8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 1 - 13 აპრილში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:25 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » 8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 1
10:04 AM
8 აგვისტოს დაბადებულნი. ნაწილი 1
ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან მიყვარხარ, _ გიორგიმ ზედ ყვრიმალთან უჩურჩულა ნანას და ფაქიზად აკოცა.
ნანა იღიმოდა. არათუ სახე, თითქოს მისი სხეულიც კი ღიმილად ქცეულიყო _ თეთრი, ქათქათა მკლავები, მაღალი ყელი, სავსე მკერდი და გრძელი, ჩამოსხმული ფეხებიც თავის კანჭებიანად.
_ მეც მიყვარხარ, _ ოდნავ გასაგონი ხმით წარმოთქვა გოგონამ და მამაკაცს ყელზე შემოეჭდო.
_ აი, ჩამთავრდება ეს აგვისტო, დადგება სექტემბერი და ჩვენებს საქმის კურსში ჩავაყენებ. მეტის მოთმენა არ შემიძლია, მალე უნდა ვიქორწინოთ.
_ როგორც შენ გინდა, მე შენ გელოდები, _ დაიმორცხვა ნანამ და როცა შეყვარებულმა მის თვალებში ჩახედვა მოინდომა, არ დაანება, უფრო ძლიერად მოუჭირა მკლავები, რათა გიოს მისი ალანძული სახე არ დაენახა.
აი, უკვე წელიწადია, ერთმანეთს ხვდებიან და ეს სიმორცხვე ვერა და ვერ დაძლია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ შორის… ყველაფერი მოხდა… ზუსტად ორი თვის წინ. თითქოს შემთხვევით, თითქოს უნებურად. მართლა არ დაუგეგმავთ წინასწარ… უბრალოდ, ცდუნებას ვერ გაუძლეს. ადრეც ხშირად დარჩენილან მარტო ერთად, მაგრამ ყოველთვის იკავებდნენ თავს, ხან ერთი, ხან მეორე… იმ დღეს კი… იმ დღეს ვეღარ შეძლებს. იქნებ იმიტომ, რომ გიორგი ნასვამი იყო? ან იქნებ იმიტომ, რომ ნანას თბილისში მოუწია ჩამოსვლამ და მათი შეხვედრა გიორგის ბინაში პირველად მოხდა? ან სულაც იმიტომ, რომ გოგონას განსაკუთრებულად ესიამოვნა მისი ალერსი? ნასვამი თითქოს სხვანაირად ეფერებოდა, სხვანაირად კოცნიდა, სხვანაირად ახვევდა თავბრუს…
მას შემდეგ უფრო დაახლოვდნენ. ახლა წამითაც ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ. შეხვედრა სიგიჟემდე უხაროდათ, განშორება ტკივილამდე უჭირდათ. არადა, გიორგის არ შეეძლო მისი ყოველდღე ნახვა. ნახვა კი არა, მესიჯის გაგზავნასაც ვერ ახერხებდა ხანდახან სამსახურის გამო. ასეთი წესია სამხედრო ნაწილში. როცა მუშაობ, სხვა რამით არ უნდა გაერთო, თუნდაც სიყვარული იყოს ეს სხვა რამე. თანაც, ხუმრობა ხომ არ არის, კაპიტანია, სატანკო ჯარებში მსახურობს… სამაგიეროდ, როცა ერთად იყვნენ, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდათ ამქვეყნად.
და აი, გიო მიხვდა, რომ ნანას გარეშე არ შეუძლია. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ურჩევნია, მისი საყვარელი ადამიანი შინ, სახლში ელოდებოდეს, ვიდრე ასე, გარეთ, ქუჩაში, მალულად, მორიდებით. ჰოდა, შემოდგომას არ გადააცილებს, დანიშნავს ქორწილის დღეს და ყველაფერს სასიამოვნო წერტილი დაესმება. თანაც, დედას მოსწონს ნანა, მამასაც, ირაკლისაც, მის უმცროს ძმას, მასსავით სამხედრო მოსამსახურეს, უკვე ლეიტენანტს, თანაც საჰაერო ძალების… ამის გაფიქრებაზე გაეღიმა.
_ წამო, მიგაცილებ სახლამდე, _ ქედზე მოხვია ხელი საყვარელ ქალს და ნელა, ტაატით გაუდგნენ სოფლის შარაგზას, _ 8 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეზე, პატარა განაცხადს გავაკეთებ… ისედაც იციან ყველაფერი, მაგრამ მაინც… _ თქვა გიორგიმ.
