Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » თუ გახსოვს
12:01 PM
თუ გახსოვს

თუ გახსოვს, ხშირად გალოდინებდი,
გეკარგებოდა მოსვლის იმედი;
მე კი შორიდან გითვალთვალებდი,
ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი.

მე მახარებდა შენი ჩივილი,
შენი ბუზღუნი და საყვედური.
ჩრდილში, ხეებთან იდექ ჩრდილივით,
მართლაც ჩრდილივით ჩემი ერთგული.

ხან შემხაროდი, შემჟღურტულებდი,
როგორც საკუთარ ბუდეს მერცხალი,
ხანაც დარდიანს გამისტუმრებდი,
რაღაც უთქმელი ეჭვით შემწყრალი.

ვცდილობდით და-ძმად მოვჩვენებოდით
სუყველა უცხოს... მაგრამ, ერთხელაც,
ვინმე ნაცნობს რომ შევჩეხებოდით,
გაიღიმებდა მრავლისმეტყველად.

ისევ ისე აქვს შენს ხმას სურნელი,
ისევ ისეთი მოგაქვს ხალისი,
ისევ იმგვარად ხარ სასურველი,
ჩემი ოჯახის დიასახლისი.

განა მიყვარხარ ახლა ნაკლებად,
ჩემი ოჯახის პატარა ია...
ისე კი გული მეთანაღრება,
შეყვარებული რომ აღარ გქვია...





......................................................





მზეო თიბათვისა,მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი ,ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე,ამას გევედრები...

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან
სული უმანკოთა მიეც მშვენიერი....

ხანმა უნდობარმან გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება
მზეო თიბათვისა ამას გევედრები....





......................................................



უკვე მოგეცი,
რაც მქონდა,
რაც მაქვს
და რაც ოდესმე მექნება-ისიც...
მე ვარ შენს სულზე გაკრული ჯვარცმა,
შენს ლურჯ სიზმრებში დანთქმული ნისლი...
ახლა შენ იცი,
თუ როგორ მტანჯავს
ამგვარი ყოფის გარდუვალობა,
რომ შენს ტაძარში დილამდე დარჩა
ჩემი სუნთქვა და ჩემი გალობა...
ახლა შენ იცი,
თუ როგორ ვფიქრობ,
როგორ ვოცნებობ,
ვცხოვრობ და ვკვდები...
ღამეულ სივრცეს ან როგორ ვიპყრობ
შენს თეთრ სხულზე დალეწილ ფრთებით...





.............................................



ეს გული სევდამ დააცარიელა
თვალმა კი გრძნობას უპასუხა,
არ ვიტყვი მიყვარდე მე სხვაზე ძალიან,
იქნება იმასაც უყვარხარ...

მაგრამ თუ შემოგხვდი შემთხვევით,
უგულო სახეს ნუ მიიღებ,
მე თუ შენს ხატებას ვემთხვევი,
რისხვას რატომ მესვრი ტყვიისებრ?

რა ვუყოთ არა ვერ ეგებ მიმზიდველი,
მაგრამ ხომ გაღმერთეს ფიქრებმა,
თუ დარჩა ეს ლექსი და ჩემი სახელი,
შენიც იქ იქნება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 826 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.