8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 4 - 13 აპრილში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:28 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » 8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 4
10:11 AM
8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 4
8 8 8
დავითი ფიქრებიდან მამლის ყივილმა გამოარკვია. ცას ახედა. დილის ბინდი შემოპარულიყო სოფელში, ვარსკვლავები აღარსად ჩანდა. “რა დრო გასულა, კაცო, არ დამათენდა თავზე!” _ გაიფიქრა ღიმილით და ფარეხისკენ აიღო გეზი, რათა დროზე დაეკლა კიდევ ერთი ცხვარი და გიორგისთვის ნაწილში მისატანი ძღვენი გაემზადებინა.
ის იყო, ერთ მსუქან ცხვარს ფეხში მოავლო ხელი, გარეთ გამოათრია და დასაკლავად წამოაქცია, რომ გიორგი წამოადგა თავს.
_ ამ დილაუთენია რამ აგაყენა, ბიჭო, ადრეა ჯერ! _ ახედა ნახევრად მძინარე შვილს.
_ სასწრაფოდ მიბარებენ ნაწილში, უნდა წავიდე, მამი!
_ მოიცა, რა დროს წასვლაა, ცხვარი უნდა დაგიკლა!
_ არ გინდა, იქ რაღაც ხდება, როგორც ჩანს, ახლავე წამოდიო, დამირეკეს. მერე იყოს!
_ რაღაც ხდებაო? ამისთანა რა ხდება, მწვადზე რომ უარს ამბობენ, ოქროს ურდო ხომ არ შემოესია ქვეყანას? _ გაიხუმრა მამაკაცმა და ცხვარი კვლავ ფარეხში შეაგდო.
_ არა, რა ურდო… ალბათ რაღაც მოხდა. რას გაიგებ, ტელეფონში ხომ არ მეტყოდნენ. უნდა წავიდე. შეიძლება ისევ მიტინგების გამართვას აპირებს ოპოზიცია. ხომ იცი, ამ დროს მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, წინასწარ ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს.
_ რა ვიცი, ამ ტელევიზორში არავის არაფერი უთქვამს და… რაღა ამ გაგანია სიცხეში მოუნდათ მიტინგობანა, კაცო! ცხვრის დაკვლას ვერ გაცდიან ადამიანს, ვინ არიან ესენი! _ ბუზღუნ-ბუზღუნით აუყვა დავითი კიბეს.
ნახევარი საათის შემდეგ გიორგი თავისი “მერსედესით” შეფიქრიანებული მიუყვებოდა თბილისისაკენ მიმავალ გზას. გული ეთანაღრებოდა, ნანასთან დამშვიდობება რომ ვერ მოასწრო…

8 8 8
თბილისში ჩამოსულმა გიორგიმ წყალი გადაივლო, სამხედრო ფორმა ჩაიცვა და სამსახურში წასასვლელად გაემზადა. სწორედ ამ დროს ირაკლიმ დაურეკა.
_ როგორ ხარ, გიო? _ თითქოს დახშული ხმით შეეკითხა უმცროსი ძმა.
_ მე კარგად, შენ? რა იყო, რა გჭირს? რაღაც არ მომწონს შენი ხმა, მოხდა რამე?
_ რა ვიცი, აბა? შენთვის არაფერი უთქვამთ?
_ ვის უნდა ეთქვა? რა? ხომ მშვიდობაა?
_ ნაწილში არ მისულხარ ჯერ?
_ არა, რა იყო, დროზე მითხარი!
_ გეტყვიან იქ… ტელეფონით რა ვიცი, არ ღირს მგონი, _ უფრო და უფრო ყრუდ ისმოდა ირაკლის ხმა.
გიორგი დაიძაბა. მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, რაღაც ცუდი… არა, უარესი… უფრო მეტიც _ საშინელება… და ეს ყველაფერი სულაც არ იყო მიტინგებთან დაკავშირებული.
