Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 7 » ქალისგან გაღებული მსხვერპლი, რომელსაც ღალატით უპასუხეს
2:05 AM
ქალისგან გაღებული მსხვერპლი, რომელსაც ღალატით უპასუხეს
ყველა ქალი ოცნებობს ლამაზ სიყვარულზე, კარგ ბედზე, მყარ ოჯახზე, მაგრამ ხშირად, მცდელობის მიუხედავად, ოცნებას გაწბილება მოსდევს. ცხოვრება სრულებითაც არ არის ხელგაშლილი, არც კიდევ ლამაზი ზღაპარი სასურველი ფინალით. ზოგჯერ ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ, საკუთარი თავისგან რომ გვიკვირს, ზოგჯერ დათმენასაც არ მოაქვს სიკეთე. მამაკაცი, რომელსაც ქალი აღმერთებს და მის გამო მსხვერპლზე მიდის, ამ თავდადებას უმადურობით და ღალატით პასუხობს... და მაინც, რატომღაც გვიყვარს. რატომ ირღვევა ოჯახები, სადაც სიყვარულია? სად არის ლოგიკა, კანონზომიერება? ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი მარიამი თავისი ცხოვრების და ტკივილების შესახებ "სარკეს" გულწრფელად ესაუბრა.

მარიამი:

– პატიოსან ოჯახში დავიბადე. დედ–მამამ მკაცრად გამზარდეს. უფროსის პატივისცემა და მამაკაცის დაფასება ვიცოდი. განსაკუთრებით მამის რიდი მქონდა, უთქმელად და სიხარულით ვემსახურებოდი, უზომოდ მიყვარდა და მის სიტყვას ყველაფერზე წინ ვაყენებდი. მე და მამა ერთმანეთს გარეგნობით, ხასიათით და აზროვნებითაც ძალიან ვგავართ. მახსოვს, როცა მამა სანატორიუმში დასასვენებლად მიდიოდა, მთელი დღეები ვიჯექი და ველოდებოდი. დედა სულ ეუბნებოდა, ეს ბავშვიც თან გაიყოლე, თორემ მისი საცოდაობით ვიწვიო. მამა ძალიან ბევრს შრომობდა და მისი წყალობით ოჯახში არაფერი გვაკლდა. შეიძლება ითქვას, იმ დროის პირობაზე შეძლებულადაც ვცხოვრობდით. მე და ჩემს ძმას უზრუნველი და ხალისიანი ახალგაზრდობა გვქონდა. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ასეთივე იდილიაზე, მყარ და შეკრულ ოჯახზე ვოცნებობდი, მაგრამ...

– როგორ პიროვნებას გაჰყევით ცოლად?

– ერთხელ ჩემმა მეგობარმა ნანამ სამსახურიდან დამირეკა, საშინელ ხასიათზე ვარ, ეგებ მოხვიდე და გამახალისოო. მე სიცოცხლით და იუმორით სავსე ვიყავი. ნანასთანაც მივედი და, ჩვეულებრივ, ოხუნჯობა დავიწყე. ნანა კისკისებდა. ამასობაში ოთახში უცნობი ვაჟი შემოვიდა და მეც მომენტალურად გავჩერდი, ჩემი ბავშვური მაიმუნობისა შემრცხვა. გააგრძელეო, შემაგულიანა უცნობმა. ნანამ მითხრა, ეს მერაბია, ჩემი ნათესავიო, მაგრამ მისთვის არც შემიხედავს, ისე წამოვედი... იმ დღიდან მერაბი ჩემით დაინტერესდა, თურმე ხშირად დამყვებოდა და მაკვირდებოდა, მესალმებოდა კიდეც, ალბათ ზრდილობისთვის მეც მივსალმებივარ, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო და ყურადღებას არ ვაქცევდი. 30 წლის ვიყავი და სიყვარული ჯერ არ გამომეცადა.

– ასე დიდხანს გაგრძელდა?

