Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » მიშო დადიანის ლექსები სრულიადში
11:49 PM
მიშო დადიანის ლექსები სრულიადში
(თამუსი სუბელიანს) 

ვანესა მეი და დღეს ვიწყებ ამგვარად, 
განწყობით მორიგ დღეს სიკვდილსაც მივუსჯი, 
შენ ახლა მზისფერი სიზმარით გძინავს და 
დილა კი შენს სარკმელს ჩიტივით მიუჯდა. 

გავივლი ქუჩაში, როგორც ეს მჩვევია, 
გამვლელთა თვალიდან სტრიქონებს ვაგროვებ, 
იცი, თამ, იქ ყოველ მათგანში წერია- 
-სიცოცხლე, 
როგორაც არ უნდა ათოვდეთ. 

წვიმა ზის ღრუბელზე, ბავშვობას აპირებს, 
წამოვა და ფერად კადრებად დამაწვიმს, 
ქუჩები იხდიან ბლანფიქსის მანტიას, 
შიშველი კრიოა-სიჩუმის დარაჯი. 

თამ, არის ხანდახან ამინდი იცვლება, 
სიცოცხლეს ფეხებთან გროშივით მოგვიგდებს, 
მე და შენ ყოველდღე თავიდან ვიწყებით, 
და მინდა ამ გზაზე პირველი მოვიდე- 

-სადაც შენ ტიტების სიზმარი დაკრიფე, 
და ექსტრასენსია სადაც კი სიო, 
და ისე, და ისე, და ისე, და ისე, 
და ისე ბავშვურად გინდა რომ სდიო- 

-იმ ფერად ყვავილებს, ნისლებში რომ ყრია... 
ამგვარი განწყობით ცრემლებიც არ მინდა, 
ვუსმენ და მივხვდები სიცოცხლის ნოტია, 
პირველი მოხვედი-დეუქს ექს მაქინა. 

მე ქუჩის კუთხეში თავდახრით დაგიცდი, 
სწორედ აქ დალბება უხეში ლაგაზი, 
ძვირფასო შენ ახლა გძინავს და არ იცი, 
რომ შენი ფანჯრის წინ თავს იკლავს ზამთარი. 

@@@ 

კედელი თეთრი და უცნობი მხატვარის 
სურათი-კუნძული- მემგონი კარიბი, 
ოთახის სიცივე ფანჯრიდან გადადის, 
იცის რომ მოდიხარ, სძულხარ და კარები 
იღება შიგნიდან-ყვითელი -ანდანტე, 
შემოხვალ, იცი რომ ვერ ვიტან სენტიმენტს- 
–ვამჟღავნებ როდესაც, თუმცა კი პოეტი 
მქვია და ვინახავ რაც კი მაქვს. გაწვიმდეს- 
-უხდება ხასიათს-შენ ამბობ ღიმნარევ 
წყენით და მიყურებ, მე ვზივარ პარკეტზე, 
ვეწევი თავჩახრით, (მუხლებზე საფერფლე)... 
და მერე თვალებით ლექსივით დამწერე. 
ვანესა მეის -ვრთავ , შენ გინდა როიშინ 
მერფი და ამაზეც ბავშვური კამათი, 
შენ შენი გაგაქვს და კოცნასაც მოითხოვ, 
და ასე ღამდება და ასე კადანსი. 
თავიდან თავიდან თავიდან თავიდან, 
კარების ზარი და შემოსვლა-ანდანტე, 
მოდიხარ მოდიხარ მოდიხარ მოდიხარ 
და შენი სულ ყველა მწვრილმანი გადამდე. 

@@@ 

მეგობარო რა მაცდური გქონია 
ნეკნი, იცი სიყვარულსაც ანგრევს, 
გეფიცები ბევრი გადაყოლია, 
გეფიცები კაცობას და ნამუსს. 

