8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 2 - 13 აპრილში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
პარასკევი, 2016-12-09, 4:55 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » 8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 2
10:06 AM
8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 2
8 8 8
გვიანი ღამე იყო. ვერა და ვერ დაიძინა დავითმა. ერთხანს იწრიალა ლოგინში, ნინოც კი გააღვიძა ლამის. ცუდმა წინათგრძნობამ შეიპყრო თითქოს. რაღაც არ ასვენებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა იყო ეს “რაღაც”. იქნებ სიცხის ბრალია? ალბათ…
ვეღარ გაუძლო უძილობას. ადგა, ტანთ ჩაიცვა და ეზოში ჩავიდა. იქვე, სახელდახელოდ გაკეთებულ გრძელ, უზურგო მერხზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
როგორ გარბის დრო… თითქოს გუშინ იყო, ცოლი რომ შეირთო, ქარხანაში რომ მოეწყო სამუშაოდ… განსაკუთრებით გიორგის დაბადების დღე ახსენდება. გიო მისი პირველი შვილი იყო, პირველი სიხარული… თან როგორი დასამახსოვრებელი იყო ის დღე. ახლაც თვალწინ უდგას…
1984 წლის 8 აგვისტო იდგა. მე-5 საამწყობო საამქროში იმყოფებოდა. გონებაში ქარხნის შესასვლელთან დამაგრებული აბრა ამოუტივტივდა: “დიმიტროვის სახელობის თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა”.
იმ დღეს განსაკუთრებული სამზადისი შეინიშნებოდა ქარხნის მთელ ტერიტორიაზე. მაღალჩინოსან სტუმრებს ელოდებოდნენ მოსკოვიდან. ყველგან დაძაბულობა იგრძნობოდა. ასეთ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთ დროს მობილიზებული უნდა ყოფილიყავი. ასეთ დროს საქმის გარდა არაფერზე უნდა გეფიქრა. “დიდი კაცია, კომპარტიის წევრი, ჩვენი ნახელავი უნდა შეაფასოს, ხუმრობა საქმე კი არ არის. თანაც, მარტო კი არა, მთელი ამალით ჩამოდის,” _ წინა დღით მთელი ლექცია ჩაატარა ამ თემაზე ქარხნის დირექტორმა. ის ყველაზე მეტად ნერვიულობდა, რადგან მთელი პასუხისმგებლობა მასზე იყო, ყველას შეცდომაზე თუ წარმატებაზე, პირველ რიგში, ის აგებდა პასუხს. “არ უნდა შევრცხვეთ, ბიჭებო”, _ დაძაბული ხმით ლაპარაკობდა დირექტორი, _ “ამ კაცმა უნდა შეამოწმოს, როგორ მიდის თბილისში cy-25 მოიერიშეების წარმოების ზრდა. ხომ იცით, ავღანეთში როგორ გართულდა სიტუაცია. ომი მძვინვარებს. მოჯაჰედები გადასატან სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტებს იღებენ დასავლეთისგან. რაც ამ რაკეტების გამოყენება დაიწყეს, დაიძაბა ვითარება. ზუსტად არტყამენ მიზანში. საკმაოზე მეტი მოიერიშე cy-25 ჩამოაგდეს უკვე. ამიტომაც დაგვევალა უმოკლეს დროში გადავსულიყავით გაუმჯობესებული საბრძოლო თვითმფრინავების გამოშვებაზე. ვფიქრობ, უკმაყოფილო არ დარჩება ის კაცი. თქვენი იმედი მაქვს.”
ყველა გასუსული უსმენდა დირექტორს… ყველა გრძნობდა პასუხისმგებლობას… ყველა ნერვიულობდა… რადგან ქარხნის წარმატება ყველა მათგანზე ერთნაირად იყო დამოკიდებული…
მეხუთე სააამქროში განსაკუთრებულად “ცხელი ქარი” ქროდა. სწორედ აქ უნდა შემოსულიყვნენ პირველად მოსკოველი სტუმრები შემოწმებაზე.