ნანას კვლავ შეეფაკლა ღაწვები. მისი ყოველი სიტყვის მოსმენისას სასიამოვნოდ შეუთრთოლდებოდა ხოლმე გული, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბიჭმა ოჯახის შექმნაზე ჩამოაგდო ლაპარაკი. სათქმელი მასაც ენის წვერზე მოადგა. უთხრას? არა, არ ეტყვის. მისი დაბადების დღისთვის შემოინახავს. სიურპრიზს გაუკეთებს საქმროს, ჯერ ადრეა. ახლა რომ უთხრას, იქნებ სხვანაირად გაიგოს გიომ, იქნებ იფიქროს, რომ სპეციალურად ეუბნება, რომ მეტად დააჩქაროს მოვლენები…
ცხელოდა თოხლიაურში. ლამაზი სოფელი იყო, მაგრამ აუტანლად ცხელი ზაფხული იცოდა აქ. ირგვლივ მხოლოდ სიცხისგან გადახრუკული მინდვრები და გორაკები მოჩანდა. არადა, გაზაფხულზე ისე ჩაეფლობოდა ხოლმე სიმწვანეში არემარე, აქაურობის ნახვას არაფერი ჯობდა.
საღამო ხანი იყო, მაგრამ ნიავი არ იძროდა, სუნთქვაც კი ჭირდა, თუმცა ეს ნაკლებად ანაღვლებდა წყვილს, ისე იყვნენ ერთმანეთით სავსენი, არც სიცხე ანაღვლებდათ და არც ის, რომ ნიავი ოდნავადაც არ ქროდა.
გიორგიმ მოსახვევამდე მიაცილა გოგონა, უჩუმრად გაიხედ-გამოიხედა, ვინმე ხომ არ გვიყურებსო და მოწყურებულად აკოცა, მერე დაემშვიდობა და უკან გაბრუნდა, თავისი სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა, თან სასიამოვნო ღიმილი არ შორდებოდა ტუჩებიდან.
ჭიშკართან მამა შენიშნა, უკვე სიჭარმაგეში შესული დავითი. ისიც მთელი ცხოვრება სამხედრო საქმეს ემსახურა. საავიაციო ქარხანაში გალია თავისი ახალგაზრდობა. რიგითი თანამშრომლიდან საამქროს უფროსის თანამდებობამდე მიაღწია. ახლა სადღაა ის ხმაურია ცხოვრება, 15-20 წლის წინ რომ ჩქეფდა ქარხანაში. ახლა უმეტეს დროს სოფელში ატარებს, ვენახს უვლის, კარმიდამოსაც. თავისი პატარა მეურნეობა აქვს ცხვრებით და ძროხებით. და კიდევ… თავისი შვილების წარმატებებით ტკბება. უცნაურია, რომ ორივემ სამხედრო საქმე აირჩია, არც ერთმა არ ისურვა ცხოვრების “იოლი” გზა.
_ ვა, მამი! _ გიო სამხედრო სალმით გაეჯგიმა დავითს, რომელიც პარმაღზე იდგა და სიგარეტს ჩაფიქრებული სახით ეწეოდა.
_ სად იყავი, შე ყურუმსაღო, ჰა? _ ღიმილით მიეფერა მამა შვილს.
_ ერთ კარგ საქმეზე, _ მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ცალი წარბი გიომ.
_ ვიცი მე შენი ერთი კარგი საქმე, შე ეშმაკო, შენა.
_ ირაკლი არ ჩამოსულა?
_ არა, დარეკა, ამ შაბათ-კვირას ვერ ვახერხებ, ნაწილიდან არ მიშვებენო.
_ მაგათთან სულ ეგრე ხდება, რა.
_ თქვენთან არ ხდება? ყველგან ეგრეა. შენ, ჩემო ბატონო, კაპიტანი ხარ და მეტ თავისუფლებას განიჭებენ, ეგ კი ჯერ ჭყინტია, შენოდენ უფლებას ვინ მისცემს.
_ მშია… _ თქვა გიომ და სასიამოვნოდ მოთენთილმა გაიზმორა.
_ აბა, რას აკეთებ ამხელა კაცი, არა გრცხვენია? _ დატუქსა დავითმა, _ შემო სახლში, მწვადი უნდა გაჭამო.
_ ვა! რა მაგარია! ცხვარი გაწირე, მამი?
_ გავწირე, ჰო, შენ თუ არ გაჭამე, რა ოხრად მინდა, _ მამამ სიყვარულით დაჰკრა შვილს მხარზე ხელი და მარნისკენ გაეშურა.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 623 | დაამატა: mirkani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0