პასუხია რა მაგის და ძამიკო, 
ახლა უფრო მომეტებით ვიცი 
წყენა, მერე საჭიროც, რომ არ იყოს, 
მტკივა, თუმცა გვარზე ხტისო კვიცი. 

მამაჩემიც ისე ფიცხი კაცია, 
ნერვებიდან ტყვიასავით ისვრის... 
შენ კი იცი უბედობა რთულია, 
ჩაიცვამ და მუდამ ასე ივლი. 

ხო და გითხრა, უბედო ვარ ისეთი, 
დაღმართიდან დამეწევა ლოდი, 
ვიცი სადღაც წამატყდება კისერი, 
"დაიწყე და ასე უცებ მორჩი". 

შენც ისე ხარ, სულ კისერზე მეყრდნობი, 
გათრევ, სადაც წავალ ან და წავალ, 
დღეს კი უფრო დამემატე, ისეთი 
უღმერთობა დამემართა თანაც. 

ასე ანგრევს სილამაზე სიყვარულს, 
გამეპარა ძმაო სხვისკენ თვალი– 
არამარტო. გამებუტა მე საწყალს, 
ნაფერები ჩემი ასე ქალი. 

(ცუდი იყო რითმა, თუმცა ჯანდაბას), 
არც ბოლოდან პირველი ვარ ალბათ, 
მეგობარო რა მაცდური გქონია 
ნეკნი, ერთი მიპასუხე ადამ. 

@@@ 

ღამეა, თვალები წარსულთან კამათობს, 
კუთხეში სიბნელე კაცივით დამდგარა, 
ის ჩემი ბავშვობა, რომელმა გააქრო, 
ბავშვობა, რომელიც ლექსივით გათავდა. 

ვის გინდა პასუხი მოთხოვო მარგარეტ, 
ასეა, როდესაც ვერ ხვდები დროის სვლას, 
სულ უნდა იბავშვო, იბავშვო მანამდე, 
სანამდეც ეს გზები დაიწყებს გაყოფას. 

თვალებში მომდგარი, წვიმები, ციაგი, 
ვერ იტევს ნაპირებს მოღრუბლულ თვალიდან, 
გაჰყურებ ისევ და ვერ შემოტრიალდი, 
იცი რომ არასდროს იწყება თავიდან. 

ზეცას რომ გავყურებთ – ურანოგრაფია, 
ვხატავდით ჩვენ ორნი, გვინდოდა როგორც ეს, 
მოსვლიდან წასვლამდე ათასი კარია, 
ათასი კარია ძვირფასო მარგარეტ. 

არ მოვლენ ამაღამ ფეა და თეთრონი, 
სისხლისგან დავცალე ჯიუტი კალამი, 
გარეთ კი ქარია, რომელსაც მე მგონი, 
უთოუდ მოელის დილამდე კოლაფსი. 

მთვარეა – ლოდინი, დააწყდა ნერვები, 
პრინცესას ყვითელ ძილს დილამდე დარაჯობს, 
იღვიძებს მზე, მერე ჩამოშლის კულულებს, 
ჩავისვამ გულში და გავუშვებ არასდროს. 

ხელების კანკალი შეწყვიტე ამაღამ, 
ჯანდაბას ეგ შენი შვედური თამბაქო, 
ვიცი რომ მოწყენამ ჩემსავით დაგღალა, 
თვალებში, ამბობდი ღრუბლების ცა მაქვსო. 

იზრდება სიბნელის უძილო ასაკი, 
მე მსურდა ალბა და მიჰქონდათ აისებს, 
ვეძებდი საღამოს ზეცამდე გასაკვირს, 
და ვკრეფდი ნისლებში გადაყრილ ყვავილებს. 

წერილი ინგლისელ ქალს, რომელიც ჩემზე გაცილებით უფროსია 

რა უსაშველოდ ჩამოთოვა ჩვენთან მარგარეტ, 
ლოლოებივით გამეყინა ახლა სხეული, 
ეს უძილობის აჩრდილებიც ისე მაბრაზებს... 
და იბადება ისევ ტანჯვა ღამისეული. 

