8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 5 - 13 აპრილში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 2:08 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » 8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 5
10:13 AM
8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 5
8 8 8
შუადღემ მოატანა. მუშაობით გადაღლილი დავითი საწოლზე მიწვა და თვალები მილულა… ღამენათევს და დილიდან მუშაობით გადაღლილს მალევე ჩაეძინა. უცნაური ზმანება ნახა…
ვითომ 80-იანი წლები იდგა და მისი აწყობილი მოიერიშე ავღანეთში ბომბავდა ავღანელების სოფელს. დავითიც იქვე ტრიალებდა, ბომბების ცეცხლში. თითქოს გრძნობდა, თვიმფრინავს როგორ ხვდებოდა მტრის ტყვიები. მერე Ce-25 აეროდრომზე მშვიდობიანად დაეშვა… შემდეგ პილოტი დაინახა, რომელიც დაზიანებული ნაწილების გარემონტებას ცდილობდა, უეცრად შიგნით წარწერები დაინახა და მის გადაშლას შეეცადა გინებ-გინებით. ამ დროს აეროდრომის დაბომბვა დაიწყეს ავღანელებმა და რუსი პილოტი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გადარჩა სახელები წაშლას!
დავითმა ერთი ამოიგმინა ძილში და მხარი იცვალა. არ მოასვენა სიზმრებმა, თითქოს ჯინაზე, მაინცდამაინც ის მოიერიშე ესიზმრებოდა, ის Ce-25… თვითმფრინავი ვითომ გამოყვანილი იყო ავღანეთიდან, უზბეკეთში, ჩირჩიკის აეროდრომზე დაჯდა, რადგან მცირე ავარია განიცადა. მისი გარემონტისას რუსმა სამხედრომ წარწერები დაინახა. დავითი აბორგდა ძილში, რაღა ყველა ამ წარწერებს მისჩერებია, რა უნდათ, სხვას ვერაფერს ხედავენ?! ჯარისკაცი ცდილობდა, სახრახნისით გადაეფხაჭნა უცხო სახელები, მაგრამ მიოულოდნელად სახრახნისი შუაზე გადატყდა და წვეტიანი პირი ხელისგულში შეერჭო. მთლად გაუსისხლიანდა ხელი. სამხედრომ ერთი შეიგინა და სამედიცინო ნაწილისკენ გაეშურა.
ზმანებას ზმანება ცვლიდა… დავითის სიზმარმა ბოლოს ჩეჩნეთში ამოყო თავი… მისი “შვილობილი” მოიერიშე ჩეჩნურ სოფელს ბომბავდა ვითომ, მერე ბუდიონოვსკის აეროდრომზე დაეშვა, უამრავი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მისი დათვალიერებისას ერთმა მამაძაღლმა რუსმა სამხედრომაც შეამჩნია წარწერები და აყვირდა: _ თქვენ, ქართველები, ჩეჩნებს ეხმარებით, არა! _ თან დავითს მისჩერებოდა, თითქოს იცოდა, რომ სახელები თვითმფრინავზე მისი მიწერილი იყო… ოფიცერმა მათი წაშლა განიზრახა, მაგრამ ამ დროს დაუძახეს და წავიდა. ოჰ, როგორ უნდოდა დავითს, მუშტი ეთხლიშა იმ თავხედისთვის, მაგრამ ხელები ვეღარ დაიმორჩილა, უნდოდა გაკიდებოდა სამხედროს, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა, ყვირილი უნდოდა, ხმა ვერ ამოიღო…
ამ წვალებაში იყო, რომ გამოეღვიძა _ ერთიანად ოფლში ცურავდა…
_ ვერ არის კარგი ამბავი ჩვენს თავს, _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, ცხვირსახოცით გაიწმინდა ოფლიანი თავ-კისერი და შუბლშეჭმუხნილმა სივრცეს გახედა…
8 8 8