– ზაფხულში ნანამ შემომთავაზა, რამდენიმე ხნით ჩემს სოფელში დავისვენოთო. მამაჩემისგან ნებართვა ავიღე და წავყევი. გულითადად მიმიღეს. ნანას ოჯახმა სოფელში ისე დადებითად დამახასიათა, რომ იქ უცბათ რამდენიმე თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. დედამისი სულ მეკითხებოდა: "შვილო, არავინ მოგწონს?". მე კი სიცილით ვპასუხობდი, აქ იმისთვის კი არ ჩამოვსულვარ, გავთხოვდე–მეთქი. მერაბიც იმავე სოფლის მკვიდრი იყო და ხშირად გვსტუმრობდა. ძალიან თბილად მექცეოდა და მეც მისი ნახვა განსაკუთრებით მიხაროდა. მან ყველა ვაჟი ერთბაშად ჩამომაცილა, თურმე ამბობდა, ჩემი საცოლეაო. ერთხელ სერიოზული ჩხუბი მოუვიდა თავის ახლობელ, ცოლიან კაცთან, რომელიც სუფრასთან აუხირდა, შენ თუ არ გაქვს მაგ გოგოს შერთვის თავი, მეც ძალიან მომწონს და მეორე ცოლად მოვიყვანო. მერაბს ვეღარ აკავებდნენ თურმე... მთელი სოფელი ჩაერია.

მერაბის მამამ, ჩემი გაცნობის მიზნით, მე და ნანა ტაძრების დასათვალიერებლად წაგვიყვანა. სარძლოდ მოვეწონე. ამის შემდეგ მერაბმა სიყვარული ამიხსნა, ძალიან მომწონხარ და, მგონი, მიყვარხარ კიდეცო. ალალი ბიჭი იყო და მის მიმართ კეთილგანწყობილი ვიყავი, მაგრამ არ მიყვარდა, თანაც სოფელში გათხოვებაზე არც მიფიქრია. თბილისში დაბრენება ვიჩქარე. ნანა გულნატკენი დამრჩა. მერაბი გზაში გამომყვა, სიყვარულს მეფიცებოდა. არაფერს ვპასუხობდი, მხოლოდ ვიღიმებოდი.

ერთხელ, შობადღეს, მოულოდნელად ეკლესიაში მერაბმა მომაკითხა და წირვის შემდეგ ნანასთან ერთად წავედით. ნანამ მითხრა, მერაბის მამამ შემოგითვალა, ადგეს და გამოჰყვესო. რატომ გგონია, რომ ასე გავყვები, მშობლები არ მყავს თუ თავმოყვარეობა არ მაქვს–მეთქი, მივუგე. მაშინ მერაბს აქეთ–იქით რატომ დაჰყვებიო... ერთი სიტყვით, შევლაპარაკდით და ნანასგან ნაწყენი წამოვედი.

მერაბი თავს არ მანებებდა, ცოლობას მთხოვდა. იმდენად უხერხულად ვგრძნობდი თავს, რომ მამაჩემს ვთხოვე, დაე, მოვიდნენ ოჯახში ხელის სათხოვნელად და უარი შენ უთხარი, სხვაგვარად ვერ ვიცილებ–მეთქი. სამი დღის შემდეგ მერაბი სოფელში წავიდა, გამთენიისას კი მამამისი ხელში ჩააკვდა. სიკვდილის წინ დაუბარა თურმე, თუ გინდა, იმქვეყნად ჩემმა სულმა მოისვენოს, მარიამი ცოლად მოიყვანეო.

– და თქვენ მამამისის ანდერძს გაუწიეთ ანგარიში?

– მამამისს უდიდეს პატივს ვცემდი, არაჩვეულებრივი კაცი იყო და სწორედ მისმა სიტყვებმა გადამაწყვეტინა. მისი დაღუპვის ამბავი ნანასგან შევიტყვე. ძალიან მეტკინა გული. ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. ჩემი ასეთი რეაქციის თავადვე მიკვირდა. დაკრძალვის წინა დღეს სოფელში ნანასთან ერთად გავემგზავრე. ჭირისუფლებმა ჩემს დანახვაზე გაიხარეს.

