Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ივი ალხაზიშვილი - მოქალაქე X-ის დღიურიდან
7:23 PM
ივი ალხაზიშვილი - მოქალაქე X-ის დღიურიდან

ნოტარიუსი: საკუთრება რომ გადააფორმოთ თქვენი მეუღლის გარდაცვალების ცნობა უნდა მომიტანოთ სამისამართო ბიუროდან.
მოქალაქე: გარდაცვლილის მოწმობა მაქვს, ალბათ ეს გინდათ?!
ნოტარიუსი: არა. Gგარდაცვლილის მოწმობა არ არის საკმარისი, საჭიროა ამავე დროს ცნობა გარდაცვალების შესახებ.
მოქალაქე: ეს ორი ცნობა ერთი და იმავეს ამტკიცებს, თუ ერთია, მეორე რა საჭიროა?
ნოტარიუსი: მე როგორც გეუბნებით ისე გააკეთეთ, ორივე ცნობაა საჭირო. მეუღლის გარდაცვალების მოწმობა უკვე გაქვთ, ახლა გჭირდებათ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. მიხვალთ ბუდაპეშტის ქუჩაზე და იქ აიღებთ ამ ცნობას.
სამოქალაქო რეესტრში წავიდა, როგორც ნოტარიუსმა ურჩია. აგვისტოს პაპანაქებაში, ძლივს მიაღწია ბუდაპეშტის ქუჩამდე, ხოლო ვიდრე მიაღწევდა ჩაუარა პოლიციის შენობას, სადაც ძველად აბანო ფუნქციონირებდა. X-ის მოგონებები ორმოცი წლის წინანდელ სინამდვილეში იწყებდა ტივტივს და გახვითქული ჩერდებოდა რომელიღაც ხის ჩრდილში და მანამ ეკუთვნოდა გაცოცხლებულ წარსულს, ვიდრე აწმყო არ შეახსენებდა თავს, რომ დროზე უნდა მისულიყო სამოქალაქო რეესტრში და ის საქმე გაეგრძელებინა, ამ დილით ნოტარიუსთან რომ წამოიწყო. წარსულში რომ იძირებოდა, არც მოვალეობა და არც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავს არ ახსენებდა და იყო ასე ლაღად, ვიდრე აწმყო არ ამოძვრებოდა სამალავიდან და არ შეანჯღრევდა. თუმცა რა ამოძვრომა აწმყოს სჭირდებოდა, სულ აქ არ იყო?! X მიდიდოდა დროდადრო სადღაც და დრო-ჟამი ერეოდა ერთმანეთში და აგრძელებდა თავის საქმეს, რომლის ნაწილი თვითონაც იყო, იმის ნაწილი, რასაც იმჟამად აკეთებდა და რასაც მიჰქონდა დრო უმისამართოდ იქ, სადაც უყვარდა ხოლმე ჩაყურყუმალავება და ამოყვითვას არ ჩქარობდა. ასე, რეალობასა და წარმოსახვას შორის გაწელილ თუ გარემომცველ დროში კინაღამ ჩაიკარგა, მაგრამ შუქნიშანთან მანქანის სიგნალმა შეაშინა და წამიერად გააქვავა ელექტრონის ბოძთან. როგორც იქნა მიაღწია სამოქალაქო რეესტრის შენობამდე, გამოაღო კარი და შეიკარგა ზუზუნში, გნიასში, ოფლისგან გაპრიალებული სახეების ანარეკლებში და მეცხრე სარკმელთან აიტუზა.
რეესტრის მუშაკი: რა გნებავთ?
მოქალაქე: მეუღლის გარდაცვალების ცნობა.
რეესტრის მუშაკი: მომეცით გარდაცვლილის მოწმობა და თქვენი პირადობა.
/მოქალაქე საქაღალდედან იღებს საბუთებს და ზოზინით აწვდის რეესტრის მუშაკს/
მოქალაქე: აიღეთ..
რეესტრის მუშაკი: თქვენ არ გინდათ ასეთივე ცნობა?
მოქალაქე: ჰმ.. მე? /გაოცებისგან პირი დააღო მოქალაქემ/ მე ხომ ცოცხალი ვარ?
რეესტრის მუშაკი: დიახ, ცოცხალი ხართ, მაგრამ ვინ იცის?
მოქალაქე: რა, არ მეტყობა, ცოცხალი რომ ვარ?
რეესტრის მუშაკი: საკუთრების გადაფორმებისას ამ ცნობას ცოცხალიც იღებს და მკვდარიც, ორივე.
მოქალაქე: მე რა ორივე ვარ ერთდროულად? მკვდარი როგორღა იღებს??