გიორგი ორ ცეცხლს შუა იწვოდა. ვეღარ გადაეწყვიტა, ეცნობებინა თუ არა ნანასთვის, გორში რომ მიდიოდა. დედ-მამას როგორმე დაარწმუნებდა, რომ მივლინებაში აგზავნიდნენ, მაგრამ შეყვარებულს? ისედაც გულნატკენი დატოვა, წამოსვლისას ვერ მოასწრო მისი ნახვა, ვერ დაემშვიდობა. შეყვარებული ქალი მაინც სხვანაირად აღიქვამს ასეთ რამეებს, მით უმეტეს, ისეთი ემოციური, როგორიც ნანაა. გამუდმებით იმის შიში აქვს, გიომ არ მიმატოვოს და სხვა არ შეიყვაროსო. მისთვის უცხოა: გამომიძახეს, უნდა წავიდე, ბრძანება უნდა შევასრულო… მას მხოლოდ ის უნდა, როცა მოესურვება, მაშინ გაჩნდეს საყვარელი მამაკაცი მის გვერდით. ეჰ… ბარემ გიორგისაც უნდა ასე, მაგრამ…
როგორღაც უნდა აუხსნას, უნდა დააჯეროს, რომ მასზე არ არის დამოკიდებული მისი წასვლა-დარჩენა. აი, ცოლად რომ შეირთავს, მერე უკეთ გაერკვევა მის სამსახურებრივ მოვალეობაში და მიხვდება, რომ სამხედრო მოსამსახურის ყოველდღიური გრაფიკი ერთობ საპასუხისმგებლოა. როდის იქნება ეგ? ნიშნობა გადაიდო, ეს ფაქტია… ქორწილი? იმედია, შემოდგომამდე არ გაგრძელდება დაძაბულობა და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება.
მოულოდნელად ირაკლი გაახსენდა. ნეტავ, რას შვრება? ვეღარ დაურეკა. მასაც ხომ არ აგზავნიან? ამის გაფიქრებაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. მაშინვე ამოიღო ჯიბიდან მობილური და ძმას დაურეკა.
ასეთ სერიოზულ საკითხზე ტელეფონით საუბარი არ ღირდა, ეს ორივე ძმამ კარგად იცოდა, ამიტომაც შეხვედრა დათქვეს. მოილაპარაკეს, რომ ერთ საათში გიოს ბინაში შეხვედროდნენ ერთმანეთს.
ირაკლისთან საუბარს რომ მორჩა, ნანას ნომერი აკრიფა. თითქოს ჩასაფრებული იყოო, გოგონამ პირველსავე ზარზე უპასუხა.
_ ნან, როგორ ხარ? _ თბილად მოიკითხა.
_ ცუდად, _ უკმაყოფილება იგრძნობოდა მის ნათქვამ ერთ სიტყვაში.
გიორგის გული დაეწვა. არ იცოდა, საიდან დაეწყო, როგორ ეთქვა საყვარელი ქალისთვის ის, რაც დანამდვილებით იცოდა, გულს მოუკლავდა.
_ ჩემ გამო ხარ ცუდად? მიბრაზდები?
_ შენ როგორ ფიქრობ?
_ ნან, ხომ იცი, რომ…
_ ყოველთვის ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე… არ მოგბეზრდა, გიო? _ გააწყვეტინა გაღიზიანებულმა გოგონამ, _ თვეში ერთხელ ვერ უნდა გნახო ნორმალურად? ან, როცა მიდიხარ, დამემშვიდობე მაინც, ასე შეიძლება?
_ დაწყნარდი, ძალიან გთხოვ. ხომ იცი, როგორც ხდება. სასწრაფოდ გამომიძახეს. ისე ადრე წამოვედი, ჯერ გათენებულიც არ იყო, გეფიცები.
ნანამ არ უპასუხა.
_ მომისმინე… ეს ყველაფერი არ არის, რაც უნდა მეთქვა.
_ კიდევ არის რამე?
_ ჰო, _ გიორგიმ რამდენიმე წამით შეაყოვნა, მერე ხმას დაუწია და არეულად გააგრძელა, _ პირველ რიგში… ისა… ხომ იცი, როგორ მიყვარხარ… უნდა დამექორწ… ფუჰჰჰ… უნდა დამენიშნე რვაში, ჩემს დაბადების დღეზე, მაგრამ არ გამოდის… სხვანაირად შეტრიალდა საქმე… იქ რომ არ მივდიოდე… ადრე მაინც მცოდნოდა, აღარ გადავდებდი. სასწრაფოაო, მივლინებაში მიწევს და…
_ გიო, რა უაზროდ ლაპარაკობ, მთვრალი ხომ არ ხარ? _ ვერაფერი გაიგო ნანამ, _ შეგიძლია სათქმელი დაალაგო და მიყოლებით მითხრა, რა ხდება?