და აი, უზარმაზარი რკინის ალყაფივით კარი ფართოდ გაიღო და რამდენიმე ათეული ადამიანი სამხედროებისთვის დამახასიათებელი მტკიცე ნაბიჯებით შემოვიდა ვეებერთელა შენობაში. სტუმრებს წინ თავად დირექტორი მოუძღოდა. ცდილობდა, დინჯად ელაპარაკა, ნერვიულობა არ შეტყობოდა. თავდაჯერებულად, რუსულად უხსნიდა ჩამოსულებს თვითმფრინავების წარმოების დეტალების შესახებ.
ის, ყველაზე მთავარი მაღალჩინოსანი სტუმარი, რომელიც ქარხანას კრემლიდან ეწვია, ერთ-ერთი თვითმფრინავის ფიუზელაჟთან გაჩერდა. თვითმფრინავს გარშემო ათამდე ოსტატი შემოხვეოდა. ყველა თავისთვის “ჩხირკედელაობდა”, ყველა მისთვის განკუთვნილ დეტალს ამაგრებდა, სახრახნისს უჭერდა.
საპატიო მოსკოველი სტუმარი საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არაერთ ქარხანაში იყო ნამყოფი და კარგად ერკვეოდა მანქანათმშენებლობაში.
მოულოდნელად მისი ყურადღება 24-25 წლის ახალგაზრდამ მიიპყრო, რომელიც თვითმფრინავის ფიუზელაჟში ხელსაწყოს ოსტატურად ამონტაჟებდა, იმდენად ოსტატურად, რომ დაკვირვებულ თვალს ეს არ გამოეპარებოდა.
_ რა გვარია? _ დაინტერესდება მაღალჩინოსანი.
_ დავით მარეხაშვილია. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა შარშან და ჩვენთან დაიწყო მუშაობა. მოსვლის დღიდანვე თავი გამოიჩინა, დაწინაურებას ვუპირებთ. _ ყველას დაასწრო პასუხის გაცემა ქარხნის დირექტორმა.
_ სწრაფი ხელი ჰქონია, ერთობ მოხერხებული, საოცრად მოხერხებული, _ გაეღიმა სტუმარს.
_ თანაც დღეს განსაკუთრებული დღეა მის ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ არ იცის, _ გაეცინა დირექტორს.
_ განსაკუთრებული? რითი? უკვე აწინაურებთ?
_ არა. დღეს, ერთ საათის წინ, ვაჟი შეეძინა და ჯერ არ გვითქვამს. ახლახან დარეკეს სამშობიაროდან და პირველი მახარობელი მე ვარ, _ თითქოს სიამაყით დაამატა დირექტორმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ოსტატებმა სამუშაოს თავი მიანებეს და, მიუხედავად საპატიო მოსკოველი სტუმრებისა, დავითს შემოერტყნენ, ატყდა ერთი ხვევნა-კოცნა, პირველი შვილის შეძენას ყურის აწევით ულოცავდნენ.
_ მთლად არ ჩამოახიოთ მაგ ბიჭს ყური, ჯერ კიდევ დიდხანს გვჭირდება ეს კაცი, _ სიცილი აუტყდა სტუმარს და უეცრად ხმამაღლა გააგრძელა.
_ სიურპრიზი მეც მაქვს, _ თქვა, გვერდზე შებრუნდა და თავის დელეგაციაში მდგარ დავითის ტოლა ახალგაზრდას კმაყოფილი ღიმილით ჩამოართვა ხელი, _ გილოცავ, დიმიტრი ივანოვ, წეღან, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდით, სახელისუფლო ტელეფონით დამიკავშირდნენ მოსკოვიდან და შემატყობინეს, რომ თქვენმა მეუღლემაც იმშობიარა და თქვენც ვაჟი შეგეძინათ!
როგორი ჩოჩქოლი ატყდა… მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრის ქარხანაში არავინ იცნობდა, თანამშრომლები ახლა მას შემოეხვივნენ გარს და სხვა სტუმრებთან ერთად, მათაც მიულოცეს ივანოვს ვაჟიანობა, მაგრამ არა ქართულად, მამაპაპურად, ყურის აწევით, მხოლოდ ღიმილით და ხელის ჩამორთმევით. ყურის აწევას საპატიო სტუმარს ვინ გაუბედავდა, მით უმეტეს, რუსეთში ასეთი რამ ჩვეულებად არასდროს ჰქონიათ.
