Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » ღიმილით დაფარული სევდა და ტკივილი
6:00 PM
ღიმილით დაფარული სევდა და ტკივილი
ხშირად მოღიმარი ადამიანის ხვედრი შინაგანი მარტოობა და მოწყენილობაა, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, სიცილის უკან ძალიან დიდი სევდა და ტკივილი, ტრაგიკული ბუნება იმალება, ვითომდა, მხიარული და იუმორით აღსავსე პიროვნებისა: იცინის, იმიტომ, რომ არ იტიროს, თუმცა ყველაზე დიდ შვებას ტირილში ჰპოვებენ ხოლმე, იღიმის იმიტომ, რომ დაფაროს თავისი შინაგანი სასოწარკვეთა და სხვების თვალში ძლიერი და მხიარული არსება წარმოჩნდეს.
ჩემი მეგობარი ელენა სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ალბათ, ბევრი თქვენგანი მის დანახვაზე იფიქრებდით, რომ ერთი ჭკუამხიარული გოგონა იყო და არც კი შეეძლო ფიქრი ან ტირილი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ვარაუდის საფუძველზე არ უნდა შევაფასოთ და განვსაჯოთ, ჩემსავით ახლოს თუ გაიცნობდით, მიხვდებოდით, რომ მისი ღიმილი ერთგვარი ,,ნიღაბი’’ იყო მისსავე გულში არსებულ სევდისა და ტკივილისა, რომელსაც ის უკვე 19 წელი პატარა სუსტი გულით დაატარებდა ამქვეყნად და, რომელიც, ასევე, მიზეზი იყო გოგონას გულის დაავადებისა: ელენას გულის იშემია აწუხებდა, რაც მისი ასაკისა და გარეგნობის მქონე ადამიანისათვის ნაადრევი იყო.
მე ის სრულიად შემთხვევით გავიცანი ორი კვირის წინ: ერთ დღეს, სამშაბათს, როდესაც ჩემს კურსელებთან ერთად განათლების სამართლის ლექტორის მოლოდინში გატრუნული ვიჯექი გაყინულ აუდიტორიაში(აპრილის თვე იყო და გათბობას აღარ გვირთავდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. არა და, ყველაზე მეტი სიცივე და სუსხი აპრილის თვეში იცის თბილისში და, რადგან ჩვენს მოთხოვნას გათბობის ჩართვის თაობაზე დეკანატში არ ითვალისწინებდნენ, ბავშვებიც თავს აღარ იწუხებდნენ, ამ პრობლემას ერთხმად შებრძოლებოდნენ და ახლა ჩემთან ერთად სიცივისგან კვდებოდნენ ლოლოებჩამოკიდებულნი. ზოგს გრიპიც ჰქონდა და ძლივს სუნთქავდა.) 
უეცრად ლამაზმა, მრგვალსახიანმა და მოკუპსულცხვირიანმა გოგონამ, რომლის იერსაც სიცელქისა და მოუსვენრობის ნიშნები დასთამაშებდა, სწრაფად შემოიქროლა სტუდენტებით გადაჭედილ აუდიტორიაში და იმწამსვე გვერდით მომიჯდა. ისეთი აურა ჰქონდა, რომ, როგორც კი შევხედე, თვალები გამიბრწყინდა და გამეღიმა კიდეც (მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი მანამდე და არც არასდროს მენახა სხავაგან).
ელენა საკმაოდ ჭკვიანი თვალებით უცქერდა ლექტორს და ცდილობდა, ყველა შეკითხვაზე ადეკვატური პასუხი გაეცა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემმა დამ შეტყობინება მომწერა. რადგან მე ანგარიშზე არ მქონდა, ელენას გავხედე და მორიდებულად ვთხოვე:
- უკაცრავად, თუ შეგიძლიათ, ერთი წუთით დამარეკინეთ-მეთქი.