თქვენ გახვალთ გარეთ, მოუხდებით ლონდონურ წვიმას, 
კოხტა ნაბიჯით გაუყვებით ინგლისურ ქუჩებს, 
იცით, აქ ჩვენთან გაზაფხულს, რომ არასდროს ძინავს, 
უბრალოდ ზამთრის თავხედობას ღიმილით უმზერს. 

მორიგ სიგარეტს მოუკიდებთ, აწვალებთ ასანთს, 
გააბოლებთ და მოფრინდება ფიქრი თბილისზე, 
ლონდონის წვიმა დაგიხატავთ თბილისის ანძას, 
იცით, მარგარეტ, ვინც ეს ნახა ვეღარ ივიწყებს. 

მთვარეა, ახლა ისე ახლოს, ხელსაც შეახებ, 
და მის გარშემო კეკლუცობენ თეთრი ფიფქები, 
მე გწერთ მარგარეტ, თუმცა არ მაქვს იმის იმედი, 
რომ თქვენ ოდესმე შეიტყობდეთ ამის შესახებ. 

შენ მოხვალ მარტო 

ოთახი არეული, უაზრო თვალები, 
კედლების სიჩუმე და ძველი სიმღერა, 
ასეთი უბედო რომელ ცას გავები, 
ახლა სულ სხვაგვარი სიჩუმე მჭირდება. 

გადაყრილ ოცნებას წარსული აკენკავს, 
ჭკუაზე არასდროს ნერვები დადიან, 
შენ მოხვალ მარტო და გახდები ორსული, 
და ერთად დავუცდით პატარა დადიანს. 

ეს მაშინ, როდესაც იდგება ზამთარი, 
ცა უფრო თეთრისფერ ცრემლებით იტირებს, 
მოხვალ და თოვლიან სახეზე ლამაზი, 
სულ ციცქნა ნახევარ მთვარე გამიღიმებს. 

ანუ ტუჩები. თუმცა კი ნამამდე, 
ტყუილი ხმოვანი, პლანეტა გალია, 
კედელი რომელიც სიჩუმეს ქაჩავს და 
კედელი რომელიც სულ მართალია. 

ოჯალეში 

იდგა ლეჩხუმი, ოჯალეში და ანუ მერლო, 
მოხრილი წელში, ვით უფრორე კლაკნილი გველი, 
იწვა და ასე ნებივრობდა პატარა ჩერო, 
ვიდრე მზემ უთხრა გაღვიძებას თავის სათქმელი. 

პაპანაქება ჩაეხუტა კამარას ირგვლივ, 
პირველი ქანცი მოაწყვიტა ადრიან მგზავრებს, 
და იღვიძებდა მელოდია ქართული დილის, 
გზა–გზა ტოვებდნენ მკვლავმაგარი ბიჭები ნამღერს. 

ზეცამ ცრემლები შეიკავა შუადღეს უფრო, 
(მაინც წამოსცდა ცოტაოდენ).სიმხნევე გლეხთა 
ისმის ჩაივლი შარაზე და არც სასაუბრო 
არ დაილევა. დაღლისპირულს ვიმღერებთ ერთად. 

მერე საღამო შეიშლება, ორგია, ღვინო, 
და ძმებიც მოვლენ, მერამდენედ შევფიცავთ ძმობას, 
სისხლს უერთდება ოჯალეში, რომ გაგვაგიჟოს, 
და ყოველ ღამე პოეზია მომყავდა ცოლად. 

ხო და აქ ყველა პოეტია თავისი საქმის, 
ერთიც დაასხი მეგობარო, დაასხი ერთიც, 
დაღლილ გლეხების ხუმრობანა, სიმღერა ღამის, 
ქვას არა... მაგრამ პოეზიას ვადინეთ ლექსი. 

