიზღრობებს ვკითხულობ!
- მაგაზე ნუღარ იდარდებ... ყველაფერი ხდება...
- რა ყველაფერი?!... რაღა უნდა მოხდეს, ამაზე უარესი, მამა?!... კი მაგრამ სხვები? სად არიან სხვები? ჩვენები?!... ჰა, მამა?!
- სხვები?... ეჰ, როგორც ვხედავ და მესმის, შვილო, მგონი აღარავინაც აღარაა - ყველანი დაიღუპნენ!
- რაა?!
- ირგვლივ სულ სისხლის გუბეები დგას და ხორცის ნაფლეთები ყრია, შვილო...
- გაჩუმდი...
- შენ ხომ ტკივილს სიკვდილით გინდოდა მორეოდი?...
- მამა...
- მე კიდევ შენი კი არა, აწი ერთი ჭუჭყიანი ბუზის მომკვლელიც აღარ ვარ!...
- გემუდარები, გაჩერდი!
- ეგ კი არა, შენს ქამარზე ჩემი ნაჩუქარი რევოლვერი ჰკიდია... უკვე მე გთხოვ - ხელი მოკიდო და თანაგრძნობით გამიხვრიტო შუბლი.
- არა! არასდროს, მამა! ნუ მავალებ საშინელებას!
- გთხოვ!
- მე რომ მაგის ოდესმე ჩამდენი ვყოფილიყავი, აქამდე ვიზამდი!
- რა თქვი?
- ძალიან გთხოვ, კარგად გამიგე, მამა... მე ვერ გამოვკრავ ჩახმახს თითს! არც იქნება საჭირო... მალე ჩვენები მოვლენ! და გაგვიყვანენ!


***

დილისკენ პაპამ უცნაურად შემომხედა.
- ვინ ხარ?
- ვინ ვარ? - დავფიქრდი მეც.
- ვინ ხარ?!... ან მე ვინ ვარ?!... სად ვართ?! - დაფეთდა პაპა, ფეხზე წამოდგა და მიმოიხედა.
სოფელში ნისლი ჩამოწოლილიყო. სახლები ძლივს ილანდებოდა.
- აქ... - ვუპასუხე მშვიდად და მეც წამოვდექი. ერთმანეთის მეტს ვეღარავის ვხედავდით. მერე ადგილზე დავტრიალდით. ნისლი სულ უფრო ბლანტდებოდა და გაუმჭვირვალი ხდებოდა.
- გზა საითაა? - იკითხა პაპამ და ხელისცეცებით წადგა ნაბიჯი ჩემგან ნისლში.
მისკენ გავიწიე, მაგრამ გვიანი იყო. პაპა აღარ ჩანდა. ხელების ქნევა ავტეხე. მერე დავიღრიალე:
- ჰეჰეეეიი!! პაპაა!!
მაინც არაფერი. არანაირი ხმა და პასუხი. არც ნიშანი. ასე სახლამდეც ვერ გავაგნებდი. შეიძლება სადმე ჩავჩეხილიყავი. სახლიც არ მახსოვდა, სად იდგა. გამოსავალი თითქოს არ ჩანდა. სოფლელებიც ყველანი ერთიანად დაკარგულიყვნენ. არც სოფელი ჩანდა. აღარც მოედანი. აღარც პაპა. აქაურობა ბლანტ ნისლს დაეფარა - გაუვალს, სქელსა და უიმედოს.