ელენამ დაუფიქრებლად მომაწოდა მობილური, რომელზეც სხვადასხვა ბრელოკი ჰქონდა ჩამოკიდებული. ტელეფონის პატრონს ჩაცმულობასა და აქსესუარზეც ეტყობოდა, რომ ძალიან უყვარდა საკუთარი ნივთების მისეული თვალთახედვით გაწყობა და გალამაზება. ტელეფონზე საუბრის დამთავრების შემდეგ, ელენამ ჩემთან გაცნობა მოისურვა, ნომერი და ნიკი გამომართვა და ისიც კი აღნიშნა, რომ მოვწონვარ და გაუხარდებოდა, ახლო მომავალში თუ უკეთესად გავიცნობდით ერთმანეთს.
მართალია, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ასე უცებ დაახლოება ჯერ კიდევ უცხო ადამიანთან, ადრინდელი გამოცდილების მიხედვით, ჩემთვის რისკზე წასვლა იყო, თუმცა ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც ვერ სვამს, მაგრამ მე ასე უფრო მესმის: ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც ვერ ხსნის, რადგან საშიში უფრო შამპანურის გახსნაა, პირველ რიგში, და სხვა საკითხია უკვე მისი დალევა, დაგემოვნება.
მანამდე არსებული შიშის მიუხედავად, რაც ადამიანების მიმართ ნდობის ფაქტორში გამოიხატებოდა, ელენამ ჩემში ძალიან დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გააღვივა. მის გამოხედვაში დამაფიქრებელი სევდა და ტკივილი იგრძნობოდა და, ამასთანავე, ელენას მომწვანო თვალებში სინანული ნისლივით გაწოლილიყო... მე, კიდევ, არაფერი ისე არ მაღელვებს, როგორც თანაგრძნობა და მინდოდა მალევე გამეგო, რა იყო 19 წლის გოგონას ტანჯვით სავსე მზერის მიზეზი. 
გაცნობიდან რამდენიმე დღეშივე ელენამ ტელეფონზე დამირეკა და მთელი გულით მთხოვა მონაწილეობის მიღება ინტელექტუალურ თამაშში: ,,რა? სად? როდის?’’ თქვენდა გასაკვირად, ჩემს ახლადშეძენილ, მაგრამ ძვირფას მეგობარს უარი ვერ ვუთხარი და ამ შემოთავაზებაზეც დავთანხმდი. მისივე თხოვნით ჯგუფს ,,ამორძალებიც’’ დავარქვი, რადგან ყველა მონაწილე გოგო ვიყავით და, შესაბამისად, ამ სახელწოდებით გვინდოდა ძლიერი ქალების მანტიით შევმოსილიყავით.
ელენა ყოველდღე მეხმიანებოდა, დღეში რამდენჯერმეც კი. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ საგანზე ვიყავით ერთად, რადგან ჯავახიშვილის სასწავლებელში არ არსებობს ჯგუფები და ყველა საგანზე სხვადასხვა ბავშვებთან გვიწევს ურთიერთობა. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან სხვა შემთხვევაში ელენას ვერც გავიცნობდი. ელენა, ჩემგან განსხვავებით, მეორე კურსზე იყო (მე მესამეზე ვიყავი) და, შესაბამისად, მასზე მეტი კრედიტი მქონდა დაგროვებული. ის ახლახან გადმოვიდა ჩემს სასწავლებელში (ჯავახიშვილში) და ძალიან უჭირდა თავართქილაძის უნივერსიტეტის მერე აქ სწავლა.
ჩემს მეგობარს იმდენად შევუყვარდი, რომ 4 დღის წინ კრიმინალისტიკის ლექციაზე მომაკითხა და დამესწრო, თუმცა არ აინტერესებდა ეს საგანი, მაგრამ ერთი წუთითაც კი ვერ სძლებდა უჩემოდ.
გუშინ გამომიტყდა, რომ თავისი მეგობრებიდან მე მისთვის გამონაკლისს წარმოვადგენდი, რომელსაც ასე მალე, 2 კვირაში დაუახლოვდა და რომელთნაც მზად იყო, გული გადაეშალა და ბოლომდე ეთქვა ის საიდუმლო, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გულს უღრღნიდა და აწუხებდა. 