საათს დახედა. ცხრა ხდებოდა. უნდა ეჩქარა. უნდოდა, ნანასთან დაერეკა, მაგრამ გადაიფიქრა, ვაითუ, ძინავს და გავაღვიძოო. სწარფად გამოიკეტა ბინის კარი და ლიფტი გამოიძახა…
8 8 8
დავითი ცუდ გუნებაზე დადგა. გიორგის მოულოდნელმა გამგზავრებამ შეაშფოთა. რატომღაც ცუდს უგრძნობდა გული. ზურგზე ხელებდაწყობილი კარგა ხანს სცემდა ბოლთას მარანში, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ეს გმინვა რაღას დასჩემდა ბოლო ხანებში?! თითქოს ყველაფერი კარგად იყო, არ უჩიოდა ცხოვრებას. ღვთის მადლით, შეჭირვებულები არ იყვნენ, არც სასმელ-საჭმელი აკლდათ და შვილებიც საღ-სალამათი ჰყავდათ _ ტალიკ-ტალიკა, რჩეული ვაჟკაცები! ერთი ეგაა, ორივემ რომ სამხედრო სამსახური აირჩია, ცოტა არ იყოს, გულზე ხვდებოდა. სულ დაკავებულები არიან, ხშირად ვერ ახერხებენ სოფელში ჩამოსვლას, მშობლების ნახვას. მერე რა, რომ არც ისე ბებრები არიან? ოჰ! კარგი, რა დავით! შენ რაღა მოგივიდა! რა დროს სიბერეა ჯერ, 50 წლის ასაკში ადამიანები თავიდან იწყებენ ცხოვრებას. ჩაეღიმა… ფიქრებით კვლავ წარსულში გადავიდა… კინოფირივით გადაახვია მოგონებები…
1989 წლის 8 აგვისტო გაახსენდა, მოსკოვში რომ ჩაფრინდა ცოლ-შვილთან ერთად. გიორგი ხუთი წლის იყო მაშინ. დიმიტრის ესტუმრნენ. ოჰო-ჰოოო! რა აპარტამენტები დახვდა იქ! ვეღარც დათვალა, რამდენი ოთახისგან შედგებოდა დიმას ბინა. ერთი, მეორე, მესამე… მეხუთე… მეშვიდე… ერთმანეთზე დიდი და ერთმანეთზე ლამაზი. ან რა გასაკვირი იყო, დიმიტრის უკვე ისეთი თანამდებობა ეკავა… კაცი მინისტრის მოადგილე გახლდათ.
მართალია, დიმას ძალიან გაუხარდა ქართველი მეგობრის სტუმრობა, მაგრამ საღამოს, გაშლილ სუფრას რომ შემოუსხდნენ, რაღაც ვერ აეწყო საუბარი. მთელი საღამო დაძაბულობა იგრძნობოდა, თითქოს სიტყვებს არჩევდნენ, რა და როგორ ეთქვათ ერთმანეთისთვის, თითქოს ფრთხილობდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, ლენა და ნინო მეორე ოთახში რომ გავიდნენ და მამაკაცები მარტო დატოვეს.
ვლადი და გიო იქვე, კუთხეში მიმსხდარიყვნენ და ერთობოდნენ. დიმამ ბავშვებს გახედა. ვლადი ვიდეომაგნიტოფონის ჩართვას ასწავლიდა გიორგის. ეს უკანასკნელიც პირდაღებული და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ტელევიზორის ეკრანს, სადაც “ნუ პოგოდის” მგელი და კურდღელი ერთმანეთს დასდევნენ. პატარა ბავშვის გონება ვერ აცნობიერებდა, როგორ შეიძლებოდა ასე მიყოლებით, დიდხანს, ძალიან დიდხანს ეყურებინა საყვარელი მულტფილმისთვის, თან სხვადასხვა სერიისთვის. იქ, თოხლიაურში რომ არ იყო ასე? იქ მთელი დღე უნდა “ეხვეწოს” ტელევიზორს, რომ “ნუ პოგოდი” “გამოუშვას” საღამოობით.
_ კარგი შვილები გვეზრდება, _ სიჩუმე პირველმა დიმიტრიმ დაარღვია.
_ ჰო, კარგები არიან, _ ამოიხვნეშა დავითმა და თვითონაც გახედა ბავშვებს.
_ მეორე რატომ არ ჩამოიყვანე? ისიც კარგი ბიჭი იქნება, დარწმუნებული ვარ.
_ ირაკლი? უჰ, ის ისეთი ყაჩაღია, ისეთი ცელქი, ერთ ადგილას ვერ ვაჩერებთ. ჯერ პატარაა, არ ღირდა წამოყვანა. სიდედრს დავუტოვე, _ გაიღიმა დავითმა.
