2:32 AM გავხდები შენი რიგითი წუთი | |
გავხდები:შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე, სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე. გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით, შენი ხელ-პირის დაბანა დილას, სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა. გავხდები:შენი მეზობლის წყევლა, ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი. გავხდები:შენი ერთგული ჩანთა, სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი, კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან, ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი. გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა და ქვაფენილის სველი ლაქები, ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა თავზე ხელების შემოლაგებით. გავხდები:შენი გამოცვლა კაბის, შიშველ სხეულზე ღრუბელი ქაფის და უცხო ზურგის შექცევა ბართან. გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის, ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა, წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი, ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა. გავხდები:დილის პირველი ყავა და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო, წარსული,რომელიც გაგიხდა ავად, წვიმაში მაინც გადის და ლოთობს. გავხდები:შენი მაგიდის წიგნი, რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს, ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ, როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს. გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი, კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი, ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი, ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი. გავხდები:შენი თამბაქოს სუნი, სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი. გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის, ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით. გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ? ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი... გიორგი ზანგური | |
|
სულ კომენტარები: 0 | |