ელენამ მითხრა: სულ მეგონა, რომ მეგობრის შეძენისა და მისი კარგად გაცნობისათვის რამდენიმე თვე იყო საჭირო ან კიდევ, როგორც ანა ფრანკე ამბობს თავის დღიურში: ,,მასთან ჩხუბი’’(თუმცა, შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაატარო ადამიანთან ერთად, მაგრამ ვერ შეიცნო ის ბოლომდე, რადგან ადამიანის სრულად გაცნობა არავის არ ძალუძს). შენ კი ადვილად დაიმსახრე ჩემი ნდობა, ჩემებთანაც ხშირად გახსენებ და იმის გამო, რომ მე ძალიან რთული ხასიათი მაქვს, უკვირთ: - როგორ დაუახლოვდი და შეგიყვარდა, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაა იცნობო. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და გული მიგრძნობს, სიცოცხლის ბოლომდე განუყრელი მეგობრები და სულიერი დები ვიქნებით. ეს თქვა და, ჩემდა მოულოდნელად, სწრაფად ჩამიკრა გულში.
განცვიფრებული ვიყავი მისი საქციელით და ვერც კი წარმოვიდგენდი ელენესაგან ასეთი სიყვარულითა და გრძნობებით სავსე სიტყვების წარმოთქმას, რადგან ძალიან ცელქი იყო და ზოგჯერ ზედმეტადაც ,,თავხედიც’’ კი. პირში უყვარდა ადამიანისათვის სიმართლის თქმა და არ ერიდებოდა მსმენელის რეაქციასა და გაბრაზებას. ბევრი ჩემი კურსელი გავაცანი და ძალიან ადვილად შევიდა მათთან კონტაქტში. ცხადია, სიმართლის თქმა და სამართლიანობის დაცვა მეც მიყვარდა და სწორედ ამ მოტივით ჩავაბარე იურიდიულზე, მაგრამ ყველასთან ხომ არ ღირს ხმის ამოღება. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და, საერთოდ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მოსაზრება არსებობს. ამასთანავე, დღევანდელ საზოგადოებაში ხალხს დაკარგული აქვს მოსმენის უნარი და, შესაბამისად, პატივს არ სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს, უფრო მეტიც, სიმართლის თქმა და მოჩვენებითი ცხოვრებაზე ფარდის ახდა აღიზიანებთ და მტრულად განაწყობთ სიმართლის მოყვარული ადამიანის მიმართ.
როდესაც ელენას ეს თვისება შევამჩნიე, მაშინვე ვურჩიე, თავისი პოზიცია მხოლოდ ისეთ წრეში დაეფიქსირებინა, სადაც ჯანსაღი ლოგიკა და დამოკიდებულება არსებობდა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც ელენას აძრწუნებდა და აღელვებდა. ელენამ ეს შენიშვნა საჭიროდ ჩათვალა და მადლობაც კი გადამიხადა.
გუშინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება... არც იმ შემთხვევაში, კომაში რომ ჩავარდე და რამდენიმე დღის, კვირის, თვის თუ წლის მერე გამოვიღვიძო, მაინც მემახსოვრება ეს დღე, რადგან ელენამ იმ საიდუმლოს თანამონაწილე გამხადა, რომელმაც მთელი ცხოვრება ვიღაცის მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლად გადაუქცია და წაართვა ის მატერიალური პირობები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის კეთილდღეობისა და არსებობისათვის. 
გუშინ დილით, როდესაც უნივერსიტეტში მივედი, ელენამ მომწერა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ისევ არ მქონდა ანგარიშზე და მან ჩამირიცხა. ძალიან შემრცხვა ჩემი კეთილი მეგობრის, მაგრამ, ამასთანავე, გამიხარდა და მივხვდი, რომ ის ჩემთვის ჩვეულებრივ მეგობარზე მეტს წარმოადგენდა, რადგან ადამიანის ადამიანობა და მეგობრის მხარში ამოდგომის თვისება ფულით ფასდება დღევანდელ ცხოვრებაში.
