Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 22 » წერილი დედას
10:30 PM
წერილი დედას
დედა, იცი, აქ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს.. ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა…

დედა, იცი, ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი… მეც ვისვრი, დედა.. დედა ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე.. სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა..
დედა ჩამქვრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჭების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი.. დედა ვხედავ და აღარ მტკივა.. სისხლი მდის და ვხელდები..
იცი ხუთი დღის წინ ირაკლი მოკლეს.. ხომ გახსოვს იკა, ერთად ვსწავლობდით.. მხიარული ბიჭი.. შენ ხომ გახსოვს დედა, როგორ ვმეგობრობდით.. უნდა გახსოვდეს, თორემ მე თუ გადავრჩი, ვიცი ბევრი აღარაფერი მემახსოვრება, თავიდან უნდა მომიყვე ჩემი ცხოვრება..
მე მხოლოდ გასროლიდან გასროლამდე ვცხოვრობ..
ხუთი დღის წინ ირაკლისაც დაასწრეს.. დედა ვერ მოასწრო სროლა.. გახედა და არ ესროლა.. იარაღი დაუშვა.. დედა ვაჟკაცი ბიჭი იყო, მისი მოკვლა საცოდაობას დაატრიალებდა და არ მოკლა.. მანაც დაუშვა იარაღი, დაინდეს ერთმანეთი.. იკამ გამომხედა და აცრემლებულმა მითხრა: ამის მოკვლა საცოდაობაა, შეხე რა ბიჭია.. ეს რომ მოვკლა, რა ნამუსით ვიცხოვროო.. და გაიღიმა.. ხომ გახოსვ დე, როგორი ღიმილი ჰქონდა… მაგრამ სხვებმა არ დაინდეს.. სხვამ ესროლა იკას.. და ღიმილიანი დავარდა.. აღარაფერი აღარ უთქვამს.. ირაკლის სისხლის სუნი დადგა ჰაერში.. იქ ცოდვის დღე დატრიალდა, დე.. იცი რა მოხდა? იმან, იმ ბიჭმა, თავისიანი მოკლა.. არ დაინდო.. არ აპატია, ომის მეგობარი რომ მოუკლეს.. არავის აპატია.. მერე ის გაგიჟებული ეგონათ დე, და მოერივნენ.. ვერ მოვითმინე.. ხომ გესმის ჩემი, შენ უნდა გესმოდეს, სხვა გზა არ გაქვს, დედა, უნდა გესმოდეს, რომ ვერ მოვითმინე. ერთდროულად ორი კარგი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან..
და ვისროლე..
ვისროლე და ტყვიას გავყევი, მთელი სურვილი ჩავატანე, მიზანს ვერ აცდებოდა, არ ჰქონდა უფლება, რომ ასცდენოდა.. არა….. ვირგრძენი, როგორ გაიარა ცივი ჰაერი.. კვამლი.. როგორ დაადნო ჰაერში გზად შემხვედრი ფიფქები.. მეც დავასწარი სხვას..
და მერე გაისმა ის ხმა.. ის საშინელება, რომელიც ყოველ ღამით მესმის.. ამ ხმას ვერაფერი სხვა ვერ გამოსცემს.. 22-25 წლის ბიჭის ჯერ კიდევ ნორჩი შუბლის ძვალი გადასკდა, დედა.. და ის ტყვია მე ვიყავი.. სკდომის ხმა..
ის ღამე არ დამძინებია, დედა.. ორვე გამოვიტირე.. დილით უკვე ცარიელი ვიყავი.. და ომმა ისევე დამტენა, როგორც ცარიელი მჭიდი.. სიკვდილის ისრებით გამავსო..
ბევრის თვალებში ჩავაქრე სინათლე.. ბევრს ვანანე დაბადება, დედა.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ..
ყველაფერი მავიწყდება ნელნელა..
იცი რა მენატრება? შოკმანჟე და ჩვენს ნაძვებში მინდორზე წამწოლა, ჩემს საყვარელ ბიძაშვილებთან ერთად.. ისევ ფაცხის აშენება მინდა.. რომ ჩამოვალ ავაშენებ მერე.. დედა თუ არ დავრუნდი, ბევრი მიტირე.. ყველას გააგებინე.. ყველამ მიტიროს.. ვიცი რომ ბევრს დავწყვეტ გულს.. ვიცი რომ ბევრი მოტირალი მეყოლება… ყველას უთხარი, დე, რომ მამაცი შვილი გყავს.. უნდა იამაყო, დედა.. სხვა აღარაფერი დაგრჩება თუ სხვებმა დამასწრეს..
მამამ იცის.. მამამ იცის, როგორ უნდა გაუძლოს ამას.. ის კაცია და ის გამიგებს. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით.. გაუფრთხილდი მამას…
დედა, ვიცი, რომ მეც შემეძლო ბევრის მსგავსად სახლში დავრჩენილიყავი, ავადმყოფის საბუთი გამეკეთებინა და ყოველ ღამით ლუდით ხელში სავარძელში ჩამჯდარს ტელევიზორი მეყურებინა და სადღეგრძელოებში მეპატრიოტა.. დედა, შენი შვილი უკვე კაცია.. ტყვიებში გაიზარდა.. მე სახლში ვერ დამაკავებდით… მე მათთვის არ ვიბრძვი.. თუ გადავრჩები, მათთვისაც მექნება პასუხი….
მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდება გული… დედა, თუ ვერ დავბრუნდი, ჩემს უჯრაში დიდი თეთრი რვეული დევს.. იქ ჩემი ლექსები წერია.. ეგ ლექსები მარიკასია.. მისთვისაა დაწერილი და მას მიუტანე.. ხომ იცოდი, მარიკა რომ მიყვარდა.. უნდა მეთქვა აქამდეც.. მომერიდა.. დამაგვიანდა..
დედა, გული მწყდება.. მინდოდა, ვინმე მეც მყოლოდა გვერდში ვისაც ისევე ვეყვარებოდი, როგორც მე.. ვისაც მოუნდებოდა ჩემთვის გულის გადაშლა.. ვინც მომეფერებოდა.. ვინც ჩემს მკლავზე დაიძინებდა.. ვის თმებშიც თავს ჩავრგავდი.. დედა ბავშვები მინდოდა.. ორი ბიჭი და ნაბოლარა გოგონა.. მე ეს ვერ გამოვცადე, დედა.. ვერ ვიცხოვრე…
მე თუ ვერა, ბიჭები დაბრუნდებიან.. ვინმე აუცილებლად დაბრუნდება.. ის იყოს ჩემი მაგიერი.. გადარჩენილ ბიჭებს მოეფერეთ.. აქ ხომ ყველას ერთი დედა გვყავს.. აქ ერთი სახელი გქვია ყველას.. დედა, იცი, აქ ისევ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს..
მე შევიცვალე…
მე აღარ მტკივა…
მე აღარ ვნანობ…

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1152 | დაამატა: wYaltUBskiI | რეიტინგი: 4.0/5
სულ კომენტარები: 2
2011-07-16 - 0:51 AM

dzaaaaaaaannnnnn magaria es tema konperenciaze movismine

2011-04-25 - 11:35 AM

sad cry cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.