Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » მონანიების წერილი ....დან
7:27 PM
მონანიების წერილი ....დან
ღამის ნაფლეთი ეგდო ლოდებთან. დილის ნიავი დადუმდა,
აღმოსავლეთით მწველი სიწითლე ცას ემალივით აძვრა,
ფოთში დამხვრჩვალი თოთო რიჟრაჟი ზღვამ გამორიყა ბათუმთან
და ხელოვნური სუნთქვა არავის არც კი მოსვლია აზრად.

მაწუხებს ის, რომ გრძნობა შენდამი ვერ მოგითარგმნე ბგერებად,
ცრემლების სიმსხო ასოთა დაღვრით მგონი ტყუილად მოვცდი,
ის, რომ მიმაჩნდა ბავშვურ ნაბიჯად მშობელი დედის ფერება
და მე სულელი შუაღამისას მხოლოდ მიპარვით ვკოცნი-

დი და კარგ შვილად თავი მომქონდა (არადა სისხლი გავუშრე),
,,დიდა"(მეგრ.) თბილად მაკრთობდა უფრო, ვიდრე ქართული ,,დედა"...
თავს წავადექი, როცა ლექსს წერდა თორმეტფურცლიან რვეულში
ბაბა (ბინდისას,დენის სადენზე როცა მერცხლები სხედან)

და მე დავცინე, თითქოს ლექსები ჯერ არასოდეს მეწეროს
(ღამე ბაცილებს ბლომად იკრავდა ჯერაც ვერშემდგარ ტანზე),
მისი დარცხვენა...მისი თვალები...მისი ღიმილი...ასე რომ,
როცა ვიხსენებ, ჩემი სირეგვნე მწარე ტკივილით მავსებს.

გადამიშალა ზეცამ გულივით თხელი ღრუბლების ტატამი...
ჩემს დანაშაულს გამოვისყიდდი, თუმც ალბათ ოდნავ გვიან,
რომ ჩამექინდრა უცებ თავი, ან რომ გამეწია ოდნავაც,
რომ ამცდენოდა (ანუ, შემთხვევით) ბრმა (მაკაროვის) ტყვია...

ღამის ნაფლეთი ჩემს სამარესთან გდია. ნიავი დადუმდა,
აღმოსავლეთით მწველი სიწითლე ცას ემალივით აძვრა,
ფოთში დამხვრჩვალი თოთო რიჟრაჟი ზღვამ გამორიყა ბათუმთან
და ხელოვნური სუნთქვა არავის არც კი მოსვლია აზრად.
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 711 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.