იდგა ლეჩხუმი, ოჯალეში და ანუ მერლო, 
მოხრილი წელში, ვით უფრორე კლაკნილი გველი, 
დაღლილ კაცივით ისვენებდა პატარა ჩერო, 
და ყოველ დილით თენდებოდა აქ საქართველო. 

@@@ 

ლუმბაგო, მიგრენი, თუმცა კი მერე რა... 
ასეა მუდამ და იტირებს გამჩენი, 
და თუ კი სავალი დღეს გამომელევა, 
გაყინულ ქალაქში შენ მარტო დარჩები. 

@@@ 

მითხარით საათი ახლაა რომელი, 
პასუხი: დამშვიდდი, ისევ ნუ დაიწყე, 
ხუთ წუთში უთუოდ გახდები მშობელი 
და ხელში პატარა გოგონას დაიწვენ. 

@@@ 

აღარაფრის მთქმელ სურათებად გავყურებ ხატებს 
კუთხეში, თითქოს უცნობ ხალხის ალბომებს ვათვა- 
ლიერებ, ისე უხალისოდ ჩავკეცავ თვალებს, 
რომ გეგონება სიკვდილამდე სიკვდილი დარჩა. 

ძველი ფილმი და რევერანსი ვიღაცა ქალის- 
-მაღიზიანებს, მეზარება თუმცა კი შეცვლა 
არხის და ასე საღამომდე მიტანა თავის, 
შველა მჭირდება და მშველელი არა და არ ჩანს. 

ბედნიერების პაროდიას ვაკეთებ მეგო- 
ბრებთან, მომბეზრდა, უფრო სწორედ შემზიზღდა ესეც, 
მარტო დარჩენილს, ვხვდები , მხოლოდ ლექსიღა მერგო, 
რომელსაც ალბათ ვერ ავუვლი გვერდს. ჰო და დღესაც 

დავწერ და მერე უსათუოდ დავტანჯავ ღამეს, 
მავან ქურდივით რომ მოძვრება ყოველ დღე ჩემთან, 
ოთახში, ასე გულსაკლავად მიბნელებს ფანჯრებს, 
სადაც კი ორთქლში დაწერილი ჯერ კიდევ შერჩა 

შენი სახელი, რომ დავწერე ამ დილით თითით. 
დღითიდღე ერთი გრამით უფრო მძიმდება სუნთქვა, 
იცი, ძნელია გეფიცები, თუმცა კი ვიცი, 
ჯვარი ბოლომდე მივიტანო კაცურად უნდა. 

უზრდელ სიჩუმეს ბალიშის ქვეშ გაუდის ვადა, 
მეთიუ გორდონ-შენ მიგიძღვის ამაში ბრალი, 
და ტრიუმოში დაწუნებულ თავჩახრილ ვარდებს, 
თვალებით ყველა ლამაზ ფურცელს სათუთად ვაცლი. 

@@@ 

ზეცამ დილა გასაღებით გააღო 
და გრიპივით გადაედო ქალაქს, 
ზაფხულმა კი ბოლო სითბო წააგო 
და დროებით დაიკარგა სადღაც. 

@@@ 

კედლიდან სიჩემე წვეთავს, 
იცი გვიანია უკვე, 
და ისე უძილოდ წვები, 
დაიმარტოხელებ ნუგეშს. 

რომელიც იპოვე არსად, 
უფრო მოიგონე თვითონ, 
ღამეს გამოართვი ჩანთა, 
სადაც გაზაფხული იდო. 

გესმის საათების კვნესა, 
(გძულდა ბავშვობაში მახსოვს), 
ალბათ ახლაც ისე გჯერა, 
ოთხ კაცს მოვერიე მარტომ. 

ბავშვურ გიყვებოდი ტვინით, 
ისე გულუბრყვილო ჩანდი, 
ისე დაიწყებდი ტირილს, 
ისე ბავშვურ გულით გწამდი. 