ლექციების დამთავრების შემდეგ, ელენა ვნახე და დიდხანს ვსაუბრობდით უნივერსიტეტის ჰოლში. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენ გარდა არავინ იყო უნივერსიტეტში. ელენას სახეზე აღელვება ეტყობოდა, რადგან განიცდიდა იმ ფაქტს, რომ ვერ შეეგუა ჯავახიშვილის უნივესიტეტს და არ იცოდა როგორ აყოლოდა ახალ სწავლის სისტემას. 
საინტერესო ადამიანი იყო ელენა. ლაპარაკის დროს ყელთან ძარღვები ეჭიმებოდა, რაც იმას მიანიშნებდა, რომ მისგან წარმოთქმული სიტყვები პირდაპირ კავშირში იყო მისსავე გრძნობებთან და ერთგვარი გამოძახილი ღიმილითა და მოჩვენებითი უდარდელობით აღსავსე შინაგანი პორტრეტისა.
- ჩემი ტკივილისა და სევდის თავი და თავი მამაჩემის უაზრო საქციელია! – ერთ ამოსუნთქვაზე წარმოთქვა ელენამ და მძიმედ ამოიოხრა. გეგონებოდა, ეს ესეა გულის შეტევას მისცემსო, რადგან მომაკვდავივით ღია ფერი დაედო სახეზე და სიცოხცლის ნიშან-წყალიც კი უქრებოდა ნელ-ნელა. ელენას მდგომარეობამ შემძრა, უფრო მეტიც, საშინელმა თანაგრძნონის სურვილმა შემიპყრო. ყოველთვის მიყვარდა ადამიანის დახმარება და მხარში ამოდგომა. ზედმეტი სიკეთე ხომ ისედაც არ არსებობს ამქვეყნად. ამიტომ მუდამ ვცდილობდი, კარგი მეკეთებინა და სანიმუშო ადამიანებისათვის მიმებაძა. ვფიქრობ, ბაძვა ადამიანის სრულყოფის ქრისტიანული გზაა.
მივხვდი, რომ ელენას წარსულის გახსენება და თვალებში ჩახედვა უმძიმდა. ხანდახან კი, იმდენად დიდია განვლილი ცხოვრების ნოსტალგიით თუ ტანჯვით გამოწვეული ადამიანის სასოწარკვეთა, რომ თვით სასოწარკვეთილსაც კი არ ძალუძს მისი შეგრძნება, ბოლომდე გაცნობიერება.
- 5 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემი ლოთობისა და უპასუხისმგებლობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, სადაც ის იურისტად მუშაობდა. საწყალ დედაჩემს, ჩემ გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავდა. ოჯახში სულ სამნი ვიყავით. უსახსრობის შედეგად დედა იძულებული გახდა, ჩემი ძმა დეიდამისისთვის მიეშვილებინა, რომელმაც სამი წლის უკან სიკვდილის წინ თავის შვილობილს ბინაც კი უანდერძა. დედას უნდოდა, ჩემს ძმას მაინც ჰქონოდა, მე და ჩემი დისგან განსხვავებით, არსებობისათვის საჭირო ელემენტარული პირობები. ჩვენ კი ბიცოლას დახმარებით გვზრდიდა. 
ბავშვობაში ლამაზ ფეხსაცმელებსა და ბედნიერ, მშვიდ ოჯახზე ვოცნებობდი. ხშირად წავსულვარ სკოლაში დახეული ფეხსაცმლით და მთელი დღე სველი ფეხით გამიტარებია. მინდოდა, როდესაც გავიზრდებოდი, კარგი შემოსავალი მქონოდა, მაგრამ არა ჩემი კეთილდღეობისათვის, არამედ იმისათვის, რომ ჩემსავით გაჭირვებულებს სარჩო-საბადებლით დავხმარებოდი და მათ მაინც არ განევლოთ ის ეკლიანი გზა, რაც მე გადავლახე და, რომელმაც სამახსოვრო დაღი დამასვა კიდეც. ეს იყო ჩემი მოგონებები, რომლებიც მწარედ მახსენდება. 