რეესტრის მუშაკი: თქვენი ნებაა, მაგრამ ხელი არ შეგეშალოთ საკუთრების გადაფორმებისას, მაინც აიღეთ.
მოქალაქე: რა, საბუთი ავიღო, ცოცხალი რომ ვარ?/ხმამაღლა იცინის/
რეესტრის მუშაკი: ვერაფერს ვხედავ სასაცილოს. თქვენ იცინეთ და ვინ იცის, როდის მოკვდებით, მერე ვინღა მოგცემთ საბუთს, რომ ცოცხალი ხართ? ვიდრე ცოცხალი ხართ აიღეთ საბუთი, რომ ცოცხალი ხართ.
მოქალაქე: რას ამბობთ, ნოტარიუსი არ დამიჯერებს რომ ცოცხალი ვარ და სიცოცხლის დამადასტურებელ საბუთს მომთხოვს?! მერე ხომ შეიძლება ამოვუღო.. საბუთი! /ისევ იცინის/
რეესტრის მუშაკი: აქ სახელმწიფო დაწესებულებაა და წესიერად ილაპარაკეთ.
მოქალაქე: რა ვთქვი უწესო? მომეცით მეუღლის გარდაცვალების ცნობა, ჩემსას მერე ავიღებ.. მოგვიანებით.
რეესტრის მუშაკი: რას აიღებთ მოგვიანებით?
მოქალაქე: ჩემი გარდაცვალების ცნობას..
/რესტრის მუშაკი აწვდის მეუღლის გარდაცვალების ცნობას/
მოქალაქე: მადლობა, ქალბატონო..
რეესტრის მუშაკი: ახლადდაქვრივებული მაინც არ იყოთ, სიცოცხლის დამასტურებელი საბუთის დაძრობით რომ გვაშინებთ.. მასეთები გვინახავს? შენ გგონია მართლა ცოცხალი ხარ? გეშლება. საბუთს რომ ვერ წარადგენ, მაშინ მიხვდები რომ არ ხარ ცოცხალი და საკუთრებასაც ვერ გადაიფორმებ.
მოქალაქე /დაეჭვებული/: ისე, მართლა ხომ შეიძლება, თავი ცოცხლი მეგონოს და არ ვიყო ცოცხალი?! ძალიან საინტერესოა.. თქვენ ნამდვილად ცოცხალი ხართ, იმიტომ რომ მელაპარაკებით?!
რეესტრის თანამშრომელი: მასე შენც კი ლაპარაკობ, მაგრამ საბუთი მაინც გჭირდება, რომ ცოცხალი ხარ.
/მოქალაქეს დააცემინა/
რეესტრის მუშაკი: სიცოცხლე!
მოქალაქე: რა აზრი აქვს სიცოცხლეს, საბუთის გარეშე. მითუმეტეს, როცა ჯერ არ მოვმკდარვარ და სხვებს კი ცოცხალი არ ვგონივარ.
რეესტრის მუშაკი: გულს ნუ გაიტეხ. მეც ასე ვიყავი, მაგრამ მივეჩვიე.
მე: რას მიეჩვეიე?
რეესტრის მუშაკი: სიცოცხლის დასაბუთებას, რადგან სინამდვილეში მკვდარი ვარ.
მოქალაქე გაიფიქრებს: ეს ვერ არის კარგად.
რეესტრის მუშაკი: არც შენ ხარ კარგად.
საბუთი თუ არ აიღე ვერავის დაუმტკიცებ, რომ ცოცხალი ხარ.
მოქალაქე ფეხაკრეფით გადის სამოქალაქო რეესტრის შენობიდან და ფიქრობს:
ნუთუ მართლა მჭირდება ცნობა რომ ცოცხალი ვარ? მეორედ არ მომიწიოს აქ მოსვლა. ტელეფონი რომ გამომერთმია ნოტარიუსისთვის ხომ დავურეკავდი და გავიგებდი, მართლა მჭირდება სიცოცხლის დამადასტურებელი ცნობა თუ არა?! კარგახანს იყოყმანა, მაგრამ რეესტრის მუშაკს აღარაფერი ჰკითხა, რადგან შეეშინდა კიდევ ერთხელ არ დაეჭვებულიყო თავის სიცოცხლეში და ამ კატისებრ ქალს არ დაერწმუნებინა, რომ სინამდვილეში, ისიც დიდი ხნის მკვდარია. თუმცა ეჭვი უკვე ჩათესილიყო მის, ისედაც მერყევ ბუნებაში და წამდაუწუმ ათვალიერებდა საკუთარ ანარეკლს ვიტრინებსა და მანქანის მინებზე, სარკეზე აღარაფერს ვამბობ, რადგან სარკეს თუ სადმე წააწყდებოდა თვითდათვალიერების რიტუალს წამოიწყებდა; ეს პროცედურა მანამ გრძელდებოდა, ვიდრე არ დარწმუნდებოდა, რომ სანახევროდ მაინც ცოცხალია და თავის დასაიმედებლად იმასაც გაიფიქრებდა, სანახევროდ მკვდარი რომ ძალიან ბევრია, მაგრამ უმრავლესობამ ამის შესახებ არაფერი იცის.