_ მოდი, ერთხელაც შევსვათ ჩვენი იუბილარების სადღეგრძელო, ოღონდ ამჯერად ყანწი არ გვინდა, თორემ დაგვაგდებს, _ დიმამ ერთჭიქიანი თასი ასწია და მეგობარს მსუბუქად მიუჭახუნა, _ ერთმანეთისთვის არასდროს ეღალატოთ!
_ კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ ბოლომდე! _ თქვა დათომაც და ორივემ შეუსვენებლივ დაცალა სასმისი.
_ ახლა კიდევ ერთი და ამით დავამთავროთ, _ დიმიტრიმ მეგობრის ჩამოტანილი “რქაწითელი” კიდევ ერთხელ ჩამოასხა, _ კახურ ღვინოს სულ სხვა გემო აქვს, საოცრებაა!
_ სანამ ცოცხალი ვარ, ამ საოცრებას არ მოგაკლებ, ჩემო დიმა და მერე ჩვენი შვილები მიხედავე მაგ საქმეს. აბა, გისმენ, ჩემო ძმაო! _ დათომ შევსებული თასი მოიმარჯვა.
_ ამ ლამაზი ქართული სასმისით და სასმლით იმ თვითმფრინავის სადღეგრძელო მინდა შევსვათ, ჩვენ რომ გამოვცადეთ 84-ში და რომელსაც ჩვენი შვილების სახელები აწერია. ისიც ხომ 8 აგვისტოს დაიბადა, ამათი ტოლია, _ დიმამ თავი ბავშვებისკენ გადააქნია.
_ მაგაზე როგორ გაწყენინებ, ძმაო, გაუმარჯოს და გაუმარჯოს! წარმატებით ეფრინოს სულ, მტრის ჯავრი ამოეყაროს ჩვენი გულის გასახარად! _ რატომღაც, შეცვლილი თუ შეფიქრიანებული ხმით განავრცო სადღეგრძელო დათომ და, ცოტა არ იყოს, უსიამოვნოდ დალია, თითქოს ღვინოს კი არა, მწარე წამალს სვამსო.
_ შენ რაღაც გაწუხებს, დავით და არ მეუბნები, _ ხმადაბლა წამოიწყო დიმიტრიმ.
დათომ მსწრაფლ ასწია თავი და მასპინძელს დაჟინებით მიაჩერდა.
_ მაწუხებს?.. ჰო… რაღაც ნამდვილად მაწუხებს. არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რადგან შემეკითხე, არ შემიძლია, არ გითხრა.
_ მითხარი, რა პრობლემაა, აბა მეგობრები რისთვის ვართ? რამეში ხომ არ გჭირდება ჩემი დახმარება? ხომ იცი, ჩემი ერთი ზარი საკმარისია, რომ შენი ყველა პრობლემა უცებ მოვაგვარო.
_ არა, დიმა, დიდი მადლობა, ზარი არ მჭირდება. მე სხვა რამ მინდოდა მეთქვა… იცი? იმ ღამეს, 9 აპრილს რუსთაველზე მეც ვიყავი. მეც ჩამარტყეს ალესილი ბარი ჯარისკაცებმა, _ მამაკაცმა პერანგი აიწია და უკვე შეხორცებული ჭრილობა დაანახვა დიმიტრის, _ და არც ცრემლსადენი გაზის “გემო” დამვიწყებია… თუმცა მე რა… კაცი ვარ და კაცი კაცს ყოველთვის დაარტყამს, როცა საჭიროა, მაგრამ იმ პატარა გოგონებს რას ერჩოდნენ, თუ ძმა ხარ, ამიხსენი. განა ასეთი რა დავაშავეთ, რომ სასიკვდილოდ გაგვიმეტეს? ბავშვებსაც რომ არ ინდობდნენ, ქალებს რომ დაერივნენ? დღემდე ვეძებ ამ კითხვაზე პასუხს და ვერ მიპოვია… არ შემეძლო ამ სათქმელის გულში ჩატოვება, მაპატიე.