ხშირად ბავშვური ნატვრის ასრულებაში ბიცოლა მეხმარებოდა. პარასკევ დღეს მოდიოდა ჩვენთან სტუმრად და შაბათ-კვირას ერთად ვატარებდით. სულმოუთქმელად ველოდებოდი ამ დღის დადგომას, ისე, როგორც ადამიანი გაზაფხულსა და ხეთა გამწვანებას მოელის. დღესაც გამორჩეულად მიყვარს ბიცოლა.
- მამაჩემს დავუბრუნდეთ, - მითხრა ელენამ. მე არ ვიცი, რას ნიშნავს მამა. არასდროს მყოლია ის და ახლაც კი სიცივე სუფევს ჩვენ შორის, ხიდია ჩატეხილი, რომლის აღდგენაც არა მგონია, როდესმე მოხერხდეს. მამაჩემმა ისიც არ იკმარა, რომ სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა და ხელი აიღო ოჯახზე. სანაცვლოდ ბებიასთან დადიოდა სოფელში. ამ დროს კი ჩვენ ძალიან გვიჭირდა. არ დამავიწყდება ახალი წლის ერთი დღე, როდესაც ყველანი იმის მოლოდინში ვიყავით, თუ რას მისცემდა მამა ოჯახის დიასახლისს ახალი წლის სუფრის მოსამზადებლად, რადგან დედას მხოლოდ 14 ლარი ჰქონდა და ამ სახსრებით რა უნდა გაეკეთებინა? მაგრამ მამამ ერთი თეთრიც კი ვერ გაიმეტა თავისი ოჯახისათვის იმ ფულიდან, რომელიც მან სესხად აიღო უფულობის გამო. ეს კიდევ არაფერი: წელიწადის 12 თვიდან მამაჩემი ჩვენს ერთოთახიან ბინაში მხოლოდ 3 თვე ატარებდა, მაგრამ მასთან ერთად გატარებული დღეები ჩემთვის მთელ საუკუნესა და კოშმარს, ცუდ სიზმარს უდრიდა ( ყოველდღე ძმაკაცები მოჰყავდა სახლში, სვამდნენ. შემდეგ მშობლებს შორის ჩხუბი იწყებოდა და ასეთ ხმაურში მიწევდა და მიწევს რაღაცის სწავლა მთელი 19 წელი). არ ვიცი ახლადგაცნობილ ადამიანს ამას რატომ გიყვები, მაგრამ თვალდახუჭული გენდობი და ვიცი გამიგებ.
თვალცრემლიანი ვუსმენდი ელენას, მაგრამ არ მინდოდა ეფიქრა, რომ მეცოდებოდა ან რაღაც ამის მსგავსი. ეს სიყვარულისა და თანაგრძნობის ცრემლი იყო. ჩემი მეგობრის ისტორიამ ჩამაფიქრა და დამარწმუნა, რომ, რაც არ უნდა ნაღვლიანი წარსული ჰქონდეს ადამიანს, მან ღიმილის ნიჭი და უნარი არასოდეს უნდა დაკარგოს, რადგან ღიმილი იმედის უმცროსი დაა. ამასთანავე ,,არაფერია უფრო იაფი და ბარაქიანი, ვიდრე – ღიმილი. გამცემს ამდიდრებს და არც დააზარალებს. გრძელდება წამით, გონებაში რჩება მარადის. არავინაა ისე მდიდარი, რომ ღიმილი არ სჭირდებოდეს. არავინაა ისე ღარიბი, იგი ვერ გასცეს. ოჯახში – ბედნიერებაა, საქმეში – შველა, უტყუარი ნიშანია მეგობრობისა. ღიმილი დამშვრალს სულს ამოათქმევინებს, გულგატეხილს გაამხნევებს, დამწუხრებულს ანუგეშებს, სნეულს წამლად დაედება. ის კია, მას ვერც იყიდი, ვერც ინათხოვრებ, ვერც მოიპარავ, რადგან მხოლოდ იმ წამს ფასობს, როცა გჩუქნიან. და, თუკი, ვინმემ თქვენთვის მოულოდნელად ღიმილი არ შემოგაგებათ, სამაგიეროს ნუ გადაუხდით. თქვენ გაუღიმეთ, რადგან არავის ის არ სჭირდება ღიმილი, ვიდრე – მას, ვისაც მისი გაცემა არ ძალუძს’’. შესაბამისად, არ უნდა დავკარგოთ გაღიმების უნარი და ყველამ უნდა ვისწავლოთ ღიმილის ფასი. ის საუკეთესიო საშუალებაა ტკივილის დასაფარავად, რომ მტრის თვალში შეუდარებელი და დაუმარცხებელი იყო.
