როგორ იხსნეს მშობლებმა სიყვარულით დაბრმავებული გოგონა - 21 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
პარასკევი, 2016-12-09, 4:53 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » როგორ იხსნეს მშობლებმა სიყვარულით დაბრმავებული გოგონა
11:54 PM
როგორ იხსნეს მშობლებმა სიყვარულით დაბრმავებული გოგონა
ჩვენმა რესპონდენტმა, ახალგაზრდა ქალბატონმა ნიამ, ასეთი ამბავი საკუთარ თავზე იწვნია და ახლა თავისი პირველი უიღბლო სიყვარულის ისტორიას გვიამბოს.

ნია:

– ჩემი სიყვარული სკოლის ასაკიდან დაიწყო. მეორე კლასში ვიყავი, მშობლებმა ახალ სკოლაში რომ გადამიყვანეს. პირველ სექტემბერს გოგო–ბიჭი დაგვაწყვილეს და კლასში ისე შეგვიყვანეს. მე და ზუკა ერთად აღმოვჩნდით. იმ დღიდან ერთ მერხზე მოვხვდით და, მისივე თქმით, მაშინვე შევუყვარდი. მე მხოლოდ ამხანაგად აღვიქვამდი. შრომისმოყვარე, ფრიადოსანი, წიგნებში თავჩარგული ბავშვი ვიყავი. რომ გავიზარდე, არამარტო კლასში, სკოლაშიც გამოვირჩეოდი. მას კი სწავლა არ უყვარდა, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი იყო. მაღალ კლასებში უფრო აიშვა თავი, მთელ დროს ქუჩაში ატარებდა.

– ბოლოს როგორ მოახერხა, თქვენთვის თავი შეეყვარებინა?

– მის მიმართ გრძნობა მეათე კლასში გამიჩნდა. თავიდან ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ასე ხანგრძლივად, მთელი სკოლის პერიოდში ვუყვარდი – ამან დამაფიქრა. უცხო, გამორჩეული გარეგნობის, საშუალო ტანის, გამხდარი, ქერა და ცისფერთვალება ბიჭი გახლდათ. თან "კაი ტიპი" იყო, ვითომ კაცობდა, ცდილობდა, პირნათლად შეესრულებინა მცველი რაინდის როლი. მოგეხსენებათ, გოგონებს "ქალოია" ბიჭები არ მოსწონთ და უპირატესობას მამაკაცურ თვისებებს ანიჭებენ. ერთხელ ზუკამ თანაკლასელი სცემა ჩემი გულისთვის. ის ბიჭი შესვენებაზე სიყვარულს მიხსნიდა და ზუკამ ეს რომ გაიგო, კიბეებიდან დააგორა თავისი მეგობრიანად. საწყალს თავი გაუტყდა და ამის გამო საავადმყოფოში იწვა. მართალი გითხრათ, ზუკას ამგვარმა ქცევებმა მიმიზიდა და ბოლოს ისე შემაყვარა თავი, რომ ჭკუას ვკარგავდი. მინდა, აღვნიშნო, რომ ძირითადად თავისი ნაკლით შემიყვარდა. ქუჩაში დგომა და "კაიბიჭობა" მაშინ ჩემს თვალში რაღაც შარმს აძლევდა. არავის ჰქონდა უფლება, ჩემთვის ზედმეტად შემოეხედა, დამლაპარაკებოდა, მერხზე გვერდით მომჯდომოდა და ა.შ. მაშინ ეს მომწონდა, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს დესპოტური მიდგომა იყო და ამით ჩემს პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავდა.

– დესპოტური რატომ, რამეს კატეგორიულად გიკრძალავდათ? გჩაგრავდათ?