***

- ჩვენები აღარ მოვლენ, შვილო...
- რას ქვია, აღარ მოვლენ?! შენ თვითონ არ ამბობდი, მოვლენ და გაგვიყვანენო!
- ახლაღა ვხვდები, რომ სისულელეა...
- მოვლენ, მართლა მოვლენ და მე ვეტყვი... აგერ ნახავ, მამა... შენს თავს სასწრაფოდ ლაზარეთში წაიღებენ და შენს სხეულზე, ანდა თუ ვერ იპოვეს, სხვა თავმოგლეჯილის ტანზე მიაკერებენ!
- გრამაფონში!
- მე სინათლეს დამიბრუნებენ, მამა!... მუქ შუშებს ჩავისვამ! მართლა გეუბნები... ზამთარშიც სათვალით ვივლი! შენთან ერთად!
- გაჩერდი...
- ნახავ... ჩვენ კიდევ ბევრჯერ წავალთ სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად... მზეს-უმზირას ვიყიდით ბევრს...
- გახსოვს ბოლოს რომ ვიყავით?
- მაგას რა დამავიწყებს... შენ რომ მსაჯს დედა შეაგინე და გვერდით თურმე მამამისი რომ გვეჯდა.
- კაი დრო იყო, შვილო...
- იყო?!... იყო კი არა, იქნება! ჩვენები მოვლენ, მამა! შენ ტანს მოგაკერებენ, მე თვალისჩინს აღმიდგენენ! ზღვაზეც წავალთ. ცურვაში ხომ ისევ მაჯობებ, სამაგიეროდ, მე უფრო დიდხანს ვყვინთავ...
- გახსოვს, ძლიერი ქარიშხალი რომ ამოვარდა და ჩვენი ლეიბი იმ შენი გოგოებიანად შუა ზღვაში რომ წაიღო?
- აგერ ნახავ, კიდევ თუ არ იქნება, მამა... თხილამურებზეც დავდგებით. თხილამურები ისევ შენ უნდა მათხოვო. ჩემები, ხომ იცი, როგორი მოკლეა... ხან მე დავეშვები, ხან შენ.
- ბოლო დაშვებაზე ფეხი რომ მოგტყდა და მედპუნქტამდე ხელით რომ გათრიე, შვილო...
- მახსოვს, მამა... რა დამავიწყებს...
- წელი მთელი კვირა გაკავებული მქონდა...
- იქნება! კიდევ იქნება! აუცილებლად იქნება, მამა! რატომ არ გჯერა? აი, ჩვენები მოვლენ და...
- არავინაც აღარ მოვა, ჩემი ბიჭი! ყველაფერი პირთამდე მომსპარია და, მე მგონი, ერთადერთი ვართ, თუ ორად-ორი, ვინც გადარჩა...
- სსუ!
- არ მოვა-მეთქი არავინ!...
- ვიღაცა ხომ მაინც გადარჩა?...
- ჩვენ-მეთქი... ეს ძალიან ძლიერი აფეთქება იყო, შვილო... სიარული ხომ შეგიძლია?
- სიარული?
- წამოიწიე. ადე, ადე, გაუძელი!
- მმმ, საშინლად მტკივა, მამა...
- არ მიაქციო ყურადღება... ადე, ადე, და იცი, რა ქენი?
- ჰო...
- ჩემი თავი აიღე ხელში!
- რა შენი თავი, მამა?...
- აიღე-მეთქი!
- ხელში?
- აი ეგრე!... კარგად მომკიდე... მე ვხედავ გზას და, თუ გასვლაა - ერთად გავალთ!...
- ვერაფერს ვხედავ, მამა!...
- პირდაპირ გადადგი ოთხი ნაბიჯი!... ეგრე!... ახლა მარცხნივ. ერთი, ორი, სამი... სტოპ!
- რა ხდება?...
- ფეხი არ დაადგა, ვიღაცის მოგლეჯილი ბარძაყი გდია!... ოდნავ მარჯვნივ და პირდაპირ, ოღონდ ჩემი თავი არ გაგივარდეს - ძალიან ცუდად გიჭირავს, შვილო... წესიერად დამიჭირე! თითები კარგად შემომაჭირე!... მარცხენა ხელიც მოახმარე!
- ცუდად ვარ, მამა!...
- განვაგრძეთ გზა!... თამამად!... პირდაპირ სამი მოკლე ნაბიჯი... ახლა მარცხნივ შეუხვიე... ფრთხილად, ამ მუცელგამოფატრულს არ დაადგა ფეხი!
- ვაი, დედა...
- რა გაკვნესებს...
- აღარ მივედით, მამა?
- წესით კი უნდა მივსულიყავით.
- იქნებ გზა აგვერია?
- არა... აქაც გვამებია.
- ბევრი?
- ...ვიდრე წარმომედგინა, იმაზე დიდი აფეთქება ყოფილა... წინ ოთხი ნაბიჯიც და მერე მარჯვნივ შევუხვიოთ... აი ეგრე... აგერ წყარო!...
- დავიღალე და ყველაფერი მტკივა, მამა!
- ჰოდა, წყალი დავლიოთ... მეც დამალევინე... ცოტა შევისვენოთ... ჭიქა აგერ დგას, შვილო... მარჯვენა ხელი წინ გაიშვირე... ოდნავ მარცხნივ... ოოო, კარგია... ჩაბღუჯე და არ გაგივარდეს... ახლა ცოტა დაიხარე... ჭიქიანი ხელი არსად გასწიო... ზუსტად შენს ქვეშ მილია, საიდანაც წყალი გადმოდის... აავსე... ცოტაც.
- ცივი წყალი...
- მოსვი და მეც მომასმევინე... პირი, ხომ ხვდები სადა მაქვს, შვილო?
- ვიცი!
- კარგი ხარ... მეტი აღარ მინდა... გადააგდე ეგ ჭიქა... აღარა მგონია, კიდევ ვინმეს გამოადგეს!
- იდგას რა... ახლა საით? ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა!!
- ჩუ! რა გაყვირებს!... ანდა იყვირე რა, მაინც ვერავინ გაიგონებს.
- ნუთუ მართლა ყველაფერი აფეთქდა, მამა?
- სულ ყველაფერი!