გაბედული მხოლოდ დავითი გამოდგა. იგი დიმიტრისთან ყველაზე ბოლოს მივიდა, ჯერ ხელი ჩამოართვა, მერე ყური აუწია, შვილის დაბადება მიულოცა და გადაეხვია.
_ ჩვენთან ასეთი ტრადიციაა. როცა ბიჭი ჩნდება, მამა ყურის აწევას იმსახურებს, _ მაინც იმართლა თავი ახალგაცნობილი, თან ესოდენ საპატიო სტუმრის წინაშე.
_ მეც გილოცავთ, დავით, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ, _ ივანოვმაც არ დაახანა მილოცვა და მხარზე ხელი მოუთათუნა ხელმარჯვე ოსტატს.
საოცარი კადრი იყო, ამ დროს შორიდან რომ შეეხება ვინმეს… ნახევრად აწყობილი მრისხანე საბრძოლო თვითმფრინავის გვერდით ორი ჯგუფი მოჩანდა, რომელთა შუა ორ, დაახლოებით ერთი ასაკის ახალგაზრდას ადამიანთა ორი ჯგუფი ულოცავდა პირველი შვილის, თანაც ვაჟის დაბადებას.
_ აი, როგორი კარგი ამბავი გვაქვს საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, _ ღიმილით თქვა ყველაზე საპატიო სტუმარმა, _ რა ვქნათ, ახლა, რით მოგილოცოთ ეს ლამაზი ამბავი? _ გაშალა ხელები და ქარხნის დირექტორს მიუბრუნდა, იდეა შემომაშველეო.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ახალგაზრდა მამები დაიბნენ, არ იცოდნენ, რა უნდა ეპასუხათ.
ისევ და ისევ დირექტორმა იყოჩაღა. მან ითავა უხერხული სიჩუმის დარღვევა.
_ ვასილ ნიკოლაევიჩ, _ მიუბრუნდა იგი მაღალჩინოსანს, _ ვიცი, რომ ასეთი რამეები არ შეიძლება და სამხედრო წესით, აკრძალულიც კი არის, მაგრამ იქნებ დავუშვათ გამონაკლისი?
_ დავუშვათ? გამონაკლისი? აბა, ერთი გვითხარი, რას გულისხმობთ! _ სმენად იქცა სტუმარი.
_ ნება დავრთოთ ახალბედა და ახალგაზრდა მამებს, რომ ამ თვითმფრინავის ფიუზელაჟის შიგნით თავისი ახალშობილი შვილების სახელები წააწერონ, თუ რა თქმა უნდა, უკვე მოფიქრებული აქვთ, რა უნდა დაარქვან მათ. მოვა დრო, მათი შვილები დაფრთიანდებიან და ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ თვითმფრინავივით იფრინონ, სულ ზევით და ზევით… მით უმეტეს, რომ ეს მოიერიშეც დღეს, 8 აგვისტოს უნდა აფრინდეს პირველად. დღეს ამასაც დაბადების დღე აქვს, _ ღიმილით დაამთავრა სათქმელი ქარხნის დირექტორმა.
სოლიდური მამაკაცი ერთხანს ჩაფიქრდა… ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფდა. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ კი, ყველაზე საპატიო ყველაზე მაღალჩინოსანმა ხელი ეშმაკური ღიმილით ჩაიქნია და თითი ტუჩზე მიიდო, მერე კი ხმადაბლა წარმოთქვა.
_ ჩქარა, მიდით ორივენი, ოღონდ არავინ გაგვიგოს.
ატყდა ერთი რია-რია, გადაძახილ-გადმოძახილი, ოვაციები… სტუმრები და თანამშრომლები ერთნაირი სიხალისით ამხნევებდნენ დავითს და დიმიტრის.
არც მათ დააყოვნეს, ნახევარი ტანით ჩაძვრნენ თვითმფრინავის ფიუზელაჟის შიგნით და თეთრი საღებავით წააწერეს. დავით მარეხაშვილმა ქართულად _ გიორგი, ხოლო დიმიტრი ივანოვმა რუსულად _ ვლადიმირ.
