8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 3 - 13 აპრილში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:29 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » 8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 3
10:09 AM
8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 3
8 8 8
ამ ფიქრებში იყო დავითი, რომ კარი ჭრიალით გაიღო და აივანზე ნამძინარევი ნინო გამოჩნდა.
_ რას აკეთებ, ადამიანო, ამ შუაღამისას? არ უნდა დაიძინო? დილით ადრე ხარ ასადგომი, იმ ბიჭს გაცილება არ უნდა? ვერ მოასწრებ ცხვრის დაკვლა-გატყავებას! _ გაუწყრა ცოლი.
_ მოვასწრებ, დედაკაცო, რა შიში ჩაგდომია თვალებში. ეგეთები მომისწრია? წადი, შენ, დაიძინე… ისე ცხელა, შიგნით ვერ ვჩერდები. ცოტა ხანს დავრჩები და მეც ამოვალ, _ გიორგიმ ბოლო ნაფაზი დაარტყა, ერთი კი ჩაილაპარაკა, ეს რა თუთუნია, დაილოცოს ჩვენებური “პირველიო” და შვილის ჩამოტანილი ნამდვილი ამერიკული “ვინსტონის” ნამწვი წკიპურტით ბაღჩაში მოისროლა.
ნინო ბუზღუნით შებრუნდა სახლში, დავითი კი ფიქრებით კვლავ მოგონებებს დაუბრუნდა.
8 8 8
განა რა დიდი დრო უნდოდა თბილისიდან საგარეჯოში ჩასვლას, ბიჭები ნახევარ საათში უკვე იქ იყვნენ და პირდაპირ სამშობიარო სახლს მიაყენეს მანქანა. დიმიტრის დედაქალაქში ნაყიდი საგულდაგულოდ შეფუთული ვარდების უზარმაზარი თაიგული ეჭირა ხელში და “ვოლგიდან” გადმოსული, უხერხულად ხან მაღლა ასწევდა ბუკეტს, ხანაც დაბლა დაუშვებდა. ცნობისმოყვარეები ინტერესით შეჰყურებდნენ მოსულთ _ ვინ ფანჯრებიდან იცქირებოდა, ვინ _ იქვე, ეზოში ელოდებოდა თავისი შვილის, დისშვილ-ძმისშვილის თუ შვილიშვილის დაბადებას… მამაკაცებს შავი “ვოლგის” პატრონი აინტერესებდათ, ქალებს _ ვისთვის იყო განკუთვნილი ვარდების ულამაზესი თაიგული.
დავითი ბებიაქალს გამოელაპარაკა.
_ უი, თქვენ ხართ ბავშვის მამა? გილოცავთ, ჩემო კარგო, ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოთ. ისეთი ბიჭია, ისეთი, ისეთი, რომ… თვალს დაუყენებს გოგოებს! _ ენად გაიკრიფა შუახნის წითელპომადიანი ქალი, თან თვალს არ აშორებდა მამაკაცის მარჯვენა ხელის მოძრაობას, როდის “გაემართებოდა” ჯიბისკენ და “საყვარელ” ორმოცდაათმანეთიანს დააძრობდა.
როცა დიდი ხნის “ნანატრი” ცერემონია დასრულდა, ბებიაქალი ტკიცინა კუპიურით და ალისფერი ვარდებით ხელდამშვენებული შენობაში მიიმალა, რათა დავითის ცოლისთვის ეხარებინა მეუღლის მოსვლა.
რამდენიმე წუთში მეორე სართულის ფანჯრიდან ნინომ გადმოიხედა.
_ როგორ ხართ? _ დავითს სიამაყის ღიმილი გადაეფინა სახეზე.
_ კარგად, კარგად! ახლა უკვე კარგად!.. სტუმარი გვყავს? _ ნინოს სახე გაბადროდა.