ასეთი უცნაური შეკითხვა გაუფაჩუნდა თავში: რატომ არ უნდა არსებობდეს სანახევროდ მკვდრის თუ არა, სანახევროდ ცოცხლის სტატუსი, რაც შესაბამისი ცნობით დადასტურდება?! საკუთარი აღმოჩენით შეგულიანებული მოქალაქე ახალი წინადადებით დაბრუნდა სამოქალაქო რეესტრში და მეცხრე კაბინის რეესტრის მუშაკს თავის მოსაზრება, უფრო სწორად ინიციატივა გაანდო.
რეესტრის მუშაკს გაეღიმა:
სწორდ ფიქრობთ, მაგრამ ასეთ ცნობას _ სანახევროდ ცოცხალი ან სანახევროდ მკვდარი – არავინ გასცემს. ამისათვის საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც განიხილავს რამდენიმე ინსტანცია და დარწმუნებული ვარ დაუშვებს, რადგან შეუძლებელია უამრავი სანახევროდ ცოცხალი ადამიანის იგნორირება და მათი უფლებების უხეში დარღვევა. უფლებების დარღვევად ითლება, როცა სანახევროდ ცოცხალს სთხოვ მთლიანად ცოცხლის მოვალეობების შესრულებას. ეს პრობლემა ოჯახებშიც წამოყოფს ხოლმე თავს და ნახევრად მკვდარ ქმარს ან ცოლს მთლად ცოცხლის ვალდებულებებს ჰკიდებენ.
საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთად ამუშავდნენ მოქალაქე X და რეესტრის მუშაკი. Bბოლოს, როცა ტექსტის შედგენა დაასრულეს, ერთ მეგობარ მწერალს აჩვენეს და სთხოვეს სტილის ჩასწორება. მწერალი დიდი სერიოზულობით მოეკიდა საქმეს და ერთდერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩაასწორა, "სანახევროდ ცოცხლს” ან "სანახევროდ მკვდარს” – ამჯობინა- თავანკარა ქართული ენის საგნძურიდან ამოცურებული ზუსტი სიტყვა/კომპოზიტი/ ცოცხალ-მკვდარი, რაზეც მოქალაქე X და რეესტრის მუშაკი აღფრთოვანებული დაეთანხმდნენ.
რეესტრის მუშაკი ხშირად ეკონტაქტებოდა მოქალაქე X-ს და ინტერესით საუბრობდნენ ცოცხალ-მკვდრის დიდებულ სტატუსზე, რომელიც ასე შეეფერება მოსახლეობის უმრავლესობას და რომ შესაბამისი კანონის დამტკიცების შემდეგ შესაძლებელი იქნება ასეთი საბუთიც გაიცეს _ ცოცხალ-მკვდარი, თავის მრგვალი ბეჭდით, შტამპით და მრავალი ხელმოწერით.
ცოცხალ-მკვდარი, მართლაც რეალისტურად ჟღერს, ასე თვლიდა მოქალაქე X და გული სიხარულით ევსებოდა, რადგან დარწმუნდა, რომ არც მთლად ცოცხლი იყო და არც მთლად მკვდარი.
ერთი თვის თავზე, საკანომდებლო ინიციატივა ერთი პარტიის ლიდერმა გაახმოვანა პარლამენტის სხდომაზე და ინტერესით მოისმინა უმრავლესობამ, მაგრამ ერთმა დეპუტატმა პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა "ცოცხალ_მკვდარის” სტატუსის შემოღებას და მხარი არ დაუჭირა კენჭისყრისას. საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა და მის განხილვას არავინ აპირებდა, რადგან არაკორექტული და შეურაცხმყოფელი უწოდეს მოქალაქისთვის ცოცხალ-მკვდარის სტატუსის მინიჭებას.
ეს ამბავი, რომ შეიტყო, რეესტრის მუშაკი ეცა მობილურს და დაურეკა იდეის თანაავტორს, მაგრამ არავინ უპასუხა. ერთი თვე, მოქალაქეს რამდენჯერაც დაურეკა მისი ტელეფონი ყოველთვის საეჭვოდ დუმდა. სტატუსი ხომ არ შეიცვალა?! სერიოზულად ჰკითხა საკუთარ დუმილს რეესტრის მუშაკმა და მხრები აიჩეჩა.
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 1071 | დაამატა: GMaisuradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.