დიმიტრი ერთხანს ჩუმად იჯდა, თავჩაქინდრული და ჩანგლის წვერით სალათას “ფარცხავდა”, მერე თავი ასწია და გამეხებული სახით შეხედა სტუმარს… პაუზა რამდენიმე წამს გაგრძელდა. მეგობრებმა თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს, თითქოს მზერაში ეჯიბრებოდნენ, წამწამიც კი არ დაუხამხამებიათ.
ბოლოს დიმამ დაარღვია დუმილი, თან როგორ! ცივად, ოფიციალური ტონით მიახალა დავითს.
_ არავის აქვს უფლება, საბჭოთა კავშირი დაანგრიოს. ვინც ამას მოისურვებს, ის ჩვენი სამშობლოს მტერია, მოღალატე და უნდა დაისაჯოს! მკაცრად უნდა დაისაჯოს! ჩვენი ხალხის ღალატი არავის ეპატიება!
იმდენად ხმამაღლა მოუვიდა დიმიტრის, რომ მეორე ოთახიდან ლენა და ნინო გამოვარდნენ შეშინებულნი, რა ხდებაო. ბავშვებმაც კი იგრძნეს, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და, თითქოს მოლაპარაკებულნი იყვნენო, ერთდროულად გამოიქცნენ და დედების კალთებს შეაფარეს თავი.
დავითმა პირში წყალი ჩაიგუბა. იცოდა, ახლა რომ რამე ეთქვა, უარესად დაძაბავდა სიტუაციას. ცალი თვალით გახედა დიდი ხნის მეგობარს და… ისეთი რამ წაიკითხა მის თვალებში, მიხვდა, შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა…
იქ, ღრმად, გულის შორეულ კუნჭულში, თითქოს ერთი, ძალიან საიმედო სიმი უცაბედად გაწყდა…
8 8 8
_ კაცო, რას გახევებულხარ ამ შუა მარანში, რა გეტაკა? _ გამოღებულ კარში დოინშემოყრილი ნინო გამოჩნდა.
_ მოდი, აქ მოდი, ჩემო ქალო, _ ხელი დაუქნია დავითმა ცოლს, _ რა მეტაკა და… ამწუთას ლენაზე ვფიქრობდი.
_ ვინ ლენაზე, ადამიანო, რა დროს შენი ქალებზე ფიქრია, საცაა შვილიშვილი გეყოლება!
დათო ახარხარდა.
_ რატომ რა, ფორმაში არ ვარ, თუ? გული არ ბერდება, ჩემო ნინო, გულიიი! _ მამაკაცი გემრიელად ხითხითებდა, _ ვხუმრობ, შე ქალო, რა ქალები, რის ქალები… ჩვენს ლენაზე გეუბნები, შენ ვინ იფიქრე, ნეტავი. გახსოვს, მოსკოვში რომ “გაგულავე”?
_ ეჰ… _ ამოიოხრა ნინომ, _ არ გამახსენო ის დრო. ლამის გული გამისკდა იმ ღამეს, შენ და დიმამ რომ კინაღამ იჩხუბეთ. როგორი რისხვით ანთებული თვალები ჰქონდა! სიძულვილით სავსე! სხვა რამე გაიხსენე, შენი ჭირიმე, ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ.
_ რატომ, შენ რაღა დაგემართა? _ მამაკაცმა ცოლს მკლავი მოხვია და მისი თავი მხარზე მიიკრა.
_ ცუდი სიზმარი მქონდა წუხელ… ნეტავ ამაზე ამიხდეს.
_ რა გესიზმრა ამისთანა, ხომ არ მოვკვდი, შემთხვევით? იქნებ გეშველოს და უფრო ჯეელი ქმარი იშოვო!
_ გაგიხმეს ეგ ენა! რა ცუდი ხუმრობა იცი ხოლმე. ის თვითმფრინავი მესიზმრა, თქვენ რომ ლეგენდად აქციეთ და ყურები გამომიჭედეთ წლების განმავლობაში. აქაოდა, ჩვენი შვილების სახელები აწერიაო…
_ ქალო! ეგეთი რამეები შენ რა გგონია, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება? ვინ მოგცემს უფლებას, თვითმფრინავს შენს გემოზე წააწერო თუნდაც ერთი ასო? ეგ იცი, მაშინ რამხელა ამბავი იყო? მას მერე იმდენი წელი გავიდა… ვინ იცის, იქნებ გადაშალა კიდეც ვიღაცამ ამ ჩვენი ბავშვების სახელები… მერე, მერე? რაო, თვითმფრინავმა, რა მინდაო? _ ნინოს გამხიარულებას შეეცადა დავითი.