_ ჰო… მოსკოვიდან. ამასაც დღეს შეეძინა ბიჭი! ერთად უნდა აღვნიშნოთ! ვის ჰგავს? _ ვერ მოითმინა და მისთვის “საჭირბოროტო” თემას შეეხო ბოლოს.
_ ვის უნდა ჰგავდეს, ზედგამოჭრილი შენი ასლია. არ იცი შენი გვარის ამბავი? _ ნაზად გაიცინა ქალმა, _ გინდა გაჩვენო? _ ეშმაკურად შეჰღიმა ქმარს.
_ მინდა, აბა არ მინდა? _ ალმურმა აჰკრა დავითს სახეზე, თუმცა ეს არავის შეუმჩნევია.
ნინო ფანჯარაში გაუჩინარდა… დრო თითქოს გაიწელა… არა, გაჩერდა… რაღა ახლა მოუნდა გაჩერება! დავითი ღიმილით შესცქეროდა დიმიტრის, თან ეუბნებოდა, ახლა გამოიყვანს ჩემს ბიჭს და განახვებო.
ჩვილი ისეთი წითელი იყო, ახალბედა მამა დაიჯღანა, თითქოს პირველად ენახოს ახალშობილი. მაინც არ შეიმჩნია, არც იხტიბარი გაიტეხა და დიმიტრის შემართული ცერა თითით ანიშნა, მაგარი ბიჭია, მე მგავსო. მერე კვლავ ნინოს ახედა.
_ ხომ იცი, რაც უნდა დავარქვათ! _ მისი ტონი მოთხოვნას უფრო ჰგავდა.
_ ვიცი და უკვე ასე ვეძახი _ გიორგი.
_ გიორგი _ ეს მამაჩემის სახელია, _ ამაყად განუმარტა დავითმა სტუმარს.
_ მართლა? და ვინ არქმევს პირველ შვილს სახელს საქართველოში?
_ მამა, რა თქმა უნდა.
_ უცნაურია… ჩვენთან კი დედა. ახლა მე უნდა დავარღვიო რუსული ტრადიცია, რადგან მე უკვე შევურჩიე ჩემს პირმშოს სახელი და მას ვლადიმირი უნდა დავარქვა. თუმცა, ლენა წინააღმდეგი არ იქნება. ვერც იქნება, რადგან მამაჩემის სახელია და რომც უნდოდეს, უარს ვერ მეტყვის.
_ მე გავიქეცი, ჭამა უწევს ბავშვს, _ გადმოსძახა ნინომ ქმარს ზემოდან.
პასუხის ნიშნად დავითმა მხოლოდ ხელი დაუქნია ცოლ-შვილს და ბედნიერებით სახეგაბრწყინებულმა ხელი დიმიტრის გადახვია, _ ახლა ფოსტაში წავიდეთ და მოსკოვში დავრეკოთ, ლენასთან, შენი ბიჭის ამბავიც გავიგოთ.
_ უხერხული ხომ არ იქნება… შენები გველოდებიან… _ ქეიფის საღერღელი აშლოდა მოსკოველ სტუმარს.
_ არა უშავს, დაგველოდებიან. ყოველდღე კი არ იბადებიან არწივები! _ სიამაყით წარმოთქვა თვითმფრინავების ქართველმა დიდოსტატმა და მანქანაში ჩაჯდა.
ორ წუთში ფოსტაში იყვნენ. არასდროს დაავიწყდება დავითს, რაც იმ დღეს იწვალეს. ძლივს დარეკეს მოსკოვში. იმ სამშობიაროში, სადაც ლენა იწვა, დიმიტრის მეგობრის და მუშაობდა მედდად. დიდი წვალების შემდეგ, ძლივს დაუკავშირდნენ. ათი წუთი ელოდებოდნენ, სანამ ახალნამშობიარები ქალი ტელეფონთან მოვიდოდა.