იმავე საღამოს მერაბი ნანასთან სახლში გადმოვიდა, უცბათ სინათლე ჩაქრა, ლამპას ვერ პოულობდნენ. მახსოვდა, რომ მეორე სართულზე იყო, მაგრამ სიბნელეში მარტო ვერ ავიდოდი. მერაბი ამომყვა, მოულოდნელად შემომაბრუნა და მკითხა, გამომყვები თუ არა ცოლადო. თავადაც არ ვიცი, რატომ დავთანხმდი...

რამდენიმე თვეში მოვიდნენ დასანიშნად. ჩემმა მშობლებმა არჩევანი ვერ მომიწონეს, მაგრამ ბოლოს მაინც ანგარიში გამიწიეს და დამთანხმდნენ. რამდენიმე ხანს თბილისში ნათესავის ბინაში ვცხოვრობდით, მერე ჩვენი ბინაც შევიძინეთ. ჩემი მშობლები ყველანაირად გვეხმარებოდნენ.

– უსიყვარულოდ გათხოვილი ქალი ქმარს როგორ შეეწყვეთ?

– ვცდილობდი, შემეყვარებინა, ქმარს ამის გამო ვარცხნილობაც კი შევუცვალე ჩემი გემოვნებით. სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. მერაბის ძმაკაცები დიდ პატივს მცემდნენ და ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ სანიმუშო ქალი ვიყავი. ქმრის სანათესაოსაც ძალიან ვუყვარდი. მერაბი პატიოსანი და მშრომელი ბიჭი იყო, დროს უქმად არ კარგავდა, მაგრამ სმაც უყვარდა, ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, ამ დროს აგრესიული და საშინლად ეჭვიანი ხდებოდა. მეორე დღეს კი ბოდიშებს მიხდიდა და თავის საქციელს ინანიებდა. საერთოდ, ბუნებით იყო ეჭვიანი, ვინმე რომ დამელაპარაკებოდა ან თუნდაც შემხედავდა, იმაზეც ეჭვიანობდა. არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, ბედნიერი ვარ, რომ შენისთანა მეუღლე მყავს, მაგრამ მეშინია, ვინმემ არ წამართვასო. ამავე დროს საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო. სულ ჩემი სახელი ეკერა პირზე. თანდათანობით მეც შემიყვარდა. ყოველმხრივ ხელს ვუწყობდი და ვამხნევებდი. 19 წელი ვიცხოვრეთ ერთად, შვილი არ შეგვეძინა.

– უშვილობის მიზეზი რა იყო?

– გათხოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ფეხმძიმედ რომ არ დავრჩი, ოხრახუშის ნახარში დავლიე (გამიგია, ქალურ ანთებებს შველის). ალერგიულ ფონზე გამომაყარა. ექიმმა კი ვენერულ დაავადებაში შეიტანა ეჭვი და ცოლ–ქმარი გამოკვლევაზე გაგვიშვა. ამის გამო ერთმანეთში უსიამოვნებაც მოგვივიდა... ვენერული არაფერი აღმოგვაჩნდა, მაგრამ გაირკვა, რომ ჩემი ქმარი უშვილო იყო. ეს ამბავი ორივემ ძალიან განვიცადეთ. საუკეთესო სპეციალისტებს მივმართეთ, მაგრამ სანუგეშოს ვერაფერს გვეუბნებოდნენ. მერაბი ლენინგრადშიც გაემგზავრა გამოკვლევაზე. იქ ოპერაცია შესთავაზეს, მაგრამ რისკთან იყო დაკავშირებული, შედეგად შეიძლებოდა სიმსივნე ჩამოყალიბებულიყო, ამიტომ ოპერაციაზე კატეგორიული უარი ვუთხარი, ოღონდ შენ კარგად იყავი, სხვა არაფერი მინდა–მეთქი. არადა ბავშვებზე ორივეს სული გველეოდა. ამის გამო მერაბი კიდევ უფრო შემეცოდა და მისი მიმართ გრძნობა გამიძლიერდა. ქმრის და შვილის სიყვარულს – ორივეს მასში ვაქსოვდი... ვთხოვდი, შენს უშვილობას ვერავინ გაიგებს, ხელოვნურ განაყოფიერებას გავიკეთებ და ბავშვს გავაჩენ–მეთქი, მაგრამ ვერ დავითანხმე. რამდენჯერმე ბავშვის აყვანის ვარიანტიც გვქონდა, მაგრამ ადგილზე რომ მივიდოდით, უკვე გაშვილებული გვხვდებოდა. ალბათ ასეთი იყო უფლის ნება.