***

რომ გამეღვიძა - ძირს ვიწექი. აქაურ მიწაზე. მიწა გრილი იყო - ოდნავ ნოტიო... სხვა სუნი ასდიოდა. ვერ ვიხსენებდი - რისი...
ირგვლივ სიჩუმე იდგა. აღარც ნისლი იყო და არაფერი ეგეთი. მიმოვიხედე, მაგრამ ვერავინ დავლანდე. სოფლელები ალბათ უკვე სახლებში შეკეტილიყვნენ, თავებიც ალბათ ბალიშებზე ეწყოთ და აუცილებლად სიზმრებში ხეტიალობდნენ. ფეხზე წამოვდექი და ჩამოვიფერთხე - სულ დამტვერილი ვიყავი. რომ გავსუფთავდი, მივაყურადე. საერთოდ ვერაფერი გავიგონე და მივხვდი - უცნაურად მძიმე სიჩუმე იდგა გარშემო.
მერე ცას ავხედე. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კაშკაშა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. კაი ხანს ავყურებდი. ყველა ვარსკვლავი ლამის ერთდროულად მერეკლებოდა თვალებში. რომ მოვიბეზრე, დედამიწას დავუწყე ძებნა. დიდხანს ვეძებდი - ვატრიალებდი თავს აქეთ-იქით. ლამის მთელ საათს. ცასაც ამ ყურებაში თითქოს მელნისფერი შეეპარა და მტრედისფრად იწყო გარდაქმნა.
მაინც ვერ მივაგენი. ერთი, რაც შევამჩნიე - მის ადგილას მხოლოდ ლაქაღა ჩანდა - პატარა, მუქი ნისლივით ერთი ბეწო ლაქა. მზერა მოვძაბე და კიდევ დავაკვირდი. არ მეშლებოდა - ლაქა იყო მხოლოდ და მორჩა.
უეცრად საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა, ერთიანად გამაცია და ყველაფერი ერთდროულად მომინდა: ტირილიც, სიცილიც, სიცოცხლეც, სიკვდილიც...