_ ჰო, ჰო… მართალი ხარ… ამერია რაღაცები. მოკლედ, რვაში ვერ ჩამოვდივარ. მივლინებაში მიშვებენ. არ ვიცი, რამდენი ხნით. ყველაზე ცოტა, ალბათ ორი კვირით. რომ ჩამოვალ, ეგრევე შვებულებას ავიღებ და აღარ დაველოდები შემოდგომას და მოსავლის დაბინავებას და ასეთ სისულელეებს. აღარ შემიძლია უკვე უშენოდ. მინდა ჩემი იყო, ჩემთან იყო… ჩემს სახლში მელოდებოდე. წამოგიყვან თბილისში და მერე სულ ერთად ვიქნებით, გპირდები, ნან. ოღონდ ახლა არ მეჩხუბო, კარგი? ოღონდ ახლა არ მისაყვედურო, გამგზავრების წინ, გთხოვ.
_ რა, უკვე მიდიხარ? ამწუთას?
_ საღამოს გავდივართ. დედას გეფიცები, ასე უცებ რომ არ მიწევდეს გასვლა, ამაღამვე ჩამოვიდოდი თოხლიაურში და აუცილებლად გნახავდი წასვლამდე, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვასწრებ. შეგიძლია გამიგო?
_ შემიძლია, _ ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა გოგონამ, _ ცუდია, რომ მიდიხარ, თანაც ასე, ჩემს უნახავად. ვიცოდი, ასე რომ იქნებოდა, გული მიგრძნობდა. იმიტომაც გისაყვედურე, იმიტომაც მინდოდა, სანამ აქედან გაიქცეოდი, გენახე. ერთი ზარი საკმარისი იყო და ჭიშკართან დაგხვდებოდი. განა რა გაგიხდა დარეკვა? რა მოითმენს ორი კვირა.
_ მალე ჩამოვალ, სიხარულო, ძალიან მალე, აი, ნახავ!
_ ჭკვიანად იყავი. ბოლო დროს ცუდი სიზმრები მაქვს. გესმის? მეც ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდი სიურპრიზი მაქვს შენთვის, მინდა ეს იცოდე.
_ მართლა? რა სიუპრიზი? მითხარი, რა. ერთი კარგი ამბავი მაინც მითხარი წასვლის წინ.
_ არა, ახლა არა. რომ ჩამოხვალ, მერე.
_ კარგი, ნანა. როგორც გინდა. გავიქეცი ახლა და შენ იცი, თავს მოუარე. მე რომ გამიხარდება, ისე დამხვდი. მალე გნახავ…
ნანასთან საუბრის მერე გული კიდევ უფრო დაუმძიმდა. ღრმად ამოიხვნეშა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა, რათა შინ მისულიყო და ირაკლის დახვედროდა.
ირაკლი ზუსტად ერთ საათში მოვიდა. საერთოდ, ძალიან პუნქტუალური იყო, არსად არასდროს აგვიანებდა, წამითაც კი. ხშირად ხუმრობდა, გერმანული სიზუსტით ვმუშაობო.
ძმა ძმას ისე გადაეხვია, თითქოს დიდი ხნის უნახავი ჰყოლოდათ ერთმანეთი. მერე ერთმანეთს თვალებში ჩახედეს და ამით გამოხატეს თავიანთი სათქმელი.
_ შენ საითო, რა გითხრეს? _ უგუნებობა ეტყობოდა ირაკლის ხმაში.
_ ტბეთშიო, ბურდულმა… შენ?
_ როგორც ჩანს, ჯერ ყველას ერთად მოგვიყრიან თავს… მეც.
_ კარგია, ერთად მაინც ვიქნებით.
_ როგორ ფიქრობ, ომი დაიწყება?
_ არა მგონია. შეიძლება ცრუ განგაშია, პირველად ხომ არ ხდება…
_ მაგრამ ასე სასწრაფოდ არასდროს მომხდარა გადაადგილება, თანაც… გააჩნია სამხედრო ნაწილსაც… საჰაერო, სატანკო… ყველას გადასროლა ხდება, თან რაც შეიძლება, უმოკლეს დროში.
_ აბა, რა გითხრა, ირაკლი, როცა თვითონაც არაფერი ვიცი.
_ ჩვენებს დაურეკე?