– ეჭვიანი იყო, საჯარო ბიბლიოთეკაში რომ მიწევდა მეცადინეობა, წამებს მითვლიდა, თითქოს არ მენდობოდა. ჩემი გული რომ დაიპყრო, ამაში დიდი როლი ითამაშეს საერთო მეგობრებმა, გოგონებმა. ისინი ზუკას თანაუგრძნობდნენ, ჩემზე ესაუბრებოდნენ, მერე ამ თემას ჩემთან განიხილავდნენ. ჩამაგონებდნენ, კარგი ბიჭია და ძალიან უყვარხარო. დაბადების დღეებზე ორივეს გვეპატიჟებოდნენ, მერე ცალკე გვტოვებდნენ ან ისე აკეთებდნენ, რომ ზუკას გასაცილებელი გავმხდარიყავი. ერთი სიტყვით, ძალიან აქტიურობდნენ. მეც რაღაცნაირად ავყევი და ამ სიყვარულის დავიჯერე.

– მშობლები ქუჩის ბიჭის სიყვარულს არ მოგიწონებდნენ.

– მის გამო ოჯახში პრობლემები დამეწყო. მე და ზუკა ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებოდით სოციალური სტატუსით, ოჯახებით, განათლებით. მე პირველივე წელს მოვეწყვე ინსტიტუტში, ზუკა კი არ სწავლობდა და არც მუშაობდა. როდესაც ამ სიყვარულის შესახებ ჩემმა მშობლებმა გაიგეს, კინაღამ გაგიჟდნენ. დედა სულ ჩამჩიჩინებდა, ნუთუ იმისთვის იწვალე, რომ იმ უსაქმურს და თან ეჭვიანს გაჰყვეო. სხვათა შორის, არც ზუკას უყვარდა დედაჩემი, ეს კი ჩემი ბრალი იყო: მაშინ ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობი ვიყავი, შეყვარებულს ყველაფერს ვუყვებოდი. ოჯახში რაც ითქმებოდა, ცუდი თუ კარგი, რასაც კი დედა მასზე ამბობდა, სიტყვასიტყვით ვეუბნებოდი. ამის შემდეგ ზუკამ დედაჩემი შეიძულა. მეუბნებოდა, ცოლად რომ გამომყვები, დედაშენთან საერთოდ არ გაგიშვებ, სახლში ჩაგკეტავ, დედაშენი ჩემს ოჯახში ფეხს ვერ მოადგამს, მხოლოდ ფანჯრიდან თუ დაინახავო.

– ეს სიტყვები თქვენთვის არაფერს ნიშნავდა?

– წარმოიდგინეთ, ისე მიყვარდა, რომ ამაზეც თანახმა ვიყავი. ცხადია, დღეს სხვაგვარად ვფიქრობ. ამას წინათ დედაჩემს გულწრფელად ვესაუბრე და მადლობაც გადავუხადე იმისთვის, რომ იმ ადამიანისგან მიხსნა – მასთან ბედნიერ ოჯახს ვერ შევქმნიდი, ახლა მხოლოდ ტანჯვასა და გვემაში ვიქნებოდი და არა მარტო იმიტომ, რომ ეჭვიანი გახლდათ... იმდენად ამპარტავანი იყო, რომ ჩვენი ოჯახების განსხვავებული სოციალური სტატუსი აგიჟებდა, მაგრამ ამაში თავის ოჯახს კი არ ადანაშაულებდა, ჩემი ოჯახის მიმართ ჰქონდა აგრესია, ჩემების წინსვლა და წარმატება არ უხაროდა.

– როგორ მოახერხა დედამ თქვენი დაცილება?

– მშობლებმა სამი თვე სახლში ჩამკეტეს. საპატიო ცნობა გამიკეთეს და ინსტიტუტში ვეღარ დავდიოდი. ოთახში ტელეფონის სადენი გადამიჭრეს (მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო). არც ერთ მეგობარს არ მაკარებდნენ, ვისაც შეეძლო ჩემთვის ზუკას ამბავი მოეტანა.

– მართლაც ძალიან მკაცრად მოგქცევიან. ეს პერიოდი როგორ გადაიტანეთ?

– ძალიან რთულად. საშინლად ვიყავი, ჭამა ავკრძალე, არავის დანახვა მინდოდა, ნათესავებს არ ვიკარებდი, მის გამო ყველა მოვიძულე, მათ შორის – ჩემი ბიძაშვილი, ვისთან ერთადაც გავიზარდე. მათ, ყველას, ერთი აზრი ჰქონდათ – სად შენ და სად ეგ ბიჭი, მთელი ცხოვრება გაგამწარებსო. დედაჩემს ნარკომანი ეგონა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ზუკა ნარკოტიკებს არ ეკარებოდა, აზარტული თამაშების მოყვარული კი იყო, თან პათოლოგიური სიმთვრალეც ჰქონდა.