***

- მორჩა!... ასე აღარ შეიძლება! აღარც შემიძლია, მამა!
- დაწყნარდი!
- ამ ჩემს სიბრმავეს, საეჭვოდ აღდგენილ მხედველობას, საძაგელ სათვალეს მირჩევნია, საერთოდ არ მედგას ეგეთი თავი კისერზე!
- რეებს ბოდავ?!... მარჯვნივ გატრიალდი და წინ ექვსი ნაბიჯი, შვილო!!
- მორჩა-მეთქი!
- დაწყნარდი!
- მე უკვე ვიცი, რაც უნდა ვქნა, მამა!!
- გაჩერდი-მეთქი, ჩემი ბიჭი!!
- არავითარი ჩვენები აღარ არსებობენ!!... აქ ესე იგი, ყველაფერი მორჩა, მამა!...
- მაგას თუ ხვდები, კაია...
- მოიცა... შენ რომ მაჩუქე, ის დასაკეცი დანა ჯიბეში უნდა მედოს... გულის ჯიბეში!
- რომელი დანა?!
- აქაა!... ვიპოვე!!! ძალიანაც კარგი...
- რაიმე სისულელე არ ქნა, შვილო!!
- მე ვიცი, რასაც ვიზამ!!
- გაჩერდი-მეთქი!...
- იმას, რაც თავიდანვე უნდა მექნა, მამა!!!
- რეებს ბოდიალობ?!
- საერთოდ მოვიჭრი თავს და შენსას დავიდგამ მხრებზე!!!
- რაა??!
- რა და, რაც გაიგე, მამა!
- შენ გაგიჟდი!!
- ჩვენ ხომ, რამდენი ხანია, ერთად მოვდივართ - მე შენიდან, შენ შენი მამისგან, ის კიდევ უფრო შორიდან...
- არ გინდა!!
- ერთი სიყვარულით, ერთნაირი გემოვნებით, ერთნაირი მიხვრა-მოხვრით, ერთნაირი სურვილებით...
- არ ქნა!!! არაააა........
- და ვიტირებ მაინც... ბოლოჯერ, მამა... ვინმემ ხომ მაინც უნდა იტიროს, ვიდრე ყველაფერი საბოლოოდ დამთავრებულა...


***

სადღაც ყურისძირში მამალი აყივლდა: "იყოდაარაიყოოოოო..."
ყური მივუგდე. მამალი იყო რო?... ძალიან ახლებურად ყიოდა - სულ სხვა ხმით და გაბმულად. ყიოდა და არ ჩერდებოდა. არ ვიცოდი, რა მექნა.
მიმოვიხედე. ყველაფერს ვაკვირდებოდი: აგერ სახლები, მძინარე სახლები, ადამიანებიანი სახლები - ერთნაირები, დაბლები, საწყლები... მერე აქაურ ჰორიზონტს მოვავლე მზერა - მთებიც მესხვანაირა. გორაკებიც. ხეობაც.
მერე ძაღლი აყეფდა. უცნაურად ყეფდა. სულ სხვანაირად: "აღარვარ!... აღარვარ!" - ძაღლი იყო რო? გულმა საშინელი ხმაურით იწყო ხტომა.
მერე ერთ-ერთი სახლის კარი გაიღო. იქიდან ვიღაც გამოვიდა და ბოსელში შეაბიჯა. ვერ ვიცანი. იმას მეორე მოჰყვა. წყაროსკენ გაუყვა. ხელში სხვანაირი დოქი ეჭირა - დოქი იყო რო? - და თვითონაც უცნაურად გამოიყურებოდა. სოფელი იღვიძებდა.
"იყოდარაიყოოოო..."
ყველაფერი სხვანაირად გამოიყურებოდა და სხვა სუნი ასდიოდა.
"აღარვარ!... აღარვარ!"
თვალები მთელი ძალით მოვხუჭე და უცებ ძალიან შემეშინდა: - მაინც ყველაფერს ვხედავდი.
გაკვირვებულმა ქუთუთოები ფრთხილად მოვისინჯე - თვალები აშკარად დახუჭული მქონდა.
საშინელმა შიშის გრძნობამ ლამის სუნთქვა შემიკრა.
ფრთხილად მოვისვი ლოყებზე ხელი... ნიკაპზეც, ცხვირზეც, წარბებზე, საფეთქლებზე. შემდეგ შუბლზე ავიცურე და ვიდრე მოულოდნელობისგან ერთიანად გამაცხელებდა, კიდევ ერთხელ გავიგონე: "იყოდარაიყოოოო..." "აღარვარ!... აღარვარ!"
შუბლზე მესამე თვალი მქონდა და იქიდან ცხარე ცრემლი მდიოდა
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 1250 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.