Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » დეპრესია
1:35 PM
დეპრესია
...სხვა გზა არ იყო: ცა მოიქუფრა, წვეტიანი ქვების სეტყვა წამოვიდა, ზეციდან ფურთხი ასხამდა, კედლები ყველა მხრიდან დაიძრა და გამომედევნა, ქარი, ნერვების სახრჩობელებზე დაკიდებულ სინათლის ანგელოზებს აქანავებდა. წელში მოხრილიყვნენ შავი ხეები. აპოკალიფსი. კუნაპეტი... და მეც ჩავყვინთე.
არც ფსკერზე ვიყავი და არც ზედაპირზე. წყალი მეგონა, რაღაც სხვა იყო, ბლანტი, ბინძური, მძიმე და შავი. მკლავებს მოსმა უჭირდა, მალე დაიღალნენ. ვიღაცისგან ჩამონათებული შუქი დამყვებოდა. ცისფერი, ნაზი ნათება.
დ ინებამ სადღაც შემაცურა, წვრილ, მშრალ გვირაბში აღმოვჩნდი. გავხოხდი. ჭერი ნელ–ნელა იწეოდა მაღლა. ავდექი. გამოქვაბული. ბასრი ქვები ფეხებიდან სისხლს მადენდა. გვირაბმა მღვიმეში შემიყვანა. ისევ კუნაპეტი, მაგრამ მაინც დავინახე ყველაფერი და სისხლი გამეყინა, წამსვე მივხვდი სად ამოვყავი თავი. დავდიოდი, ვაკვირდებოდი. მციოდა, თურმე სრულიად შიშველი ვიყავი. თითქოს არ ვარსებობდი. ყველაფერს ვხვდებოდი, ყველაფერი ვიცოდი, ისიც კი, რაც არ უნდა მცოდნოდა... სევდა გამეყინა და შიშად გადაიქცა. სული, თურმე, პირველად ამტკივდა.
სიცივეს აქ დროის მსვლელობა შეეჭამა და მისი ნარჩენები სუსხიან სტალაქტონებად გაშეშებულიყვნენ. ჰადესის მღიმეში უკუნი სიბნელე ჯარისკაცივით გაუნძრევლად იდგა, მაგრამ ყველაფერი მაინც გარკვევით ჩანდა:
ქვასავით მყარი, ყინულგადაკრული ვულკანური ლავის გუბეები ყოველ ნაბიჯზე გაჩენილიყო. უხვად მიმობნეულ, მეჭეჭებიან ლოდებს შორის მატლებივით ფუთფუთებდნენ გალურჯებული სხეულები. მათ ზედ თითო სვავი ეჯდა და ჯიჯგნიდა. გვამები განაჩენს ელოდნენ, ის კი აგვიანებდა. 
ჰაერში დამწვრის სუნი ტრიალებდა. ზევით ავიხედე და პირი ისე ფართოდ გამაღებინა საკუთარმა კივილმა, რომ ყბების ძვლები ერთმანეთს დაშორდა. მეტკინა.
შესაზარი, ხარბი და გაუმაძღარი იყო ჰადესი. ის ჰაერში დაკიდებულ, ადამიანის ძვლებისგან გაკეთებულ სავარძელში ჩასვენებულიყო. ერთადერთი ნაკვთი, ობლად და მუდამ საზარლად მობრიალე შავი თვალი მიელულა და ყოველ ამოსუნთქვაზე ყურებიდან შავ-წითელ ბოლქვებს უშვებდა. მისი ბალნიდან გამოჩრილი თეთრი ძვლები სიბნელეში ელვარებდა, ამიტომ ჩანდა ჰადესის მღვიმეში ყველაფერი გარკვევით.
აქ ყოველი წამი ერთმანეთს ისე ჰგავდა, რომ მუდმივად მიმდინარეობდა და დრო არ არსებობდა. ჰადესი პატარა საიდუმლოს ინახავდა: მისი სამუდამო გაუჩინარება მხოლოდ და მხოლოდ სიჩუმეს შეეძლო. აქ კი, უკვე დიდი ხანია, რაც გვამთა ოხვრა-კვნესა და გოდება ქცეულიყო ჰადესისეულ სიჩუმედ.
როგორ არ იკვნესებდნენ და იქვითინებდნენ საბრალოები?.. კვნესისაგან რომ დაიქანცებოდნენ, აქა-იქღა რომ ისმოდა მათი საცოდავი, მაგრამ იმავდროულად საზარელი ხმა და სადაც იყო სიჩუმე უნდა ჩამომდგარიყო, ჰადესი სწორედ მაშინ მოუმრავლებდა მათ სულიერ ტანჯვას, მოგონებებს, და სწარაფადვე მიაშველებდა ფიზიკურსაც... და კვლავ სინანულით ივსებოდა გაშეშებული ჰაერი... 
და უცებ, ზემოდან ცისფერი ნათება ჩამოვარდა, დამეცა, შემომეხვია და ჩამიხუტა. მოვითენთე, ტკივილმა გამიარა და რაღაც მშვენიერმა მომიღიტინა სულში, გული აცეტდა, ყურებმა მისი ხავერდი გაიხსენა, ყელი დაგრძელდა და თვალები თავისით დაიხუჭა... 

გამომეღვიძა თუ იქიდან დავბრუნდი, არ ვიცი. ფანჯარას მივვარდი. მეგონა მზე დამხვდებოდა. მზე არ იყო, მაგრამ სიცოცხლე ჩქეფდა: მიმოდიოდნენ მანქანები, ადამიანები, ჩიტები, ღრუბლები, ცაში ქარი დაფრინავდა და ყველაფერი გამიხარდა. სასწრაფოდ „ბლუზი” მოვიშველიე განწყობის გასაწელად და ყავის მოდუღება დავიწყე. ჯერ ისევ გაბრუებული ვმოძრაობდი, რომ ზარი დაირეკა. კარი გავაღე. ის იდგა. გავუღიმე თუ დავეჯღანე ზუსტად არ ვიცი, რადგან გაოგნებული თვალებით მზერის არიდება სცადა. გამიკვირდა. სარკეს ჩავუარე და შემეშინდა: იქიდან სრულიად შიშველი და გამურული მე მიყურებდა. უცებ ისევ გამიხარდა...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 976 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.