თუმცა ელენას ღიმილი უმეტეს შემთხვევაში სევდით იჩრდილებოდა: სევდა ადამიანს გულს უმძიმებს, მაგრამ დაანახებს, რომ ტკივილი მას უფრო აძლიერებს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს. კაეშანს რომ გაუძლო, უნდა შეძლო იმის გარკვევა, თუ რა გაწუხებს და რის გამო იტანჯები. როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებ ანუ გაიგებ შენი გულისტკივილის მიზეზს, მიხვდები, რომ ტანჯვა შენი ცხოვრების თანამგზავრი გამხდარა. სწორედ ის ტანჯვა, რომელიც განუწყვეტლივ გულს გიღღრნის და მოსვენებას გიკარგავს. იმ წუთიდან მოყოლებული, როდესაც ტანჯვით სავსე წუთები ადამიანის ცხოვრების ყოფად წამებად გადაიქცევა, იმ ადამიანს ტანჯვა არა ნამდვილ წვალებად მოეჩვენება, არამედ მოჩვენებით ბედნიერებად, რადგან ყველაფერს ეგუება ცოცხალი არსება... თვით ტანჯვასაც კი...
ღმერთი ისეთ ტანჯვას, ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს, რომელსაც ვერ გავუძლებთ. შესაძლებელია, იმიტომ ვიტანჯებით, რომ ჩვენ ტანჯვის ატანის ძალა შეგვწევს და ძლიერები ვართ, ხოლო ის ადამიანი, რომელიც სუსტია და ცხოვრებისაგან (პირადული იქნება ეს თუ პროფესიული) უცაბედად დარტყმული ,,სარმი’’ აშინებს, არასოდეს დაიტანჯება ჩვენ მსგავსად.
სევდა და ტანჯვა იგივე გამოცდაა. ღმერთი განსაცდელს გვიმძაფრებს, რომ რწმენაში გამოგვცადოს. თუ ვუარყოფთ მას, დაინახავს, რომ ჩვენი ლოცვა უგულო და თვალთმაქცური იყო.
სევდა ზოგიერთ ადამიანს რწმენას უძლიერებს, ურწმუნოებს კი უფალს შეახსენებს, მაგრამ მხოლოდ ტანჯვის დროს, თუმცა ღმერთი არასოდეს მიდის გარიგებებზე.
მოჩვენებით ბედნიერებას სევდა მირჩევნია, - მითხრა ელენამ, - რადგან მჯერა რომ ნამდვილი სევდა ჭეშმარიტი ბედნიერებით შეიცვლება მაშინ, როდესაც ამას ღმერთი ჩათვლის საჭიროდ, რადგან ვიცი, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი ცვლის ანუ სევდა ჭეშმარიტი ბედნირებით იცვლება.
როდესაც 19 წლის ასაკში ასეთ გამძლეობასა და ნებისყოფას გამოიმუშავებ იმისას, რომ არ გათქვა შენი შინაგანი განცდები და ღიმილით დაფარო ის, ბუნებრივია, ამ ადამიანის მომავალს წარმატების სურნელი ასდის. ყოველთვის ვისურვებდი, რომ ელენას მსგავსად შევძლო, ღიმილით დავფარო ჩემი სევდა და გულისტკივილი, რაც ძალიან დიდი ნიჭია და მხოლოდ გამონაკლისებს შეუძლიათ ამგვარი თვისების გამომუშავება.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1100 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.