მერე უდროობამ, თუ დრომ, 
(ან და როგორც არი, რავი)… 
ზურგის მოგვისროლა მხარეს, 
და ჩვენც უჟანგბადოდ დავრჩით. 

მე კი უფრო იქით მიკრეს 
ვირის აბანოში თავი, 
სუნთქვა გავიყოლე შენი, 
მეყო წელიწად და სამი 

თვე. ეს ვარსკვლავები–ასტრა, 
თითქოს წვიმებია–რეტრო, 
და ეს პასეიზმის აკმე, 
ღამის ლექსებივით მერგო. 

ღამე სტუმარია ზეცის, 
შავი შემოუსხამს "პალტო”, 
ასე დავდივარ და მტკივა, 
თავზე ისტორია მათოვს. 

ძველი მაკაროვი, რიგში 
კენტად შენახული ტყვია, 
სულ ჩემს გაბრაზებას ცდილობს, 
ესეც ნათქვამია რბილად. 

კედლიდან სიჩუმე წვეთავს, 
ძლიერ გვიანია უკვე, 
მთვარე ფანჯარაში მხედავს, 
და ბავშვობით მივსებს უბეს. 

ახლა ვარსკვლავები–ასტრა, 
თითქოს წვიმებია–რეტრო, 
და ეს პასეიზმის ლაკმე, 
ღამის ლექსებივით მერგო. 

@@@ 
მაშასადამე დრო იყო და დროც იყო სადღაც... 
ამინდი უჟმურ გამთენიას ძვლებიდან სტეხდა, 
ცაზე კი მხოლოდ ერთადერთი ღრუბელი ჩანდა 
და ბოლოს ისიც გაიფანტა ნაფაზთან ერთად. 

მზე იყო, თუმცა მზეს არ გავდა, აქედან ითქვას, 
იმიტაციას აკეთებდა უფრორე თერმოს. 
ტრაპთან კადრები გაიყინა, დასველდა მიწა, 
ცრემლით, რომელიც მიწას შვილი თვალიდან ერგო. 

აფრინდა შენი ცარეილი სხეული სივრცეს, 
ორივემ ვიცით ენტონ, გული მიწაზე დაგრჩა, 
ატამანებმა პირველ სტარტის ბრძანება მისცეს, 
ახსენე ღმერთი, თუმც შენ იგი არასდროს გწამდა. 

არც არაფერი, ჩვეულებრივ გაგრძელდა კონტრო– 
ვერსი ოფთალმოს და მიწაზე დარჩენილს შორის, 
აზრი არ ააქვს ბედს თვალები რომ გაუსწორო, 
მოულოდნელად დაგატყდებათ ძვირფასო ბორის. 

წუთები წუთებს შეუმჩნევი თვალიდან წოვდნენ, 
ცრემლი, რომელიც შეინახე სუნთქვამდე დაგჭრის, 
ერევი თვალებს, გულს ვერა და საჭირო დრომდე, 
ძნელია ალბათ წვიმებივით წვეთავდეს დარდი. 

იყო სიჩუმის საათები და იყო ძილი, 
სიცოცხლე კუთხეს დატუქსული ბავშვივით იდგა, 
და გრძელდებოდა ჩვეულებრივ მგზავრობა რიგში, 
იმ დღეს მათ შორის თვითმფრინავში მიქელ გ... ც იჯდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1087 | დაამატა: goodnot | რეიტინგი: 4.5/6
სულ კომენტარები: 1
2011-12-17 - 8:31 PM

თამ, არის ხანდახან ამინდი იცვლება,
სიცოცხლეს ფეხებთან გროშივით მოგვიგდებს,
მე და შენ ყოველდღე თავიდან ვიწყებით,
და მინდა ამ გზაზე პირველი მოვიდე....

yvelaze dzaliaan miyvarss <3 <3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.