_ ლენაჩკა, როგორ ხარ, საყვარელო? _ რუსულად ძალიან თბილად ჟღერდა მამაკაცის სიტყვები, _ იცი? აქაც დაიბადა ბიჭი, ერთი ჩვენი აქაური მეგობრის, ახლა სწორედ მასთან ვართ, უნდა აღვნიშნოთ. არის ასეთი ადგილი საქართველოში, კახეთი ჰქვია, საგარეჯოს რაიონში ცხოვრობს. უნდა აღვნიშნოთ ჩვენი შვილების დაბადება… _ დიმიტრი ლამის ყვიროდა, ალბათ ცუდად ესმოდა მეუღლის ხმა, _ მინდა ვლადიმირი დავარქვათ, მამაჩემის სახელი. ხომ არ იქნები წინააღმდეგი? თურმე საქართველოში ასეთი წესი ყოფილა. პირველ შვილს სახელს მამა არქმევს. ამიტომ მეც გამიჩნდა სურვილი, ჩემს ბიჭს მე დავარქვა სახელი. დათომ თავისას გიორგი დაარქვა… _ დიმიტრის სახე დაეჯღანა, _ გაწყდა კავშირი… _ უხასიათოდ ჩაილაპარაკა.
_ რაო? _ დაინტერესდა დავითი.
_ არაფერი, როგორც გინდაო… ისეთი სუსტი ხმა ჰქონდა, წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარც შესწევდა, _ სიცილი ვერ შეიკავა მამაკაცმა.
_ ძალიანაც კარგი. მაშინ წავედით, ქეიფის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია! _ მხარზე ხელი დაჰკრა გიორგიმ სტუმარს, წინ გაატარა და თვითონ უკან მიჰყვა.
8 8 8
კარგ დროს ჩავიდნენ თოხლიაურში. თითქოს მთელი სოფელი ამ ერთ ეზოში შეკრებილიყო. ქორწილი ეგონებოდა გამვლელს… იყო ერთი გადაძახილი, ქალების აქეთ-იქით გადარბენა დახუნძლული თეფშებით, ჰაერში მწვადის ოხშივარი ტრიალებდა, მარნიდან მამაკაცების ხორხოცი მოისმოდა…
შუაღამემდე ისმოდა ომახიანი სადღეგრძელოების და სიმღერის ხმა დავითის მარნიდან. მერე თანდათან იკლო ხმაურმა. ზოგი დათვრა და იქვე, მაგიდასთან ჩაეძინა, ზოგი ჯერ კიდევ ებრძოდა სიფხიზლეს და მორიგ სადღეგრძელოს ყინჩად წარმოთქვამდა ნახევრად აყირავებული სავსე ფიალით.
ყველაზე კარგი სანახავი თავმოხდილი ქვევრი და ორი ლიტრნახევრიანი ყანწი იყო, რომლითაც ამ საღამოს არაერთხელ დაილია ახალდაბადებული ქართველი და რუსი ბიჭის სადღეგრძელო. ეს ყანწები ახლა უკვე თამადის გვერდით, აქედან და იქიდან დაედო მერიქიფეს, რადგან მისი კიდევ ერთხელ დაცლის თავი უკვე აღარავის ჰქონდა.
არც დავითი და დიმიტრი გამოიყურებოდნენ მაინცდამაინც ფხიზლად. ფხიზლად კი არა, ალბათ ყველაზე მეტად იყვნენ შემთვრალნი, არა მარტო სასმლით, სიხარულითაც. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ფეხზე იდგნენ და ერთმანეთს ჩახვეულები, ვინ იცის, მერამდენედ უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს.
