Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » კარგი ლექსების კრებული
10:53 PM
კარგი ლექსების კრებული
ო, სიყვარულო,
მოწყალე იყავ!
თუ გამიხსენ
სიბრძნისა და სიუხვის კარი,
ცოტაც კიდევ დაითმინე,
ნუ აიკრეფ ადვილად კალთას,
ნუ გამეცლები!
მაისის წყალს როცა მეც დავლევ,
შენა ხარ ჩემი ერთადერთი ჭირისუფალი,
სიხარულის უკანასკნელ ცრემლს
შენ გიტოვებ,
შენს მომლოდინეს -
ყველას, ყველას წამწამს შეაბი...
სამარის ბნელშიც
შესძრავს ჩემს გულს
შენი სუნთქვა - ელვის ნაკვესი,
შენი ქარცეცხლის დალოცვილი,
წმინდა ჩქერალი...

იზა ორჯონიკიძე
-

როგორც ყოველთვის,
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.
ახლა მგზავრი ვარ და დუმილში
ვჩურჩულებ მგზავრი:
- მშვიდობით იყავ, აწ და მარადის.
ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის
არც დავიწყებად, არც უკვდავებად,
შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი
და ათასებიც მეცოტავება.

მირზა გელოვანი
-

ამასობაში, ზღვრამდე მივედი.
მე მგონი, სუნიც მეცა სუდარის.
შენღა ხარ ჩემი ბოლო იმედი
და ჩემი ბოლო ნავსაყუდარი.

ოღონდ, შენ ჩემო ბოლო იმედო
და ჩემო ბოლო ნავსაყუდარო,
ვინც მე გამწირა და გამიმეტა,
იმას ვეკუთვნი კვლავ... სამუდამოდ.

ირგვლივ წარსულის წყვდიადი მაკრავს
და მივისწრაფი თავქვე ხალისით.
გული კი ფეთქავს, ჯერ ფეთქავს, მაგრამ
რაღასთვის ფეთქავს, თვითონ არ იცის.

ოთარ ჭილაძე
-

განა ამისთვის ვეწამე ამდენს,
რომ განშორება მეგლოვა ბოლოს.
შენი ბაგენი ალუბლებს ჰგავდნენ,
მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.

მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა,
არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო. . .
შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,
მეც შავი ღვინო მიყვარდა, ქალო.

ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,
ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,
იღიმებოდი და საოცარი
მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.

ვინ იცის, მოვა კიდევ შხაპუნა?
ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან. . .
მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,
მე უშენოდაც მიჯნური მქვია.


ალექსანდრე საჯაია
-

--------------
მაპატიე დედა!
-

ისე შეგატოვე ხელში გარინდება,
თითქოს ჰაერს შერჩა ჩემი ორეული,
დედი, დღეს წამწამმა თრთოლვა გაგიბედა,
ღაწვი შეგიფაკლა გრძნობა_მორეული...

შემკრთალი სიმშვიდით ცრემლს რომ ეამბორე,
დედა დღეს პირველად შენში გავიცანი,
ოდნავ მაცდური და მუდამ მეამბოხე,
მზერა შემიხვიე საგზლად, ნაღვლიანი...

ვეღარ განუგეშებს ვიცი გაზაფხული –
მე და აპრილმა ცრემლით მოგიყვანეთ,
დღეს ბოლო შეხედვა სიშორეს გპირდება,
ტკივილს ვერ ვაყუჩებ შენში მობინადრეს...

ვხედავ, ბედტიალი, ჟამი უკეთური...
ყოველდღე თითო იმედს გვართმევდა...
გწამდეს, ამ ტკივილებს გავაუფერულებ,
გაზაფხულს დავხატავ, დედა შენს თვალებთან...

არაფერს გპირდება ურჩი გარინდება,
ჰაერი შეგატოვე გრძნობა-მორეული,
დედი, წამწამმა რომ თრთოლვა გაგიბედა,
პატიებას ითხოვს ჩემი ორეული...