– შინაპატიმრობის დრო რომ ამოგეწურათ, მერე რა მოხდა?

– ერთ დღესაც ინსტიტუტში გამიშვეს. ზუკამ ეს მეგობრების დახმარებით შეიტყო და გზაში დამხვდა. მითხრა, წამოდი, ცოლად წაგიყვან, მე მზად ვარო... მანქანა ჰყავდა მოყვანილი, სადაც მისი ძმაკაცები ისხდნენ. მოტაცება ალბათ ვერ გაბედა – ჩემი ძმა პოლიციის თანამშრომელი იყო, თან ძალიან მკაცრი მამა მყავს. მე კი ჩემი ნებით ზუკას ვერ გავყევი. შემეშინდა, მშობლებს ვერ გადავახტი. ეგ შიში დაგღუპავს, მშობლები არჩიე ჩემს თავს, ბედნიერი ვერასოდეს ვერავისთან იქნები, ყოველთვის მე გეყვარებიო, ამ სიტყვებით დამშორდა. ამით ჩვენი ურთიერთობა მისი მხრიდან მომენტალურად დასრულდა. ვფიქრობ, კარგია, ყველაფერი ასე რომ მოხდა. დღეს დედაჩემის ძალიან მადლიერი ვარ.

– მაგრამ მაშინ, ერთი მხრივ, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი და, მეორე მხრივ, შეყვარებულისგან ასე მიტოვებული გოგონა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით.

– შეყვარებულთან დაშორება ძალიან რთულად გადავიტანე. ვცდილობდი, მეგობრების დახმარებით ზუკა მენახა, მაგრამ ის ჩემ დასანახად სხვა გოგოებთან ერთობოდა. ამან უფრო დამანგრია – ალბათ ჯობდა, მეც მაშინ, მასთან ერთად დამესრულებინა ურთიერთობა. ერთი სიტყვით, ძალიან ვიტანჯებოდი, მაგრამ ორი წლის შემდეგ ღმერთმა გამომიგზავნა ადამიანი, ჩემი მომავალი მეუღლე, რომელმაც ეს ტკივილი ადვილად გადამატანინა. დათო ზუკასგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა – კეთილშობილი, ჭკვიანი, მშვიდი... თავიდანვე ყოველმხრივ მენდობოდა, ეჭვიანობის ნატამალიც არ ჰქონდა.

– გამართლებაც ამას ჰქვია. ასეთი მამაკაცი სად გაიცანით?

– სხვათა შორის, ტელეფონით გავიცანი. ყველაფერი უცნაურად მოხდა: ტელეფონზე ვრეკავდი და შემთხვევით მასთან მოვხვდი. საუბარი გამიბა, მოგვიანებით გამიმხილა, შენი ხმა მომეწონაო. ჩვენი პირველივე საუბარი ალბათ ერთ საათს გაგრძელდა. შემდეგ დათომ ნომერი მკითხა და მივეცი, არადა არ ვიყავი იმ კატეგორიის გოგო, ნომერს ყველას რომ აძლევს. არ ვიცი, რა მოხდა. ალბათ საჭირო იყო, მაშინ ეს ადამიანი გამეცნო. ამ თემაზე ბევრჯერ მიფიქრია. დათო რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, შეიძლებოდა ის ამბავი ვერ გადამეტანა. ახლა ვხვდები, რომ ღმერთი განსაცდელებით აძლიერებს ადამიანს, ხოლო, როგორც ჩვენი კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს, უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგვივლენს, რისი გადატანაც არ შეგვიძლია.

– თქვენს მშობლებს დათო მოეწონათ?

– უპირველესად, მასში წესიერება დაინახეს. შეატყვეს, რომ ზუკასავით დესპოტური და რთული ხასიათი არ ჰქონდა, ამიტომ მასთან ურთიერთობა არ ამიკრძალეს. სხვათა შორის, დათო დედაჩემთან პირადად მივიდა და უთხრა, თქვენი გოგო მიყვარსო.