_ დღეიდან ჩვენ ძმები ვართ, ჩემო დიმიტრი, _ გამართული რუსულით ელაპარაკებოდა დავითი ახალშეძენილ მეგობარს, თუმცა ქართული აქცენტი მაინც ვერ მალავდა თავს, _ ჰოდა, ოჯახებით უნდა დავახლოვდეთ. შენი ლენა ჩემს ნინოს უნდა გავაცნოთ და პირიქით _ ჩემი ნინო შენს ლენას. მათაც დებივით უნდა შეუყვარდეთ ერთმანეთი, ხომ გესმის? _ საჩვენებელ თითს იშველიებდა დავითი საუბრისას, თან კარგა გემრიელად ქანაობდა რუს ძმას ჩახუტებული, _ ჩვენმა შვილებმაც უნდა გაიცნონ და შეიყვარონ ერთმანეთი… თან ისე უნდა შეიყვარონ, რომ სიკვდილამდე ძმებად დარჩნენ, გასაგებია? _ ბოლო სიტყვას დავითი ხან ქართულად ამბობდა, ხანაც გადაარუსულებდა და “პანიმაეშ-გასაგებიათი” იწყებდა და ამთავრებდა ყოველ წინადადებას.
_ გა-სა-გებია, ბრატ, პანიმაიუ, _ თავს უქნევდა კარგა “სერიოზულად” შემთვრალი დიმიტრი მასპინძელს და ცდილობდა, შეეკავებინა სლოკინი, ასე ძალიან რომ ჩვეოდა დათრობისას.
_ აი, ამ ყანწებიდან კი, ჩემო ძვირფასო (მოი დარაგოი), ერთს შენ გჩუქნი. ხომ ნახე, აქ რაც ხდებოდა! მთელმა ჩემმა სანათესაომ და მეზობლებმა ერთით შენი ბიჭის სადღეგრძელო დალიეს, მეორით ჩემი ვაჟის. და განა ერთხელ! ათასჯერ! ჰოდა, ალალი იყოს! ამ ერთ ყანწს შენ გჩუქნი, მხოლოდ ერთი პირობით, იცოდე! ყოველ წელს, 8 აგვისტოს, სწორედ ამ ყანწით უნდა დაილიოს გიორგის და ვლადიმირის სადღეგრძელო. შენ იქ, მოსკოვში, ჩვენ აქ, თოხლიაურში… ხვალ დილით კი, იცი, რას ვიზამ? ვლადიმირის ვაჟკაცურ სახელს ამოვტვიფრავ ამ ჯიხვის რქაზე, რომ იცოდეს ბავშვმა, საიდან მოდის ეს ყანწი, ვისგანაა და რა დანიშნულება გააჩნია! იმავეს მე აქ გავაკეთებ, თოხლიაურში, საქართველოს ერთ პატარა, მაგრამ ლამაზ და სტუმართმოყვარე სოფელში. ჩემს ოჯახში ვლადიმირ დიმიტრის ძის სადღეგრძელო ყოველ წელს, ყოველ 8 აგვისტოს ამ ყანწით დაილევა, იცოდე! პანიმაეშ, და?
დიმიტრის ყველაფერი მშვენივრად ესმოდა.
დავითმა მეზობლის ბიჭი მოიხმო თავისთან, რომელსაც დოქებით ღვინო შემოჰქონდა სუფრაზე.
_ თემო, ბიჭო! მოკიდე ხელი ამ ყანწებს! კარგად მოკიდე! ახლა ადექი და თარიმანს წაუღე. ასე გადაეცი ჩემგან, აგერ, ამ ადგილას ვლადიმირი წააწეროს და კიდევ _ 1984 წლის 8 აგვისტო. მეორეს კი გიორგი! გაიგე, რაც გითხარი? ერთი მოსკოვში უნდა გავატანო ჩემს ძმას, ეგრე კი არ არის! პატივსაცემი კაცია!
_ მესმის, დათო ძია, ახლავე წავუღებ!
_ ჰოდა, ხვალ დილით აქ უნდა მქონდეს, ამ უცხო კაცთან სირცხვილი არ მაჭამოთ!
_ ეგრე იქნება, დათო ძია, აბა რა! ეგ კაცი მთელი სოფლის სტუმარია, მარტო შენი ოჯახის კი არა! _ თავი მოიწონა მეზობლის ბიჭმა.