_ ახლაც ცუდად მაქვს გული, ისე შემეშინდა. აგერ, ა! ამ კაკალს დაეცა ვითომ და აფეთქდა!
_ უჰ! ეგ რა მითხარი, კაკლის ხე დაგვიზიანა, მაშ? უყურე შენ! საძაგელი თვითმფრინავი! _ ჩაბჟირდა მამაკაცი და მკერდზე მიიხუტა შეწუხებული ცოლი.
_ ყველაფრის გამატრაბაზება ნუ იცი შენ, ადამიანო! _ გაწიწმატდა ნინო, _ ხომ იცი, როგორ ამიხდება ხოლმე სიზმრები.
_ მერე შენებურად წყალს ვერ მოუყევი? ან ცეცხლისთვის მაინც გაგეტანებინა, აგე, შეშა და მისი ჯანი, ახლავე ავაბრდღვიალებ კოცონს! _ არ ცხრებოდა დათო, თუმცა სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე, მაგრამ თავს ძალას ატანდა, იქნებ როგორმე შეემსუბუქებინა გულს მოწოლილი აქამდე შეუცნობელი ნაღველი.
_ ღმერთმა ქნას, ლენას ხსენებაზე ამიხდეს. მომკლა ამდენმა დარდმა, აღარ ვიცი, რა ვქნა.
_ რა გადარდებს, ჩემო სულელო! _ შუბლზე აკოცა მამაკაცმა ქალს, _ ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია. აი, 8-ში ბიჭის დაბადების დღეს გადავიხდით, ოქტომბერში კი ერთ კარგ ქორწილსაც ვჭააამთ, გული მიგრძნობს!
_ მეც ეგ მადარდებს სწორედ, დათი! ცოტა უნდა ქორწილს? კი არაფერს ამბობს გიორგი, მაგრამ ბრმა ხომ არა ვარ, ყველაფერს ვხედავ და ვგრძნობ. იმ გოგოსაც ძლიერ უყვარს, როგორც მივხვდი. დროა უკვე, დაქორწინდნენ, რაც მეტად გააჯანჯლებენ, მით უარესია. არადა, ფული სჭირდება მაგ საქმეს.
_ შენ მაგის ჯავრი ნუ გექნება, ჩემო ქალო! ყველაფერი ხუთიანზე შესრულდება! მაშ მე რისთვის ვარ აქ! ჩიტის რძეს არ მოვაკლებ სუფრას. დამაცადე ჯერ, დავაბინაო ჭირნახული და მერე მე ვიცი! წამო ახლა, ერთი-ორი ლუკმა წავიხემსო, თორემ გამძვრა სული შიმშილისგან! გააქვს ჩემთვის რამე?
_ როგორ არ მაქვს, იმდენი ხორცი დარჩა, რომ.. ვინღაა მაგის მჭამელი, დარიკოანთ გადავუტან მერე, ცოდონი არიან მაგის ობლები, მადლია.
_ მადლია და შენც მადლი ჰქენი. ასეთები არ გეშლება, _ დავითმა ამჯერად თმაზე აკოცა ნინოს და მარნიდან გამოვიდა…
8 8 8
ნაწილში მისული გიორგი თემურ ბურდულმა დაიბარა, მისმა უშუალო უფროსმა. ბურდული მარტო იყო კაბინეტში, ამიტომ ოფიციალურობის გარეშე მიესალმნენ ერთმანეთს.
_ როგორ მოიარე? _ თემურმა ღიმილით შეათვალიერა მეგობარი.
_ მშვენივრად, მაგრამ სამწვადე კი ვერ ჩამოგიტანე, აი, ვეღარ მოვასწარი!
_ ეგ არაფერი. ახლა მაინც არ გვცხელა მწვადისთვის. ცუდი ამბებია.
_ რა ხდება? _ გიორგი სკამზე ჩამოჯდა და მაგიდაზე შემოდებულ პატარა გლობუსს საჩვენებელი თითი წაჰკრა. დახატული ცისფერი დედამიწა მსწრაფლ დაბზრიალდა.