– ეს რატომ გააკეთა, მშობლების ნებართვის გარეშე მასთან შეხვედრას ვერ ბედავდით თუ?..

– რა თქმა უნდა, მშობლები მაკონტროლებდნენ, თანაც მათი კურთხევით უფრო კარგად ავაწყობდით ურთიერთობას.

– დათოსთან შეუღლება ადვილად გადაწყვიტეთ?

– გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, ამიტომ დათომ ხერხი იხმარა და ერთ საღამოს, სამსახურიდან რომ გამოვედი, მოტყუებით წამიყვანა მანქანით, ასე ვთქვათ, მომიტაცა. მე ვიტირე, წინააღმდეგობა გავუწიე, ჩემი მშობლების გამო ვდარდობდი, მაგრამ მერე ბედს შევეგუე. მშობლები თავიდან ძალიან გაბრაზდნენ, ბოლოს კი თანდათან დამშვიდნენ. დათო შეიყვარეს და ყოველმხრივ გვერდში დაგვიდგნენ, რომ ჩვენი ოჯახი შემდგარიყო. თავიდან დათოსთან ურთიერთობაც გამიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე და შევეწყვე.

– და მაინც, წარსულის მოვლენებმა, ზეწოლამ და სტრესებმა თქვენს პიროვნებაზე რა კვალი დატოვა?

– როცა არჩევანის წინაშე ვდგები, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს და ამის გამო ვიტანჯები. ეს შეიძლება იმ სტრესის შედეგია, შეიძლება ჩემი ბუნების ბრალიცაა, არ ვიცი. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მშობლებმა განსაცდელს ამარიდეს, ჩემს საქმეში ჩაერივნენ და იმ შეცდომისგან დამიცვეს. ვთვლი, რომ ზოგჯერ მშობლის მხრიდან ასეთი ძალისმიერი ჩარევა გამართლებულია. დედა ნათლად აცნობიერებდა, რა მელოდა ზუკას ხელში. მე კი მაშინ თვალი მქონდა ახვეული, შეყვარებულის ნაკლოვანებებს ვერ ვხედავდი და უფრო მეტიც, დადებითი კუთხით აღვიქვამდი. წარმოიდგინეთ, ცხვარივით თავჩაღუნული ვუსმენდი, როგორ მილანძღავდა მშობელს.

ახლა იმ გრძნობას ალბათ უფრო გატაცებას დავარქმევდი. სიყვარული რომ ყოფილიყო, ორ–სამ წელიწადში სხვა ადამიანი ხომ ვერ ჩაანაცვლებდა?

– ზუკამ თავისი ცხოვრება ააწყო?

– ძალიან მალე მეგობარი გოგონა გაიჩინა და, როგორც ჩანს, დარდი მას გადააყოლა. ძალიან პატივმოყვარე იყო და ჩემი უარით იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა, რომ ჩემკენ აღარც გამოიხედა. საქმეს მოეკიდა, დაღვინდა, მაგრამ რატომღაც დღემდე უცოლოა.

– თქვენი გათხოვების შემდეგ არსად შეგხვედრიათ, თუნდაც შემთხვევით?

– მას შემდეგ ერთი–ორჯერ ვნახე და ჩვეულებრივად შევხვდით ერთმანეთს, ცოტა გამეხუმრა კიდეც, ვერანაირი გრძნობა შევატყვე. მას რომ ჩემდამი ნამდვილი სიყვარული ჰქონოდა, წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემკენ ნაბიჯებს მაინც გადმოდგამდა. არადა თავის დროზე რა თავგანწირული იყო! ფანჯრებთან ღამეებს მითენებდა, ჩემ გამო ბევრ რამეს აკეთებდა. მერე ჩემი მშობლებისგან და ჩემგანაც დაბრკოლება რომ შეხვდა, იუკადრისა, ვეღარ აიტანა და უცებ დაიხია უკან.

სტატია ეკუთვნის ნანა კობახიძეს, მოწოდებისთვის მადლობა ნაან :*
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 252 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0