თემო გავიდა თუ არა მარნიდან, დავითი დიმიტრის გადაეხვია, კიდევ ერთხელ შეუვსო ფიალა და ვახტანგურად დალიეს ახალშობილების სადღეგრძელო. ჯერ კიდევ შედარებით ფხიზელმა რამდენიმე თანამესუფრემ “მრავალჟამიერი” წამოიწყო…
ეჰ… რა კარგი დრო იყო… რამდენი რამ ახსენდება დავითს წარსული ცხოვრებიდან…
გიორგი… მისი პირველი სიხარული… პირველი სიამაყე… კოჭებში ეტყობოდა, რა ეშმაკის ფეხიც იზრდებოდა. ვინმე რომ გააბრაზებდა, ისე დასჭივლებდა თავისი ზარივით ხმით, მთელ სოფელს ფეხზე დააყენებდა. ძალიან ჯიუტი ბავშვი იყო, სულ იმას ფიქრობდა, თავისი როგორ გაეტანა. ეს ბალღი ან აგვაშენებს, ან დაგვაქცევსო, იტყოდა ხოლმე დავითის მამა, ჭარმაგი გიორგი-უფროსი.
დავითს დიმიტრისთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს, მოიკითხავდნენ, ხოლო ორი წლის თავზე, ზაფხულში, დიმიტრი მთელი ოჯახით ეწვია ქართველ მეგობარს თოხლიაურში.
დილაადრიან დავითი აეროპორტში ბოლთას სცემდა, სტუმრებს ელოდებოდა საბჭოთა კავშირის დედაქალაქიდან, საპატიო სტუმრებს _ დიმიტრი ოჯახთან ერთად მოფრინავდა მოსკოვიდან. წუხელ ელაპარაკა, ერთკვირიანი შვებულება ავიღე და გადავწყვიტე, შენთან ერთად გავატარო საგარეჯოშიო. მისთვის ეს დიდი პატივი იყო. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, დიმიტრი ახლა უკვე დიდ კაცი გამხდარიყო _ მოსკოვის ერთ-ერთ სამინისტროში სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. დავითი ორმაგად გრძნობდა სტუმარ-მასპინძლობის პასუხისმგებლობას. საავიაციო ქარხნის ხელმძღვანელობაც დიდად დაეხმარა. აეროპორტში საპატიო სტუმრებს კვლავ ქარხნის მოადგილის შავი “ვოლგა” ელოდებოდა.
გულისამაჩუყებელი გამოდგა შეხვედრა. მამაკაცებს თვალებში ცრემლიც კი გაუბრწყინდათ. პატარა ვლადიმირი ისეთი თეთრი იყო, ცისფერთვალება და ოქროსფერთმიანი, თვალს ვერ მოაშორებდა ადამიანი. გარეგნობით დედას დამსგავსებოდა, ლამაზ ლენას, სლავური სილამაზით უხვად შემკულ ქერა ქალბატონს.
მარეხაშვილების ოჯახში კვლავ აჩხაკუნდა ჯამ-ჭურჭელი. მთელი სოფელი ფეხზე დადგა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ასეთი საპატიო სტუმრები ჩამოვიდნენ მათ სოფელში დავითის ოჯახის მოსანახულებლად.
სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი ახლოს ლენამ და ნინომ. ქალებმა მალევე გამონახეს საერთო ენა. მართალია, ნინო გამართული რუსულით ვერ მეტყველებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალები მაინც მშვენივრად აგებინებდნენ ერთმანეთს თავიანთ სათქმელს. ლენა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, რაღაცით მიხმარებოდა ნინოს, მაგრამ ეს უკანასკნელი სასტიკ უარზე იყო. როგორც კი სტუმარი რამეს ხელს წაატანდა, მაშინვე ხელებში ეცემოდა და მეზობლებს გასძახებდა, სირცხვილი არ მაჭამოთ, ამ გოგოს ხელი არ გაანძრევინოთ, თავი არ მოგვეჭრას მოსკოვის მასშტაბითო.