_ გორში უნდა გადავისროლოთ ჩვენი ბიჭები… ცხინვალის მისადგომებთან გავმაგრდებით და მითითებებს იქ დაველოდებით. შენც მოგიწევს.
_ რაო, “აჩმახებენ” ოსები?
_ არა მხოლოდ ოსები… უფრო რუსები. ძალიან ჩაიხლართა სიტუაცია.
_ სულ ეგრე არ არის? რა გიკვირს?
_ არ მიკვირს, ჩემო გიო, მაგრამ ვატყობ, ასე ადვილად არ მოგვარდება ეს ამბავი. სერიოზული კონფლიქტის წინაშე ვდაგავართ. ვგონებ, ომი არ აგვცდება. ასე უცებ რომ მოგვიწოდებენ, თან ასე გასაიდუმლოებულად მობილიზაციისკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ…
_ ნიშნავს და ნიშნავდეს, _ მოულოდნელად გააწყვეტინა მამაკაცმა, _ ომს თუ გვიცხადებენ, ვიომოთ ჩვენც, ვისზე ნაკლები ვართ! ხახვი არ დაგვაჭრან ყურებზე! _ გაცხარდა გიორგი.
_ შენც სხვებივით როგორ ყელში გებჯინება გული! ასეთ საქმეს აჩქარება არ უყვარს, ბიჭო, ეგრე ადვილი რომ იყოს, უკვე ჩვენი იქნებოდა ცხინვალიც და სოხუმიც, გაიგე?
_ გასაგებია, მაგრამ როდემდე უნდა ვუკმიოთ გუნდრუკი? გასაკეთებელი დროზე უნდა გაკეთდეს. სანამ მაგათი ჯარი აქ ჩამოვა, ჩვენ უკვე აღებული გვექნება მთელი რეგიონი. ერთი დაძახება უნდა ამ ბიჭებს და მორჩა! ორი დღეც საკმარისია!
_ ჩინი გაკლია, თორემ უკვე გენერალი ხარ, მარეხაშვილო! _ სიცილი ვერ შეიკავა ბურდულმა, _ მაგას ჯობია, სამზადისს შეუდგე, ბოლო წუთებში არ გაგახსენდეს, მრჩება რაღაც-რაღაცებიო.
_ როდის მივდივართ?
_ ამაღამ.
_ ამაღამ? რას ამბობ!
_ რა იყო, რო?
_ აუჰ! 8-ში…
_ რა 8-ში? რამე ხდება?
_ არა, არაფერი, რაღაც გამახსენდა, _ ხელი ჩაიქნია გიომ, ახლა აზრი არ ჰქონდა იმაზე ლაპარაკს, რომ 8 აგვისტოს დაბადების დღეს ვეღარ გადაიხდიდა და ნანასაც ვერ დანიშნავდა.
ყოველთვის ასე ემართება. საკმარისია, წინასწარ რამე დაგეგმოს, რომ მაშინვე ჩაუფლავდება ხოლმე. ხან რა გამოხტება, ხან რა. როგორც ჩანს, მართლა ვერ არის კარგად საქმე, ასე სასწრაფოდ, მოუმზადებლად თუ გადაწყვიტეს სამხედრო ნაწილების გორში გადასროლა. ნანას ნახვა მაინც მოესწრო და დამშვიდობებოდა ნორმალურად. უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. მისდა გასაოცრად, თვალწინ ერთმანეთის მიყოლებით წარმოუდგა დედის, მამის, ძმის, შეყვარებულის ცრემლიანი სახეები…
_ შენი ნაწილი სოფელ ტბეთთან დაბანაკდება. ასე გადაწყვიტა შტაბმა. დანარჩენი მერე ვნახოთ.
_ ასე სერიოზულადაა საქმე?
_ ჰო, კაპიტანო, ასე სერიოზულადაა.
გიორგი გახევებული გამოვიდა ბურდულის კაბინეტიდან. სახე გაფითრებოდა. არა, ეს არ იყო მოსალოდნელი ომით გამოწვეული შიში, არც სიკვდილის შიში იყო ეს… სხვა რამ იყო, სრულიად სხვა რამ, რასაც ახალგაზრდა კაპიტანი ჯერ სახელს ვერ არქმევდა…
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 845 | დაამატა: mirkani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0