– თუ უშვილობაც არ იყო მიზეზი და ერთმანეთიც გიყვარდათ, თქვენი ქორწინება რატომ დაირღვა?

– მე ეკლესიურად ვცხოვრობდი, ხოლო მერაბი ამ საკითხში ვერ ავიყოლიე. მარხვის დღეებში ქმარს არ ვიკარებდი. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ჩემგან წასულიყო და მივეტოვებინე.

– ქმართან მარხვის გამო სარეცლის გაზიარება რომ აკრძალეთ, ამ გადაწყვეტილებას ალბათ არც მოძღვარი მოგიწონებდათ.

– სამწუხაროდ, მოძღვარს ვერ ვკითხე, მომერიდა... ჩემთვის მთავარი იყო სულიერი ურთიერთობა, ხოლო ფიზიკურს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ეს შეიძლება სხვისთვის ძნელი გასაგებიცაა – კაცი გიყვარდეს და შენივე ნებით უარს ამბობდე მასთან ფიზიკურ კავშირზე. თანაც რომ ვიცოდი, შვილი არასოდეს გვეყოლებოდა, ესეც გარკვეულ როლს თამაშობდა... თანდათანობით მას ჩემ მიმართ გული გაუცივდა, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, ჩემ მიერ გაღებული ამხელა მსხვერპლის შემდეგ თუ მიღალატებდა, ჩემგან წავიდოდა, მიმატოვებდა.

– როგორ შეიტყვეთ, რომ თქვენი ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა, თვითონ გითხრათ?

– მერაბი ზღვისპირეთში რეისებზე დადიოდა და იქ ერთ ქალს დაუახლოვდა, დაქალს უწოდებდა. ჩემთან სულ იმ ქალის სახელს ახსენებდა, აქებდა, მპირდებოდა, გაგაცნობო. ერთხელ შემთხვევით ყური მოვკარი, ქეიფის დროს ძმაკაცმა უთხრა, ბიჭო, რანაირი შენი დაქალია, მასთან ხომ "იყავიო". მერაბმა კი მიუგო, ის "ერთხელ" არ ითვლებაო. მერაბს ბიჭებთან ზოგჯერ ტრაბახიც უყვარდა ქალებზე... საშინელი ეჭვი მღრღნიდა, მაგრამ თითქოს არ მინდოდა, ბოლომდე დამეჯერებინა. იმ ზაფხულს მერაბს დასასვენებლად სოფელში მივყავდი და გზად იმ ქალს შევუარეთ. შეხედულებით კოხტა ქალი იყო, ქმარშვილიანი. პატივი გვცა, სუფრა გაგვიშალა. როდესაც ის და ჩემი ქმარი პირისპირ აღმოჩნდნენ, სულ სხვა თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. მივხვდი, რომ მათ შორის გრძნობა იყო. მერაბთან არაფერს ვიმჩნევდი, შინაგანად კი ერთიანად ვიწვოდი... ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს.

– მერაბი იმ ქალის გამო წავიდა სახლიდან?