და ისმოდა ქალების “საყოველთაო” ტკარცალი მარეხაშვილების ეზოდან…
ქეიფი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
გიო და ვლადიკი თავდაპირველად შორიდან ზვერავდნენ ერთმანეთს. ლენამ ძლივს დაითანხმა შვილი, გიორგისთვის საჩუქრად ჩამოტანილი სათამაშო თვითმფრინავი დაეთმო. პატარას, როგორც ჩანს, არ ეთმობოდა საჩუქარი, ტუჩებგაბუსხული დედის კალთას აკვროდა და შუბლშეკრული მისჩერებოდა თანატოლს, გაკვირვებული რომ ათვალიერებდა უცნაურ საჩუქარს.
ცოტა ხანში ბავშვები გაუშინაურდნენ ერთმანეთს. მართალია, ერთმანეთს სიტყვებით ვერ აგებინებდნენ, მაგრამ ეს სულაც არ გამოდგა ხელის შემშლელი ფაქტორი თამაშისას. ის კი არა, იმ პატარა თვითმფრინავის გამო რაღაც მომენტში ისეთი ჭყივილი ატეხა ორივემ, დიმიტრი და დავითი სიცილით მოკვდნენ.
_ ხედავ, რა ხდება, დიმა? ჩვენს შვილებს ორივეს ერთნაირად მიუწევს გული ავიაციისკენ. ვერ გაიყვეს თვითმფრინავი. როგორც ჩანს, ორივე მფრინავი გამოვა. კარგი ნიშანია, მე მგონი, რას იტყვი შენ?
_ არ ვიქნები წინააღმდეგი, ჩემო დათო, არწივების ადგილი რომ ცაშია, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, _ ღიმილით დაეთანხმა დიმიტრი მეგობარს.
ბავშვები ცოტა ხანში კვლავ შერიგდნენ და ისე შეღამდა, არც ერთს არ წამოუტირია უკმაყოფილების ნიშნად. ისხდნენ შუა ოთახში და თავზე დაყრილ სათამაშოებს ჭყლოპინით უცვლიდნენ ერთმანეთს. მიტოვებული თვითმფრინავი კი ობლად გამოიყურებოდა ოთახის კუთხეში.
გვიან ღამით, როგორც იქნა, სუფრა ბოლომდე აიშალა. დავითმა მეზობლები და ნათესავები ჭიშკრამდე მიაცილა, მერე კი მარანში შებრუნდა და საყვარელ სტუმრებს უფრო გულიანად ჩაეხუტა. მამაკაცმა ერთი ხელი ლენას გადახვია, მეორე თავის ცოლს და საჩვენებელი თითი იქვე, ერთმანეთის ახლოს ჩაიძინებული ბავშვებისკენ გაიშვირა.
_ შეხედეთ, ქალბატონებო, ამ ანგელოზებს შეხედეთ! ხომ გვანან ძმებს? და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ძმები არიან, ღვიძლი ძმები! გავა დრო და უფრო და უფრო დაძმობილდებიან. ხან ჩვენ ჩამოვალთ მოსკოვში, ხან თქვენ ჩვენთან და ასე… მერე კი, როცა დაკაცდებიან, უჩვენოდ ივლიან ერთმანეთთან. ქალებშიც ერთად გაივლიან და საცოლეებსაც ერთად შეარჩევენ. არ გჯერათ? დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, თუ ასე არ მოხდეს! ჰა, დიმიტრი, შენ რას იტყვი, ძმაო?
დიმიტრის ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. თავი ჩაეკიდა გვარიანად შემთვრალს და დასტურის ნიშნად ხელს იქნევდა მხოლოდ.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 539 | დაამატა: mirkani | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0