Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » ,,ღმერთის მკვლელი,, (ავტორი : ნათია ჯაფარიძე)
,,ღმერთის მკვლელი,,
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:17 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
პატარა, კოხტა, ლამაზად შეღებილი სახლი, მხოლოდ ზამთარში ჩანდა. წელიწადის სხვა დროს მთლიანად იყო დაფარული ყვავილებით. სახლი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ააშენა. დაამშვენა და თითით საჩვენებელი გახადა. ისინი აჭარაში მუჰაჯირობის დროს თურქეთიდან გადმოხვეწილი ბერძნები იყვნენ.
ქალის კივილს ჩვილი ბავშვის ტირილის ხმა მოჰყვა.
_ არისტო გილოცავ! გოგო შეგეძინა _ მიახარა ოთახიდან გამოსულმა ბებიაქალმა არისტო ჩილინგარიდს. არისტომ სუფრა გაშალა, ღვინით ადღეგრძელეს ახალშობილი. დილამდე ზეიმობდნენ რიცას ბედნიერ პირველდედობას.
წელიწადნახევრის შემდეგ ისევ გაისმა რიცას კივილი.
_ ,,შემდეგი ბიჭი იქნება,,_ მხარზე ხელი დაჰკრა მეზობელმა.
ისევ გავიდა წელიწადი
_ გოგოა...
_გოგოა...
_გოგოა...
... და ასე შვიდჯერ გამოვიდა ბებიაქალი, თანდათან უდაბლებდა ხმას. თანდათან ეღუშებოდა სახე არისტოს. ჩაკერპდა და ჩაქვავდა, დადუმდა. თავაუღებელი შრომობდა.
კიდევ გავიდა წელიწადნახევარი... ისევ გაისმა სოფელში რიცას ხმა. ისევ გაისმა ჩვილის ტირილი
ბებიაქალი უხმოდ გამოვიდა ოთახიდან.
თოფს დაავლო ხელი, აივანზე გავარდა არისტო და გავარდა თოფი.
_ ,,ღმერთო შენ გვიშველე,,._ სოფელში ამბავი მიდი-მოდიოდა _ ,,გაიგეთ არისტომ ღმერთს თოფი ესროლა,,
_ ალლჰ, ალლაჰ, უთქვამს ,,მოგკალი ღმერთო დღეს მე და აღარ არსებობ ჩემთვისო,,
_ ,,ღმერთო აპატიე,,_ არისტოს მოხუცი დედა, მელი, სანთელს აწებებდა საწყობად გადაკეთებული ეკლესიის კედელს და იცრემლებოდა.
_,,თოფი ესროლა და ღმერთი მოკლა არისტომ,, _იცინოდნენ კომკავშირის კრებაზე სოფლის უღმერთოები...
წელიწადნახევრის შემდეგ მეორეჯერ გავარდა არისტოს აივანზე თოფი.
_ბიჭია, ბიჭი!!!! _ წამში მოედო სოფელს ახალი ამბავი. მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ულოცავდნენ და ქეიფობდნენ.
თექვსმეტი წელი გავიდა.
_დედა, რა ბიჭია არისტოს ფილოკლი...
_უჭკვიანესი...
_ულამაზესი...
_უვაჟკაცესი...
_რა ენა-პირიანი...
_რა მოცეკვავე_ ჭორაობდნენ გოგონები
_ შუაღამემდე ეხმარება მეზობლებს... არავის ეუბნება უარს ხელშეწყობაზე.
ომი დაიწყო. დაიწყო გაჭირვება და შიმშილი. არისტომ კარტოფილი დათესა. თოფით დარაჯობდა ყოველ ღამე შემოჩვეულ ქურდს.
_მოვკლავ თუ ვნახე!-იქადნებოდა. სინამდვილეში საზალპე, ფუჭი ვაზნა ედო იარაღში. შესაშინებლად.
ღამით ვიღაც გადმოვიდა ღობეზე,
_ დაგიჭირე ძაღლისშვილო, _არისტომ თოფი ისროლა.
ვიღაც წაიქცა.
ღობის ძირში თავგახვრეტილი, უსულო ფილოკლი ეგდო.


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » ,,ღმერთის მკვლელი,, (ავტორი : ნათია ჯაფარიძე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.