– არა, შემდეგ მას სხვა ქალებიც ჰყავდა... გარშემო ბევრი მეუბნებოდა, რად გინდა ეგეთი ქმარი, ასე რომ გაწვალებს, გაუშვიო, მაგრამ ყველას ვაჩუმებდი. მერაბი, როგორც პიროვნება, უზომოდ მიყვარდა, ოღონდ ჩემთან ყოფილიყო და ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდი, მისი დანახვისთანავე ყოველგვარი წყენა მიქრებოდა. ერთი პერიოდი ვალების გამო სოფელში წავიდა სამუშაოდ და საკმაოდ დიდხანს არ მკითხულობდა. მაშინ ვიფიქრე, ალბათ არ ვუნდივარ, გავეყრები და მონაზვნად წავალ–მეთქი. განცხადება რომ გავამზადე განქორწინებაზე შესატანად, იმ ღამით წმინდა ნიკოლოზი მესიზმრა მღვდელმთავართან ერთად, დალოცვა ვთხოვე, მან კი უსინდისო მიწოდა, ეგ არის შენი ქალობაო. ტირილით გავიღვიძე და გაყრა გადავიფიქრე. მერაბი რომ ჩამოვიდა, შევურიგდი.

ბოლოს ერთ ქალს გადაეყარა, რომელმაც ყველაფერი იღონა მის ხელში ჩასაგდებად. ის ქალი ხშირად ურეკავდა და ყოველ მის ზარზე მერაბი ფითრდებოდა, იბნეოდა და სიმართლის დასაფარავად ათასგვარ ტყუილს იგონებდა. ძალიან ვიტანჯებოდი, საკუთარ თავს ვებრძოდი... მაზლიც ჩვენთან ცხოვრობდა, ძმასავით მიყვარდა. მას რომ ვუთხარი, შენს ძმას ქალი ჰყავს–მეთქი, არ დაიჯერა. ერთხელაც, ეს პირველ მარტს მოხდა, მერაბი სახლიდან წავიდა.

მობილურზე რომ ვურეკავდი, მის ნაცვლად ის ქალი მპასუხობდა, ცოლი ვარო. ყოფილა შემთხვევა, ჩემი ქმრისთვის ხელიდანაც წაურთმევია ტელეფონი. რომ ვთხოვდი, მერაბი დამალაპარაკე–მეთქი, ასეთ პასუხს მცემდა, ჩემი ქმარი სიდედრთან ერთად საყიდლებზე გავიდაო... რთული დასაჯერებელი იყო, რომ ეს ყველაფერი მერაბის თავს ხდებოდა. იმდენად ვიყავი გამწარებული, სადმე რომ შემხვედროდა, ალბათ იმ ქალს მოვკლავდი.

მერაბმა განქორწინება გააკეთა. ერთხელ მისმა ადვოკატმა დამიბარა და მითხრა, შენი ქმარი ნორმალურ პასუხსაც ვერ მცემდა, გათიშული იჯდა და შენზე ძვირი ვერ ვათქმევინე, დამიჯერე, ისევ უყვარხარ, მაგრამ ის ქალი ყველანაირად ბოჭავსო.

– თქვენთან განქორწინების შემდეგ ის ქალი ცოლად შეირთო?

– ალბათ. სოფელში ჰყავდა წაყვანილი, მაგრამ ნათესავებმა კარგად ვერ მიიღეს ან შეიძლება თავად ქალმა ვერ აიტანა სოფლის ცხოვრება და წამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, ერთად აღარ არიან.

– ყოფილი ქმარი სინანულით რომ მოგიბრუნდეთ, ისევ მიიღებთ?

– იმხელა გაწბილება და ტკივილი გადავიტანე, რომ ძველ ცხოვრებაში დაბრუნება აღარ მსურს. არც იმის იმედი მაქვს, რომ ჩემი ქმარი ოდესმე გამოსწორდება.

– სტრესიდან რა გზით გამოხვედით?

– როგორც ჩანს, დედა ღვთისმშობელმა არ გამწირა. ერთ მშვენიერ დღეს პატარა ბავშვი მომიყვანეს გასაზრდელად, მისმა ენერგეტიკამ სიცოცხლისკენ მომაბრუნა. წელიწადნახევარი ძიძა ვიყავი, შვილივით ვზრდიდი, შემიყვარდა. ახლა ძალიან რომ მომენატრება ხოლმე, ვნახულობ მას და ვხალისდები.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1835 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.