ლამაზი რიტუალი გამოვიდა, სანახაობრივი… დავითი თითქოს მეორედ დაიბადა იმ დღეს. ვაჟი ხომ შეეძინა და შეეძინა, მაგრამ მისმა აწყობილმა თვითმფრინავმაც ბრწყინვალედ გაიარა გამოცდა და ოსტატმაც დამსახურებული შექება დაიმსახურა.
დელეგაციამ იმ დღეს ყველა სხვა საამქრო მოიარა და დაათვალიერა. დავითმა ვერ მოისვენა. ასე არ უნდოდა ის დღე დამთავრებულიყო. უნდა აღენიშნა ვაჟიანობა. ქართული სტუმარ-მასპინძლობითაც სურდა თავის გამოჩენა. დიდხანს არ უფიქრია, სწრაფადვე მიიღო გადაწყვეტილება და როგორც კი დრო იხელთა, ქარხნის დირექტორს გვერდით ამოუდგა, რათა თავისი სურვილი გაენდო.
_ აგაშენა ღმერთმა, _ გაიბადრა დირექტორი, _ არა მგონია, ამაზე უარი გვითხრან ჩვენმა შორეულმა და, ამავე დროს, ახლობელმა მეგობრებმა. თუმცა, შენ თავად რომ შესთავაზო, ვფიქრობ, უპრიანი არ იქნება.
_ რა ხდება? _ დაინტერესდნენ სტუმრები.
_ აი, დავითს შესანიშნავი წინადადება აქვს თქვენთან, ვასილ ნიკოლაევიჩ, _ ყურებამდე გაიღიმა დირექტორმა, _ მოდი, დათო, უთხარი, ომახიანად ცოტა, კახურად, შენ რომ იცი, ისე.
დავთიმა ჩაახველა და დაიწყო.
_ თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ და კადნიერებაში, ერთი თხოვნა მექნება თქვენთან… ქართული წესია ასეთი, შვილი უნდა დამილოცოთ. აქედან სტუმრებს ისე ვერ გაგიშვებთ. მთელი გულით გეპატიჟებით ყველას ჩემთან, საგარეჯოში, მამაპაპურ პურმარილზე. სამი წლის ქვევრი მაქვს შენახული, მოუხსნელი და თქვენს პატივსაცემად უნდა მოვხადო თავი. მოდით, ერთი კარგად მოვულხინოთ, რაც იქნება, იქნება!
სტუმრებს თავპატიჟის გამოდება ნამდვილად არ სჭირდებოდათ. ყველამ კარგად იცოდა ქართული სტუმარმასპინძლობის ამბავი. მათ უმრავლესობას “რქაწითელიც” დაგემოვნებული ჰქონდა და ლეგენდარული ქართული “ჩაჩაც”, მაგრამ ყველაფერი დელეგაციის “მამამთავარზე” იყო დამოკიდებული. ვასილ ნიკოლაევიჩმა შეუმჩნევლად ჩაიღიმა. წამით მანაც წარმოიდგინა თავი ქართველების “ლეგენდარულ” სუფრასთან, თუმცა მისთვის მოვალეობა უპირველესია, ამიტომაც თითქოს დანანებით თქვა.
_ თქვენებურ ქეიფზე ვინ იტყვის უარს, მაგრამ საქმე ის არის, რომ… _ ვასილ ნიკოლაევიჩმა პერანგის სახელო გადაიწია და მაჯის საათს დააცქერდა, _ ერთ საათში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში უნდა ვიყო. ედუარდ შევარდნაძესთან მაქვს შეხვედრა. პროტოკოლი პროტოკოლია! ჩემ მაგივრად, აგერ, დიმიტრი წაიყვანეთ, თუ ექეიფება, ამწუთას სწორედ მას ექეიფება. “ახალბედა” მამები უკეთ გაუგებენ ერთმანეთს! ჩვენ კი ჩვენს საქმეს მივხედოთ!
გადაწყდა… ქარხნის დირექტორმა დავითი ერთი დღით გაათავისუფლა სამსახურიდან და დიმიტრისთან ერთად საგარეჯოში წასასვლელად თავისი მოადგილის შავი “ვოლგაც” გამოუყო…
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 598 | დაამატა: mirkani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0