მაია გონჯილაშვილი
-

კარგა ხანია,
რაც მე შენთან არ მედგომება
(უბედურია ქალი,
გულით გამორჩეული!),
მე გამაბეზრეს
სასაცილო ჩემმა ომებმა,
რომლებიც არ ღირს
ერთ ყვავილად ამ ბროწეულის...
ახლა მაისის
კოპშეკრული ქუში დარია,
საცაა ზეცა დაიგრგვინებს,
გატყვრება მეხიც...
წალეკოს მაინც
რაც ტკივილი და სიმწარეა,
იმდროინდელი,
რაც მიწაზე შემოვდგი ფეხი...
გარიოს მაინც
ამდენ შხამში სულ ერთი წვეთი
უცეცხლო თაფლის,
მათრობელა სურნელი ველთა,
დაირღვეს იქნებ
ჩემი ციხის უმზეო მკერდი
გამოჩნდეს ვინმე -
თუნდ სიკვდილის მოჰქუხდეს ელდა...
გაიხა ღრუბლის
მორღვეული,
ელამი უპე
და ვიდრე ავდარს
თავს შეუშვერს მიწა ეული,
ავწიოთ
ჩვენი სიყვარულის
პატარა კუბო
და ჩავფლათ სადმე
უხმოდ!
როგორც ძე უდღეური...


იზა ორჯონიკიძე
-

რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი "ხვალე".
-დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!

ხვალიდან ვდგები დილაადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.

ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.

იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალვე ვისესხებ, ხვალე გიყიდი,
კარგი, დაწყნარდი, კარგი!

ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე, ხვალე და ხვალე!

შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება,
მიდი, თვალე და თვალე!

შოთა ნიშნიანიძე
-

გათენებისას
ნელა ვიცვამ პიჟაკს და პალტოს,
ნელა ვიკეთებ კაშნეს,
ნელა ვიხედები სარკეში,
იქ საკუთარ თვალებს შევყურებ,
რომლებიც ნელა იფერფლებიან სარკის კიდეზე,
იღვრებიან ჩარჩოებიადან
და ყინულის თეთრი მტვერივით
ეფინებიან იმ ოთახს, სადაც
ცეცხლოვანმა და ვარდისფერმა ძუძუებმა
ჯოჯოხეთის გრილ სამოთხეში
შეიწოვეს ჩემი თრთოლვა, ჩემი ალმური.
ქუდს ვიხურავ და სიგარეტს ვაქრობ,
ნელა, მშვიდად, აუღელვებლად,
ჩავკეტავ კარებს
და როდესაც მეჩვენება,
რომ წყნარ დღეში გადავდგი ფეხი,
იმ ოთახიდან თავზარდამცემად
სამი წითელი მიხაკი ყვირის.

შენ შუბლს ახეთქებ კედელს, რომელიც
დიდი ხანია აღარ არსებობს,
შენ კოცნი ქარებს, რომლებმაც უკვე
მოისმინეს ფოთოლცვენის ცივი სიმღერა
და მინდვრებს იქით გადაიკარგნენ,
მათი უჩინარი ნაფლეთები
შემოდგომის ხეებზე კანკალებს.
შენ გიყვარს ღამე, დიდი ხნის წინ გათენებული
და მის შავ წყალში
ფოთლებივით ჩაცვენილი შენი ხელები.
არ დამთავრდება ეს სიცრუე,
მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ,
რომ სიზმრის ლურჯი ჭუჭრუტანიდან
ცხოვრებას აფრთხობ და ენას უყოფ.

სანამ ჩამრთველი გაიჩხაკუნებს
და საგნები დაიბრუნებენ
მხოლოდ მათთვის გაკუთვნილ ჩრდილებს,
სანამ აგამღვრებს
ფაფუკი და მტრული წესრიგი,
რომელიც ცდილობს შეგინარჩუნოს
და შენს ნაბიჯებს ისაკუთრებს,
ხარბად ისრუტავს.
სანამ ჭიქაში დაისხამ წყალს,
სანამ დალევ სვენებ-სვენებით,
და მწარე ოხვრას ამოაყოლებ,
სანამ აწვალებს შენს ფანჯარას
ილუზიურ ელენეს შუქი -
არ თქვა: დავბრუნდი!

თამაზ ბაძაღუა
-

ლოცვით გავიკვლევ
ნაჩვევ ბილიკებს,
იღვენთებიან
ფიქრად დღეები
და...
მე წარსულის
სანთლის ციმციმზე
შორს მომავალში დავეხეტები...
შევეხიზნები
დღეებს ფეთიანს,
დრო უნდობელი
სუნთქვას თუ მაცლის,
ცხოვრების წიგნზე
სანთლად ვენთები,
მის მთრთოლავ ფურცლებს
ლოცვით გადავშლი…


მაია გონჯილაშვილი

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1098 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-20 - 10:54 PM

love magari leqsebiaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.