_ არა… ვერა.
_ მეც არ მითქვამს. იქნებ ჯობია, არ ვუთხრათ?
_ ჩუმად გავიპაროთ? _ მწარედ გაეღიმა.
_ აბა ის ჯობია, ორივე მივდივართ-თქო? ხომ გაუსკდებათ გული.
_ მერე რა? ვითომ წვრთნები გვაქვს, მორჩა და გათავდა.
_ მაშინ შენ დაურეკე და უთხარი.
_ ერთხელ შენ რომ დაურეკო, ქვეყანა დაიქცევა? _ გიორგიმ ირიბად გახედა.
_ უფროსი ძმა შენ ხარ, შენ გეკუთვნის, _ გაიხუმრა ირაკლიმ.
_ ჰო, აბა რა! შენ როგორ გეკადრება ეგეთი რამეები!
_ მამას დაურეკე. რამეს მოახერხებს. მაგან იცის, როგორ უთხრას დედას, ეგეთები არ ეშლება.
_ ეგრეც ვაპირებ… რა სიამოვნებით დავთვრებოდი ახლა, _ კვლავ ამოიხვნეშა გიომ.
_ კარგი რა, რა გჭირს? მართლა ომში ხომ არ მივდივართ? _ მთლად ომახიანად ვერ გამოუვიდა უმცროს ძმას.
_ არ მომწონს ეს ყველაფერი. რაღაცას გვიმალავენ, ასე მგონია.
_ ნუ იცი შენ სიტუაციის დრამატიზება. მაგას ჯობია, გაემზადო და მერე დარეკო. ცოდოები არიან, არ გამოვა უთქმელად წასვლა.
_ მე კი დავურეკავ, მაგრამ შენც უნდა დაურეკო. ისე, ყოველი შემთხვევისთვის…
_ კარგი, კარგი, დავრეკავ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. წავედი აბა, მეც უნდა ჩავალაგო ნივთები, დრო არ ითმენს.
კვლავ გადაეხვივნენ ერთმანეთს… ამჯერად უფრო გაუგრძელდათ ერთმანეთის ჩახუტება და მხარზე ხელების ტყაპუნი… შორიდან რომ შეეხედა ვინმეს, იფიქრებდა, ძმები სამუდამოდ ემშვიდობებიანო ერთმანეთს… იქნებ ასეც იყო…. არავინ უწყოდა…
8 8 8
დავითს სახე შეეცვალა. მოიქუფრა… წარბებს ხან შეჭმუხნიდა, ხან გაშლიდა და მაღლა აზიდავდა.
_ კარგი. შვილო, მიხედეთ ერთმანეთს. ხომ იცი, როგორც ხდება. წვრთნების დროსაც შეიძლება ადამიანი დაზიანდეს… ფრთხილად იყავით, _ დახშული ხმით ამოთქვა და ტელეფონიანი ხელი მოწყვეტით ჩამოუშვა ძირს.
ორივე ერთად… წვრთნებიო… რა წვრთნები აუტყდათ ასე მოულოდნელად? ამ გაგანია სიცხეში? თანაც გორში… დავითს რას გამოაპარებენ ეგენი? ამ ბოლო დროს ისეთი მუქარები ისმის მოსკოვიდან… საღამოს ბინდბუნდს გახედა. საიდანღაც ბაყაყების ყიყინი ისმოდა, რომელსაც ჭრიჭინების გულისგამაწვრილებელი ჭრიჭინი ერთვოდა. მოულოდნელად სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს ვიღაცამ ჭრიჭინებიც დააფრთხო და ბაყაყებიცო… გაირინდა მიდამო… ავის მომასწავებლად ეჩვენა მამაკაცს ეს სიჩუმე… გაიარ-გამოიარა. მერე ერთ ადგილას შედგა და ჩაფიქრდა… თავი დააკანტურა. ჰო, ასე ჯობია, ჯერ არაფერს ეტყვის ნინოს. მერე შეაპარებს, როცა გიორგის დაბადების დღის აღნიშვნაზე ჩამოვარდება ლაპარაკი.
დავითმა ამოიგმინა და მსხლის ხეს მიეყრდნო თვალებდახუჭული… ფიქრებით კვლავ წარსულს გადაწვდა…
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1608 | დაამატა: mirkani | რეიტინგი: 4.1/27
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0